“მთელი პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ციხეში გამომწყვდევის კვალდაკვალ წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება სამოქალაქო საზოგადოებაზე,“ - ამის შესახებ პოეტი რატი ამაღლობელი წერს და მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარს მოგვითხრობს.
მისი თქმით, არსებული პოლიტიკური მმართველობის პირობებში საქართველოს სხვა ქვეყნებისგან სრული იზოლაცია ელოდება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოპოვებული ღირებულებების დაკარგვა იმათი ბრალიც იქნება, ვინც ახლა დუმს.
“აიკრძალება და დაიხურება არასამთავრობო ორგანიზაციები, ციხე დაემუქრებათ ორგანიზაციების მესვეურებს, საშემოდგომოდ (თუ მანამდე არა) ეცდებიან საბოლოოდ მოგუდონ კრიტიკული მედია. რეჟიმი “დესერტად” მოიტოვებს ბიზნესს და როგორც იმ ცნობილ სენტენციაშია - კაციშვილი აღარ იქნება ირგვლივ ხმის ამომღები, რადგან ამ დროისთვის ყველაფერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შეიქმნა და აშენდა პირწმინდად გაჩანაგდება,
ამას დაემატება ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პრობლემაც და მთელი ქვეყანა ერთ დღეს გააცნობიერებს რომ თურმე ეს ერთ დღეს არ მომხდარა, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენი სიჩუმე იყო ყველაზე საზარელი და ხმაურიანი, რომ თქვენი თანხმობით საქართველომ დაკარგა მომავალი და იზოლირდა სამყაროსგან და ერთ დიდ საპყრობილედ გადაიქცა და რომ ამაში მთავარი ბრალი თქვენ მიგიძღვით დადუმებულო მედროვეებო,“ - წერს რატი ამაღლობელი.