ავტორი:

"ახლა, როცა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში არიან, უფრო მეტად აქვს აზრი არჩევნებში მონაწილეობას" - რას ამბობს ექსპერტი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე?

"ახლა, როცა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში არიან, უფრო მეტად აქვს აზრი არჩევნებში მონაწილეობას" - რას ამბობს ექსპერტი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე?

დაჭერების ქრონიკა გრძელდება - დაპატიმრებული ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება... როგორც "ოცნება“ ამბობს, "მათ თავად გადაწყვიტეს ციხეში წასვლა“ და "ვინც კანონს არ აღიარებს, ყველა ციხეში მოხვდება“. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, მმართველი ძალა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ამ გზით ცდილობს, ოპონენტები კი ამას "ოცნების“ სისუსტედ აღიქვამენ, მათი თქმით, აშკარაა, რომ "ხელისუფლება ღიად ავტორიტარიზმის გზას დაადგა და ყველა, ვინც რეჟიმს არ ეთანხმება, ციხეში უნდა გამოკეტონ“.

24 ივნისს სასამართლომ "სტრატეგია-აღმაშენებელის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.მანამდე კი 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პარტია "ლელოს" ოფისში დააკავეს პოლიტიკოსები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. პარტია "ლელოს" წევრებს 8-თვიანი პატიმრობა და ორი წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლების შეზღუდვა მიესაჯათ.

პოლიტიკოსების დაკავების საფუძველია "ქართული ოცნების" მიერ 2025 წლის 5 თებერვალს შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა, რომელიც თავდაპირველად რომელიც წინა ხელისუფლების, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების შესასწავლად შეიქმნა..

მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურა ჯაფარიძეს, "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს. ამავე ბრალდებით დაკავებულნი არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და ნიკა გვარამია - სასამართლოს მათ საქმეებზე ჯერ განაჩენი არ გამოუცხადებია.

ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ყველა ოპოზიციონერი ლიდერი, რომელთაც ე.წ. კომისიაზე მიუსვლელობაში ედებათ ბრალი, გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. ზოგსაც ძველ "საქმეებს“ გაუცოცხლებენ, მაგალითისთვის გიორგი გახარია გამოდგება, რომელიც იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. წულუკიანის კომისია გახარიას ჩორჩანას საგუშაგოს აგებას ედავება, განმეორებით იბარებს გამოკითხვაზე, თუმცა პარტიის ლიდერი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

რას ემსახურება პოლიტიკური ლიდერების ეს პროცესები, რა არის "ოცნების“ ამოცანა, სადამდე მივა ის და რა შედეგებს მოიტანს მსგავსი მმართველობა,? - ამ კითხვებზე ambebi.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პასუხობს:

"ჩვეულებრივი ამბავია - როდესაც ქვეყანაში ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად იკიდებს ფეხს ავტორიტარიზმი, რეჟიმი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ოპონენტებს უკვე ვერ იტანს და ცდილობს ის გაიყვანოს საზოგადოებრივი სივრციდან. ეს არის ხელისუფლების ძირითადი მიზეზი და მიზანიც, რათა მან შეინარჩუნოს ძალაუფლება. პოლიტიკური ოპონენტები "ოცნებას“ უკვე აღარ სჭირდება გარეთ, ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯები და არის კიდევ უარესის მოლოდინი - როდესაც პოლიტიკური ლიდერების განეიტრალების პირველ ტალღას მორჩებიან, ალბათ ძალიან მალე დაიწყება მედიასაშუალებების დაბლოკვა, ასევე, დაიწყება საზოგადოების გარკვეული ნაწილის დევნა, რომლებიც პოლიტიკასთან არ არიან დაკავშირებული, მაგრამ აქტიურობენ და აპროტესტებენ. ისტორიულ პერიპეტიებში და ექსკურსებში შორს რომ არ წავიდეთ, ეს ის გზაა, რაც, გაიარეს რუსეთმა, ბელორუსმა, იგივე ხდება დღეს საქართველოში, იგივე ხდება აზერბაიჯანში... რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, ეს ჩვეულებრივი ავტორიტარული რეჟიმის მახასიათებელია. რა შედეგს მიიღებს, ეს სხვა თემაა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ პროცესის განსახორციელებლად მან კარგი დრო მოძებნა, კერძოდ: დღეს ოპოზიციურ სპექტრს თუ შევხედავთ მთლიანობაში, არის სამი კომპონენტი: ოპოზიციური ელექტორატი, პარტიული ოპოზიცია და საზოგადოებრივი ოპოზიცია. პრობლემა ისაა, რომ ეს ჯგუფები ერთმანეთს ვერ უკავშირდებიან, ისინი ერთმანეთს შეიძლება თანაუგრძნობენ, მაგრამ არ არის ერთიანობა. როცა პოლიტიკური ლიდერების დაკავებაზე ვამბობ, კარგი დრო მონახა-თქო, ოპოზიციურ ელექტორატსა და ამ პოლიტიკურ ლიდერებს შორის მართლაც სერიოზული კავშირი რომ არსებობდეს, ამას უნდა მოჰყოლოდა ძალიან მძაფრი საზოგადოებრივი რეაქცია. რეაქცია არ არის და ხელისუფლებამ ეს ყველაფერი იცის. სამწუხაროდ, პოლიტიკური ოპოზიცია ვერ ახერხებს იმას, რომ ეს ოპოზიციური ელექტორატი აიყოლიოს. ოპოზიციური ელექტორატი დღეს მზადაა იმისთვის, რომ მოწოდების შემთხვევაში არჩევნებზე მივიდეს, მაგრამ მზად არ არის იმისთვის, რომ ქუჩაში გამოვიდეს. ხელისუფლებამ თავისი პრიზმიდან დრო სწორად შეარჩია და ამიტომაც მგონია, ეს პროცესი გაგრძელდება, ოღონდ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ეს დაპატიმრებები მართალია, ჯერჯერობით ქუჩაში არ გადმოიღვარა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ უარყოფითი მუხტის დაგროვება არ ხდება, ძალიან სწრაფად ხდება დაგროვება და თუ ხელისუფლება ვერ მიხვდა, სად უნდა შეჩერდეს, მაშინ შეიძლება ეს პროტესტი ქუჩაში ძალიან ცუდად გადმოიღვაროს, ეს აუცილებლივ მოხდება. ხელისუფლება თუ იფიქრებს ამაზე და სადღაც შეჩერდება, პროტესტი შეიძლება აიცილოს თავიდან. მას მოუწევს კომპრომისებზე წასვლა, მაგრამ თუ ეს ვერ იგრძნო, ეს იქნება კატასტროფა ხელისუფლებისთვისაც და, სამწუხაროდ, ქვეყნისთვისაც.

