ავტორი:

"დარტყმამ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა!" - ტრამპის თქმით, ისრაელი-ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ირანი ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით უტევს

"დარტყმამ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა!" - ტრამპის თქმით, ისრაელი-ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ირანი ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით უტევს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად დაუკავშირდნენ მას ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობასთან დაკავშირებით.

  • "ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „მშვიდობა!“. ვიცოდი, რომ დრო ახლა იყო. მსოფლიო და ახლო აღმოსავლეთი ნამდვილი გამარჯვებულები არიან! ორივე ერი მომავალში უზარმაზარ სიყვარულს, მშვიდობას და კეთილდღეობას იხილავს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ ისრაელი და ირანი "სიმართლისა და ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვევენ", ორივე მათგანი ბევრ რამეს დაკარგავს.

"მათ იმდენი რამ აქვთ მოსაპოვებელი და ამავდროულად, იმდენი რამ აქვთ დასაკარგი, თუ ისინი სიმართლისა და ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვევენ. ისრაელისა და ირანის მომავალი შეუზღუდავია და დიდი დაპირებებით სავსე. ღმერთმა დალოცოს ორივე!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა B-2-ების პილოტების ნიჭისა და გამბედაობის გარეშე.

„დღევანდელ „შეთანხმებას“ ვერ მივაღწევდით ჩვენი შესანიშნავი B-2-ების პილოტების ნიჭისა და გამბედაობის და ამ ოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ადამიანის გარეშე. გარკვეული და ძალიან ირონიული გზით, გვიან საღამოს ამ იდეალურმა „დარტყმამ“ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა!!!“- წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში.

რა ხდება ისრაელში?

ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის გამოც ქვეყნის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იმ ადგილებში, სადაც სირენების ხმა ისმის, მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენის მითითება მიეცა. თავდასხმის დროს ერთი რაკეტა ბეერ-შებაში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე კი - დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების ექვსი ტალღა გაუშვა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.

  • რაც ცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი?

აბას არაღჩი მადლობას უხდის ირანის შეიარაღებულ ძალებს და აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ბოლო წუთამდე გაგრძელდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციები ისრაელის დასასჯელად მისი აგრესიისთვის ბოლო წუთამდე, დილის 4 საათამდე გაგრძელდა“, - განაცხადა არაღჩიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

CNN-ის ცნობით, აბას არაღჩის ეს განცხადება მიანიშნებს, რომ საომარი მოქმედებები, შესაძლოა, დასრულდა.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა, თუმცა, ირანი შეაჩერებდა სამხედრო რეაგირებას, თუ ისრაელი ადგილობრივი დროით დილის 4:00 საათამდე ირანზე თავდასხმებს შეწყვეტდა.

"ამ დროისთვის არ არსებობს „შეთანხმება“ ცეცხლის შეწყვეტის ან სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ. თუ ისრაელი შეწყვეტს ირანის წინააღმდეგ უკანონო აგრესიას არაუგვიანეს თეირანის დროით დილის 4 საათისა, ჩვენ არ გვაქვს განზრახვა, ამის შემდეგ ჩვენი რეაგირება გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.