23 მაისს რუსთაველის გამზირზე ფეიერვერკის სროლისთვის აქტივისტი საბა ბაღდავაძე დააკავეს. ბრალდების მიხედვით, საბამ სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც თავად აქტივისტი უარყოფს, მოსამართლემ კი პროცესზე ჩანაწერების გამოთხოვის შესახებ მისი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ უარი თქვა საბასთვის ფულადი სახდელის დაწესებაზე და მას 30- დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფმა საბა ბაღდავაძემ ციხიდან წერილი გამოაგზავნა, რომელშიც საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მოქალაქეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
"სალამი. მოკლედ მეგობრებო, მე-8 საკანი იბრძვის და არ ჩერდება. იცოდეთ, რომ თქვენ გარეშე არც კი ექნებოდა სიცოცხლეს აზრი. მადლობა, მადლობა და ისევ უდიდესი მადლობა. არ დანებდეთ, გამაგრდით, დაიცავით ერთმანეთი... ბრძოლა გრძელდება, გამარჯვებამდე! იცოდეთ, რომ აქ ყველა კარგად ვართ. ეგ კი არა, ქოცების ჯინაზე უფრო მედგრად ვგრძნობ თავს, მეტად ვიდრე არასდროს. (თან დასვენება გამომივიდა). მაპატიეთ, რომ ოთხ კედელში მყოფი განერვიულეთ, მაგრამ იცოდეს ყველამ ის, რომ ძალიან მალე ახალი ენერგიით გავსებული დაგიბრუნდებით ბრძოლის წინა ხაზებსა და ველებზე. ისიც იცოდეთ, რომ ვერცერთი თქვენგანი ვერ აარიდებს თავს ჩემგან ძლიერ ჩახუტებას. ცეცხლი და ნავთი ოლიგარქია! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! თავისუფლებისთვის ყველა ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად". - ეწერა წერილში.
23 ივნისს საბა ბაღდავაძემ იზოლატორი დატოვა. მას ადგილზე ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები დახვდნენ. მათ შორის იყო საბას ვერდიქტის გამომტანი მოსამართლის მანუჩარ ცაცუას და - ელენე ცაცუა. საბას მეგობრების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს მათი ემოციური ჩახუტება.
"საბას იზოლატორთან დახვდა მანუჩარ ცაცუას და, ანუ იმ “მოსამართლის”, რომელმაც საბა 30 დღით ჩასვა. ტირის ისე უხარია საბას გამოსვლა", - დაწერა გელა ხასაიამ, რომელმაც ამ შეხვედრის ფოტოც გამოაქვეყნა.
"იზოლატორიდან გამოსვლისას ელენეს პირველად შევხვდი. როგორ არ უნდა ჩაეხუტო მსგავს ადამიანებს, ვერ ვხვდები. მანამდე ძალიან თბილის წერილი და ამანათი შემომიგზავნა იზოლატორში ადვოკატის ხელით. ისევ და ისევ გამამხნევა, მეც გავამხნევე, მოვესიყვარულეთ ერთმანეთს... ძალიან, ძალიან გამახარა ამ გულწრფელმა ადამიანმა“, - ამბობს საბა და დაკავების დეტალებს იხსენებს:

- მაძლიერებს თქვენი ყურადღება და თანადგომა, რის გამოც, უპირველესად, მადლობას გიხდით... 23 მაისს ვიმყოფებოდი აქციაზე პარლამენტთან, რა დროსაც ჰაერში გავისროლე მაშხალა (პიროტექნიკა კიდევ სხვა რამეა), ეს არ იყო დამიზნებით და ვინმესთვის ზიანის მომტანი გასროლა. ადამიანებს მოვარიდე, ახლო დისტანციაზე რომ არ მესროლა და ვინმე დამეზიანებინა. ეს იყო ჩემი მხრიდან პროტესტის გამოხატულება. დამაკავეს მაშინ, როცა შინისკენ მივდიოდი და გადამიყვანეს განყოფილებაში, 2 დღის მერე დიღმის იზოლატორიდან სასამართლოში მიმიყვანეს, სადაც მედავებოდნენ ნიღბის ტარებას, პოლიციის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და პიროტექნიკის გასროლას. ნიღბის აკრძალვა და მსგავსი რეპრესიული კანონები ჩემთვის სასაცილოა და არა მგონია, ხალხი ამან შეაშინოს. რაც შეეხება პოლიციელის შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას, ეს ყველაფერი სიცრუეა, აყვანისას მათ დავემორჩილე და არანაირი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, თუმცა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ არ გაითვალისწინა არც ჩემი სუფთა წარსული (რომელი კრიმინალი მე ვარ), არც ის, რა მოხდა რეალურად და ბრალი მაინც წამიყენა. ცაცუამ იმის უფლებაც არ მომცა, რაღაც ვადით გადამედო პროცესი, რათა ჩანაწერები გამოგვეთხოვა და ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. მან უბრალოდ მოისმინა სამი მოწმის ჩვენება, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა და ამის მერე მომისაჯა 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ბოლოს გადამიყვანეს ზაჰესის იზოლატორში.
- იზოლატორში გატარებულ 30 დღეზე რას იტყვი, როგორ გამოიყენე ეს დრო?