ოპოზიციას არსებული სიტუაცია რომ სწორად გაეაზრებინა, ამ დღეში არ იქნებოდა, არც ლაპარაკი და დისკუსია იქნებოდა იმაზე, მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ელექტორატი მზად არ არის ქუჩაში გამოსასვლელად, მაგრამ მზად არის, რომ არჩევნებზე მივიდეს და შენ თუ პოლიტიკოსი ხარ, ეს უნდა გამოიყენო თუნდაც იმისთვის, რომ იგივე ელექტორატი შემდეგი პროტესტისთვის შეამზადო. როდესაც არჩევნებზე უარს ამბობ, თანაც იქ, სადაც შეიძლება რეალურად გაუწიო წინააღმდეგობა "ოცნებას“ (მაგ. თბილისსა და დიდ ქალაქებში), შენ ბრძოლაზე ამბობ უარს და ყოველგვარი ძალისხმევის და ძალდატანების გარეშე ყველაფერს უთმობ ხელისუფლებას, რომელიც მიიღებს იმას, რაც უნდა. ხელისუფლებას ეს უფრო აწყობს, ვიდრე ოპოზიციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობა, მათ იმავე ჩვენს პარტნიორებთან სალაპარაკოც ექნებათ, არ მიიღეს მონაწილეობა და ჩვენი რა ბრალიაო.

ახლა, როცა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში არიან, რა თქმა უნდა, უფრო მეტად აქვს აზრი არჩევნებში მონაწილეობას. თანაც, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი ციხეებში კი იქნებიან, მაგრამ ეს ის ციხე ხომ არაა, როგორიც ადრე იყო? - ყოველ დღე შეგიძლია მიმართვა გაავრცელო, საზოგადოებასთან კონტაქტს ინარჩუნებ, შეიძლება სადილი არ იყოს ისეთი, როგორიც სახლშია, მაგრამ ამას 7-8 თვეს რამენაირად გაუძლებ.

ავტორიტარიზმს ყოველთვის და ყველგან ცუდი დასასრული აქვს, მაგრამ საქართველოში რამდენად შეძლებს საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ავტორიტარიზმი, ეს ცოტა რთული სათქმელია. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული განსაკუთრებით იმაზე, როგორი იქნება საგარეო პოლიტიკა - ანუ რა მოხდება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში... ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს საქართველოში საზოგადოების გუნება-განწყობაზე. თუ აქეთ პროცესები ისე წავიდა, რომ ირანი იძულებული გახდა, უარი თქვას რაღაცებზე და მით უმეტეს, თუ რუსეთიც ასეთ ველში მოექცა, მაშინ საქართველოში ავტორიტარიზმი ერთ დღეში გაქრება, სულ სხვაგვარი ვითარება იქნება. არა მგონია, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი რესურსის ხარჯზე შესაძლებელი იყოს სრულფასოვანი ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება, ეს ძალზე რთული იქნება და ამას დიდი რესურსი სჭირდება. ზოგადად თუ შევხედავთ, საქართველოში ასეთი რეჟიმების ჩამოყალიბება მხოლოდ უცხო ქვეყნის ჯარებისა და ძალის დახმარებით ხდებოდა. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, ავტორიტარიზმი და დიქტატურა დავამყაროთ. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი ვითარება, ეს პირდაპირ გეოპოლიტიკურ ასპექტებზეა დამოკიდებული“.