ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. როგორც მედია წერს, ისრაელში არაერთხელ გაისმა საჰაერო თავდასხმის სირენები.
ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერ-შებაში 4 ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსი, დაიწვა ავტომობილები და ინფრასტრუქტურა.
ისრაელის თავდაცვის სისტემა მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მთელი ღამის განმავლობაში მოუწოდებდა.
რაკეტების დარტყმების ტალღა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადებას მოჰყვა.
The Times of Israel-ის ცნობით, არიან დაშავებულებიც.
ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე გამთენიისას არსებული ვითარების შესახებ წერს და ფოტო/ვიდეო მასალას აქვეყნებს.
“ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დღეს, 7:00 საათზე ამოქმედდება. მანამდე ირანი ისრაელს კვლავ ბომბავს. სამ ტალღად მოხდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა. დაფიქსირდა პირდაპირი ვარდნა.
ქალაქ ბერ- შევაში რაკეტა დაეცა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. არიან დაშავებულები და დაღუპულები.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ 3 ადამიანი დაიღუპა, 5 ადამიანის მდგომარეობა არის კრიტიკული...“ - წერს ხეცოიძე.
“ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციები ისრაელის დასასჯელად მისი აგრესიისთვის ბოლო წუთამდე, დილის 4 საათამდე გაგრძელდა“, - განაცხადა არაღჩიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
CNN-ის ცნობით, აბას არაღჩის ეს განცხადება მიანიშნებს, რომ საომარი მოქმედებები, შესაძლოა, დასრულდა.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა, თუმცა, ირანი შეაჩერებდა სამხედრო რეაგირებას, თუ ისრაელი ადგილობრივი დროით დილის 4:00 საათამდე ირანზე თავდასხმებს შეწყვეტდა.
“ცეცხლის შეწყვეტა უკვე ძალაშია. გთხოვთ, არ დაარღვიოთ იგი! დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი!“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.
„ვულოცავ ყველას! ისრაელი და ირანი სრულად შეთანხმდნენ, რომ იქნება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა (აქედან დაახლოებით ექვს საათში, როდესაც ისრაელი და ირანი შეწყვეტენ და დაასრულებენ საბოლოო მისიებს). 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. ოფიციალურად ირანი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგი 12 საათის განმავლობაში ისრაელი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 24-ე საათზე მსოფლიო 12-დღიანი ომის დასასრულს მიესალმება. იმ ვარაუდით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს, რაც ასეც მოხდება, მინდა, მივულოცო ორივე ქვეყანას, ისრაელსა და ირანს, გამძლეობის, გამბედაობისა და ინტელექტის გამო, რათა დაესრულებინათ ის, რასაც „12-დღიანი ომი“ უნდა ვუწოდოთ. ეს არის ომი, რომელიც შეიძლებოდა, წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და არც არასდროს მოხდება! ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
იხილეთ ასევე: