Ambebi.ge-სა და „პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის „სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია გამომცემლობა „პალიტრა L“-ის 2018 წლის კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული და სამი ბესტსელერის ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი.
გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო „სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
- 2018 წელს რომ არ გაგემარჯვათ კონკურსში, წიგნებს მაინც გამოსცემდით?
- დიდი იმედი მაქვს, რომ წიგნებს მაინც გამოვცემდი, მაგრამ რომ არა ეს კონკურსი, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ვფიქრობ, წიგნების გამოცემის პროცესი უფრო დროში გაიწელებოდა, თუმცა შეიძლება ხელიც ჩამექნია. ისე, მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ზუსტად მაშინ ხდება, როცა უნდა მოხდეს და ეს კონკურსიც მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მჭირდებოდა და ასეთი ზღაპრული ცხოვრება მაჩუქა.
- როგორ და რატომ გადაწყდა „გადამწვარი ხიდების“ გამოცემა? რითაა განსაკუთრებული და რატომ უნდა შეიძინოს მკითხველმა?
- ეს ის წიგნია, რომელმაც წერასთან დამაბრუნა. რაღაც დონეზე მეგონა, რომ წერა აღარ შემეძლო. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა „გადამწვარი ხიდები“ და გადაწყდა წიგნის დაწერა. ვინაიდან ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ჩვენი ეროვნული ნაკრები, რატომ არ უნდა მქონოდა ამ თემასთან დაკავშირებით წიგნი და რატომ არ უნდა გადმომეცა ის გრძნობები და ემოციები, რასაც ფეხბურთის ყურების დროს განვიცდი.
ამიტომ გადავწყვიტე, მომეთხრო ასეთი ისტორია და მკითხველისთვის მეჩვენებინა, რომ ზოგჯერ რაღაც რომ სრულდება, არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ დასრულდა. ხანდახან გვიწევს ახლიდან, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ და შეიძლება ესეც წარმატებული აღმოჩნდეს.
- ელოდით, რომ ბესტსელერის ავტორი გახდებოდით?
- როდესაც ადამიანი კონკურსში მონაწილეობს, გულის სიღრმეში ალბათ სჯერა, რომ გაიმარჯვებს. თვითონ კონკურსის სახელწოდება - „გახდი ბესტსელერის ავტორი“ იმდენად ამბიციური იყო, აუცილებლად უნდა შესრულებულიყო შესაბამისი პირობა. კონკურსში მონაწილეობისას იმედი მქონდა, რომ ჩემი მკითხველი დამეხმარებოდა. ჩემი ნაწერები მივიდოდა მკითხველის გულამდე და იმ დონემდე, რომ გამხდარიყო მათი ფავორიტი - გამემარჯვა. თუმცა კონკურსში გამარჯვება ავტომატურად ბესტსელერის ავტორობას არ ნიშნავდა. ჩემმა პირველმა წიგნმა „ცდუნებამ“ რაღაცნაირად მოახერხა, მთელი ჯადოსნობა დაატრიალა და ფაქტობრივად 2 კვირაში პირველი ტირაჟი სრულად გაიყიდა. მართლაც რომ გაამართლა კონკურსის სახელწოდებამ და გავხდი ბესტსელერის ავტორი. მას შემდეგ უკვე მესამე წიგნია, ამდენი წლის შემდეგ ისევ ბესტსელერის თაროებზეა. ეს მართლა ზღაპრული და დაუჯერებელი ამბავია.
- როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონს მკითხველს თქვენი წიგნები?
- ჩემი აზრით, ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით მწერლობაში, წარმატების მთავარი გასაღები გულწრფელობაა. ყოველთვის ვცდილობ, მკითხველთან ვიყო გულწრფელი, მკითხველი არ მოვატყუო და მაქსიმალურად რეალურად და გულიდან წამოსულად მოვყვე ამბები, რომელსაც ვუყვები. ვფიქრობ, რომ ამას მკითხველი გრძნობს, როდის არის მასთან ავტორი ნამდვილი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გასაღები ესეც არის და ისიც, რომ ამბები, რომელსაც ვყვები, მაქსიმალურად რეალურია. ისინი შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს, ნებისმიერ დროს თავს გადახდეს.
- ემოციურად რას ნიშნავს ის, რომ ხართ ბესტსელერის ავტორი?
- იმდენად დაუჯერებელი და ზღაპრულია, თუნდაც „ბიბლუსში“ რომ შევდივარ და წიგნის თაროებზე ბესტსელერის განყოფილებაში მხვდება წიგნები, რომელსაც ჩემი სახელი და გვარი აწერია, იმდენად დაუჯერებელია და იმდენად ჯადოსნური ამბავია, ვერ წარმოიდგენთ. თუნდაც ქუჩაში რომ მაჩერებენ სიტყვებით, - თქვენ ნათია ხართ, ხომ? მიჭირს ამ ყველაფრის დაჯერება და გააზრება, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა. მართლა ზღაპარში ვცხოვრობ. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, დადებითად ვიმუხტები.
ჩემი მკითხველია მთავარი ძალა, რომელიც ყოველთვის მანდომებს და მოტივაციას მიზრდის, რომ უფრო და უფრო მეტი გავაკეთო.
- ვინაიდან ხართ წიგნის „შეცდომა“ ავტორი - საკუთარ შეცდომად რას მიიჩნევთ. იქნებ გაიხსენოთ ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ცხოვრებაში დაუშვით?
- ძალიან საინტერესო შეკითხვაა და დამაფიქრებელი. საბედნიეროდ, ცხოვრებაში საბედისწერო შეცდომა, როგორიც „შეცდომაშია,“ არ დამიშვია. ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ საკუთარი თავის არ გვჯერა, ან საკუთარი თავის არასათანადოდ გვჯერა. მეც ყოველთვის მიჭირს ხოლმე დავუჯერო იმ ნათიას, იმ პატარა გოგოს, რომელმაც წერა დაიწყო. მიხარია, რომ ერთ დღესაც, როდესაც კონკურსში ნაწარმები გავაგზავნე, მოვახერხე, რომ დამეჯერებინა საკუთარი ოცნებებისთვის მებრძოლა.
- როდის ველოდოთ მეოთხე წიგნს და რა ჟანრის იქნება?
- მეოთხე წიგნიც რომანი იქნება, ოღონდ, შედარებით უფრო გაზრდილი მეტი პრობლემებით, მეტი ცხოვრებისეული სირთულეებით. როდის იქნება, ჯერ არ ვიცი, რადგან მასზე ახლა ვმუშაობ. იმედი მაქვს, რომ ჩემი მეოთხე წიგნის პრეზენტაციაზე შევხვდებით ერთმანეთს... წიგნის სათაური არ ვიცი და ალბათ ეს პირველი შემთხვევაა, როცა წიგნის ნახევარი დაწერილი მაქვს და ჯერ არ მომიფიქრებია, რა ერქმევა.
- რა რჩევას მისცემდით დამწყებ მწერლებს?
- იყავით მაქსიმალურად გულწრფელები, დაიჯერეთ საკუთარი თავის. ბევრი წერეთ და რაც მთავარია, ბევრი იკითხეთ. არასოდეს სცადოთ მკითხველის მოტყუება და მარტივად გაძრომა და არ იფიქროთ, რომ ამას მკითხველი მაინც ვერ მიხვდება. ის ყოველთვის ყველაფერს ხვდება. რაც მთავარია, დაიჯერეთ საკუთარი თავის, ოცნებების. თუ საკმარისად იოცნებებთ, შემდეგ სამყარო დაგეხმარებათ ამ ოცნების შესრულებაში.