ავტორი:

საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც სიგარეტის ნამწვით ტყის ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი - რას წერს მედია

საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც სიგარეტის ნამწვით ტყის ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი - რას წერს მედია

საბერძნეთში კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრების უნებლიედ გაჩენაში ეჭვმიტანილი ქართველი ქალი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ The Guardian-ი ავრცელებს.

ქართველ ქალს, სიგარეტის გადაგდების შედეგად, კუნძულზე ტყის ხანძრების ერთ-ერთი კერის შემთხვევით გაღვივებაში ედება ბრალი.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ქართველმა ქალმა, რომელიც ქიოსზე დამლაგებლად მუშაობს, სიგარეტის გადაგდების შედეგად ხანძრის გაჩენა „აღიარა“.

ლეიტენანტმა კონსტანტინე კოზანისმა Guardian-ს განუცხადა, რომ ქალი სამშაბათს დააკავეს და მას ბრალს დღეს წაუყენებენ.

„ის ღამით პატიმრობაში იმყოფებოდა და ხვალ სასამართლოს წინაშე წარდგება“, - თქვა მან.

გამოცემა წერს, რომ ინციდენტი თვითმხილველებმაც დაინახეს.

ცნობისთვის, კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრებს გასული კვირის შემდეგ 400-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ათობით სოფლის ევაკუაცია განახორციელა. ტყის ხანძრებმა კუნძულზე დაახლოებით 4000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.