- ზოგადად აქტიური ადამიანი ვარ, სულ მოძრაობაში ვარ. გამოკეტილი რომ ხარ, ცხადია, არ არის კომფორტული, მაგრამ შეგიძლია ეს დრო შენს სასარგებლოდ გამოიყენო იმისთვის, რომ გაიზარდო. ბევრს ვფიქრობდი, ვკითხულობდი, ვწერდი, ვვარჯიშობდი და ათას რაღაცას ვაკეთებდი. მოკლედ, პროდუქტიულად გამოვიყენე ეს დრო და რაღაც მხრივ გავიზარდე. თავისუფლების აღკვეთამ გარდატეხა მოახდინა ჩემში, გადაფასდა ღირებულებები... ამასობაში მქონდა კომუნიკაცია ადვოკატებთან, სახალხო დამცველთანაც და მადლობა თითოეულ მათგანს.

- მართლა დაგემუქრნენ, თუ კიდევ გახვალ აქციაზე, უარესი დაგემართებაო? გაჭრა მუქარამ?
- არა მგონია, მსგავსმა მუქარამ გაჭრას. ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის, ვდგავართ სწორ მხარეს და გვინდა ვიცხოვროთ ბევრად ნათელ, ბევრად განვითარებულ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია არა რუსეთი, არამედ - საქართველო. თანამებრძოლებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ნათელი მომავლისთვის. ბრძოლა სახელოვნად გამარჯვებამდე!
- საბა, დაკავებამდე რას საქმიანობდით?
- სტაბილურად არ ვმუშაობ, ძირითადად, ელექტრონულ მუსიკალურ ფესტივალებზე ვარ. ასევე, ვუკრავ დასარტყამ ინსტრუმენტზე, გიტარაზე. ძალიან მიყვარს მუსიკა...
- ძალიან ემოციური იყო თქვენი და ელენე ცაცუას შეხვედრა, იცნობდით ერთმანეთს?
- ელენეს აქამდე არ ვიცნობდი. რამდენიმე დღის წინ ჩემთან იზოლატორში შემოვიდა ადვოკატი და გადმომცა ელენეს ამანათი (საკვები, ტკბილეული...) და წერილი - ძალიან, ძალიან საყვარელი წერილი იყო. სახელ-გვარს რომ დავაკვირდი, გამიკვირდა, ვერ მივხვდი, ვინ იყო. გაირკვა, რომ იყო მოსამართლე მანუჩარის და. ამას მართლა არ მოველოდი... წერილში ელენე მამხნევებდა, თბილ სიტყვებს მწერდა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მინდა მადლობა გამოვხატო მის მიმართ. ეს არის ძალზე გულწრფელი და მებრძოლი ადამიანია. არ ვიცი, აქტივისტია თუ არა, მაგრამ აშკარად ჩვენს მხარესაა. არც ის ვიცი, ოდესმე ვაპატიებ თუ არა ბატონ მანუჩარს, თუმცა ზუსტად შემიძლია იმის თქმა, რომ მისი და არის საოცარი ადამიანი და სასურველია, ძმამ მიბაძოს რაღაც-რაღაცებში. იზოლატორიდან გამოსვლისას ელენეს პირველად შევხვდი. როგორ არ უნდა ჩაეხუტო მსგავს ადამიანებს, ვერ ვხვდები... მან ისევ და ისევ გამამხნევა, მეც გავამხნევე, მოვესიყვარულეთ ერთმანეთს, ძალიან, ძალიან გამახარა ამ გულწრფელმა ადამიანმა. ალბათ გავაგრძელებთ ურთიერთობას, მართალი ადამიანები, სწორი კომუნიკაციები დიდი მონაპოვარია, ყოველთვის ამისკენ ვისწრაფვი და რატომაც არა? რა თქმა უნდა, მას თუ ექნება ამის სურვილი, მის გვერდით ვიქნები. საოცრად ძლიერი ადამიანია... განსაკუთრებული ემოციები მაქვს მისდამი და თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც გვერდში დამიდგა და ემპათია გამოხატა, ყველასი მადლიერი ვარ, ვინც გულთან მიიტანა ჩემი მდგომარეობა, ამას სიტყვებით ვერ გამოვხატავ. მინდა, ყველა გავსრისო ჩახუტებით (იცინის).
აქ ვარ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ბრძოლა გრძელდება... რა სჯობს იმას, როცა შენს გარშემო სიყვარულის ბევრი აფეთქება ხდება. ამ დროს მოტივაციაც იზრდება. მოკლედ, გავიმარჯვებთ სიყვარულით, ერთად ყოფნით და სიმართლით.
- რას ეტყოდით მათ, ვინც პატიმრობაში რჩება?
- მინდა, მალე გამოვიდნენ თავისუფლებაზე ისინიც, მხნედ უნდა იყვნენ, არასდროს დანებდნენ, იცოდნენ, მათთან ვართ და ვიბრძვით ბოლომდე. თავისუფლებას ვუსურვებ ყველა მათგანს. ეს რეპრესიები დიდხანს არ გაგრძელდება, ესენი იმავეს აკეთებენ, რასაც პუტინი რუსეთში, მაგრამ მას თუ წლები დასჭირდა დიქტატურის დასამყარებლად, ამათ ყველაფერი მარტივად და მალე მოახერხეს. არ უნდა გავჩერდეთ, არ შეგვეშინდეს, ბოლოს მაინც სინათლე გაიმარჯვებს წყვდიადზე, რომელიც, სამწუხაროდ, თავს დაგვატყდა.