როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სპეციალური ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დატოვა. კობახიძემ გაწეული შრომისთვის ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა და მინისტრის თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილი წარადგინა. მას დღემდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მარიამ ქვრივიშვილი, რომელსაც 35 წლის ასაკში, უკვე შთამბეჭდავი კარიერა აქვს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ორჯერ იყო პარლამენტარი "ქართული ოცნების" სიით, ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრია.
მარიამ ქვრივიშვილი 1990 წლის 11 ივნისს, თბილისში დაიბადა.
დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მარკეტინგის სპეციალობით.
2010-2012 წლებში იყო შპს "აჭარა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის მოადგილე.
2012-2014 წლებში კი იკავებდა სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე.
2014-2019 წლებში იყო შპს "ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი; ა/კ flydubai-ს რეგიონული მენეჯერი საქართველოში.
2019-2020 წლებში ისევ სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში დაბრუნდა, ამჯერად ხელმძღვანელის პოზიციაზე.
2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 25 მაისამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“.
2021 წლის 24 მაისიდან იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტს
2024 წლის არჩევნებისთვის ქვრივიშვილი "ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეთორმეტე ნომრად წარადგინეს, თუმცა პარლამენტში მალევე შეუწყდა უფლებამოსილება და ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნდა.

კერძო სექტორში მისი სამუშაო გამოცდილებიდან განსაკუთრებული წარმატებით შეიძლება აღინიშნოს ავიაკომპანიების - Flynas-ისა დ Salam Air-ის საქართველოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებისა და წარმომადგენლობის გახსნის პროექტების ინიცირება და მართვა, ასევე ავიაკომპანიების - Jazeera Airways-ის და Gulf Air-ის წარმომადგენლობების საქართველოში გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება, პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებების გახსნა და ა.შ.
თავის დროზე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, რომ ის თავის დროზე, მთავრობაში, როგორც ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრი, ისე გამოჩნდა და მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, სწორედ გახარიას გუნდში ვიხილავდით, მაგრამ საბოლოოდ, ქვრივიშვილი "ოცნების" სამთავრობო გუნდს შეუერთდა.
მოკლედ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა უკვე ბევრი რამის მოსწრება შეძლო. მისი კარიერასავით შთამბეჭდავია, მარიამის ქონებრივი მდგომარეობაც.
ქვრივიშვილი დეკლარაციას 2019 წლიდან ავსებს. ბოლო შევსებული დოკუმენტი 30 აპრილით თარიღდება.
დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილი ფლობს:
ბინას თბილისში, პავლე ასლანიდის ქუჩაზე (147 კვ.მ) , რომელიც შეძენილია 98 000 დოლარად.
მიწის ნაკვეთს წავკისში (1047 კვ.მ) - შეძენილი 2022 წელს, 139 251 დოლარად.
მის მეუღლეს ეკუთვნის სამი ბინა თბილისში (ორი მათგანი ნიაღვრის ქუჩაზე, ერთი ბახტრიონის ქუჩაზე, საერთო ღირებულება 208,000 დოლარი), და არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც პრივატიზებულია და მის ღირებულებად 0 ლარია მითითებული.
ოთარ ბერიშვილს დამატებული აქვს:
კიდევ ერთი ბინა ბახტრიონის ქუჩაზე (109.75 მ², 68,000 USD). დეკლარაციის თაობაზე სრული ინფორმაცია წაიკითხეთ "ბიზნეპრესნიუსზე".
როგორც მარიამ ქვრივიშვილის დეკლარაციიდან ვიგებთ, მისი მეუღლე 1992 წელს, სოხუმში დაბადებული ოთარ (ოთო) ბერიშვილია. ის მარიამისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, კერძო სექტორში მოღვაწეობს.

როგორც მარიამის დეკლარაციიდან ირკვევა, ის არის რამდენიმე კომპანიის (შპს "აჭარა ჯგუფის თრეიდინგ კომპანია საქართველოს", შპს "რუსთავი ფროფერთი საქართველოს". "შპს "ნინოშვილის 64" - ის, შპს "რუბიკონი 1“-ის, შპს "ქოლექთივ ტრეიდინგი საქართველოს", შპს "ბათუმის“, სს "დასასვენებელი სახლი შუქურას“, შპს "ინდუსტრიული ქალაქის“ და სხვათა) დირექტორი და ასევე ზოგიერთი მათგანის მეწილე. ასევე ფლობს Tesla Inc-სა და Rivian Automative INC-ს აქციებს,


ოთო და მარიამი პირადი ცხოვრების აფიშირებას ნაკლებად ცდილობენ, შესაბამისად, მათ ოჯახურ იდილიაზე შეგვიძლია მხოლოდ იმ კომენტარებით ვიმსჯელოთ, რომლებსაც სოციალურ ქსელში ახლობლები უწერენ.
წყვილს სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, 12 მარტს მეუღლეს დაბადების დღე მარიამმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ მათი ერთობლივი ფოტოთი მიულოცა. ახლობლები კი კომენტარებში უწერენ, რომ "ეს უმაგრესი და ულამაზესი ცოლ-ქმარია“... მათ ასევე "ოქროს წყვილად" მოიხსენიებენ.