თბილისის პროკურატურის სისტემაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფი შეიქმნება, რომელიც დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ტერიტორიული განფენილობის მიხედვით დანაშაულის რაოდენობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, თბილისის პროკურატურის სისტემაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით. ისინი საპროცესო ხელმძღვანელობას გაუწევენ მხოლოდ ამ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ზრდას და დააჩქარებს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, ასევე გამოწვევაა კიბერდანაშაული, რაც ხშირად ორგანიზებული დანაშაულის სტატუსითაც კი ოპერირებს.
"კიბერდანაშაულის გამოძიების და საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, სერვისის მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია, სამართლებრივი დახმარების მექანიზმების გამოყენება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია, ამ დანაშაულებზე ზედამხედველი პროკურორების განგრძობადი გადამზადება, სამოსამართლო და საპროკურორო საქმიანობისას მიღებული გადაწყვეტილებების დროული ანალიზი და სახელმძღვანელო მითითებების მომზადება ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად. ამ კატეგორიის დანაშაულზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად უნდა იქნას წახალისებული ზიანის დროული ანაზღაურების ხელშეწყობის პოლიტიკა. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების მექანიზმის გამოყენებას“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად, ვემხრობი პროკურორთა განგრძობადი გადამზადების პრაქტიკას ნარკოტიკული დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების დადგენისა და კვალის მიდევნების მეთოდებზე, მათ შორის, ციფრულ ვალუტაში კონვერტირებული ქონების მოძიების შესაძლებლობებზე და მტკიცებულებათა მოპოვების ახალ მეთოდებზე,“ - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, მზარდი რაოდენობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მიმართ დაბალანსებული პოლიტიკის გატარება, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობი სასჯელის შერჩევა და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება.
"მისასალმებელია საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ცვლილებები ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირების და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებად მიმაჩნია,“ -აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ.
როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე მონიტორინგის განხორციელების პარალელურად, გაძლიერდეს ზედამხედველობის მექანიზმი.
"ვფიქრობ, ამ კუთხით გასატარებელია შიდა სტრუქტურული რეფორმა და ჩამოსაყალიბებელია სპეციალიზებული დანაყოფები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სათანადო კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე პროკურორებით, რომლებიც ექსკლუზიურად უხელმძღვანელებენ აღნიშნულ საქმეებს. ეს ასევე შესაძლებლობაა კიდევ უფრო გავზარდოთ მოწყვლადი კატეგორიის პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტიანობა. ამავდროულად, სპეციალიზებულ პროკურორებს უნდა შევუქმნათ განვითარებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის განგრძობადი განათლების სისტემა“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გვარაკიძის მოსმენა მიმდინარეობს.