ბრაზილიელი ტურისტი, რომელიც ინდონეზიაში, აქტიურ ვულკანთან ახლოს დაიკარგა, რამდენიმედღიანი წარუმატებელი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.
ოჯახის თქმით, რთული სამაშველო ოპერაციის შემდეგ, მაშველებმა ჯულიანა მარინსის ცხედარი ძებნის დაწყებიდან, სამი დღის შემდეგ ნახეს.
26 წლის ჯულიანა მარინსი ჯგუფთან ერთად ლაშქრობაში იმყოფებოდა, როდესაც ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30 საათზე გაუჩინარდა. ბრაზილიის ხელისუფლების განცხადებით, ის "ვულკანის კრატერთან მდებარე ბილიკიდან“ გადავარდა.
ჯულიანა რინჯანის მთაზე, დილის ჯგუფური ლაშქრობის დროს გაუჩინარდა. ვარდნის შემდეგ, ის გადარჩა და რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდა დახმარებას. მაშველების თქმით, მათ შაბათს გაიგეს მისი ყვირილი.
თუმცა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს რთული რელიეფი და ნისლიანი ამინდი უშლიდა ხელს.
“დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ის ვერ გადარჩა“, - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარინსი, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 6:30 საათზე ინდონეზიის სიმაღლით მეორე ვულკანზე 5 მეგობართან და გიდთან ერთად ადიოდა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ბრაზილიურ ტელევიზიას განუცხადა, რომ რელიეფი მოლიპულ იყო, ასვლა "ძალიან რთული“, ხილვადობა კი - ცუდი.
დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ გოგონა ცოცხალი იყო და სამაშველო ჯგუფს ელოდებოდა. ადგილზე მოძრაობდა, თუმცა, სავარაუდოდ, გადავარდნის შედეგად მიღებული ტრავმის გამო სიარული არ შეეძლო.