ავტორი:

CIA აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები აშშ-ს დარტყმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა - დაზვერვის რა ახალი მონაცემები გახდა ცნობილი?

CIA აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები აშშ-ს დარტყმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა - დაზვერვის რა ახალი მონაცემები გახდა ცნობილი?

ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტები ამერიკული დარტყმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა - ამის შესახებ განაცხადა CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა, დაზვერვის ახალი მონაცემებზე დაყრდნობით.

"CIA-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ სარწმუნო დაზვერვითი წყაროების ერთობლიობა მიუთითებს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ბოლო მიზანმიმართული დარტყმების შედეგად“, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც CIA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მიღებულია ახალი დაზვერვითი ინფორმაცია სანდო წყაროებიდან, რომ რამდენიმე ძირითადი ირანული ბირთვული ობიექტი განადგურებულია და მათი აღდგენა წლები დასჭირდება.

"აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოიპოვა სანდო მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბოლო დროს განხორციელებული დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა... მის აღდგენას წლები დასჭირდება“, - განაცხადა რეტკლიფმა.

ამასთანავე, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმაც დაადასტურა ეს ინფორმაცია:

"დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს იმას, რაც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა: ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია. თუ ირანელები აღდგენას გადაწყვეტენ, მათ სამივე ობიექტის (ნათანცი, ფორდო, ისპაჰანი) აღდგენა ნულიდან მოუწევთ, რასაც, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება“, - დაწერა გაბარდმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

რეტკლიფმა ასევე დაამატა, რომ CIA აგრძელებს დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას და ოფიციალურ პირებსა და საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას.

შეგახსენებთ, მანამდე თეთრმა სახლმა უარყო მედიაში გაჟონილი დაზვერვის საწყისი შეფასებები, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები განადგურებული არ არის და მათი აღდგენა რამდენიმე თვეში შეიძლება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სრულად განადგურდა დარტყმების შედეგად, ხოლო CNN-ისა და New York Times-ის მასალები, რომელიც მათი მტკიცებით, დაზვერვის ანგარიშიდან გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა, "ფეიკ ნიუსად“ შეაფასა.

ტრამპი უარყოფს დაზვერვიდან გაჟონილ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა ვერ გაანადგურა.

ხუთშაბათს დილის საათებში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი ვაშინგტონის დროით დილის 8 საათზე პენტაგონში პრესკონფერენციას გამართავს "ამერიკელი პილოტების ღირსების დასაცავად“.

ტრამპის Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ამ პრესკონფერენციაზე შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ახალი ინფორმაცია ირანზე განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით.

Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია გეგმავს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შეზღუდვას კონგრესთან მას შემდეგ, რაც დაზვერვის მასალებმა მედიაში გაჟონა.

გამოცემის წყაროების ცნობით, FBI-მ უკვე დაიწყო ამ ფაქტის გამოძიება.

Axios-ის თანახმად, საუბარია CAPNET-ის სისტემაში ინფორმაციის შეზღუდვაზე - ეს არის პლატფორმა, რომელსაც თეთრი სახლი კონგრესმენებთან საიდუმლო მონაცემების გასაზიარებლად იყენებს.

დაზვერვის სამინისტროს ანალიტიკურმა განყოფილებამ (Defense Intelligence Agency, DIA) პ[პირველადი შეფასება განათავსა ამ სისტემაში ორშაბათ საღამოს, ხოლო მეორე დღეს მისი ფრაგმენტები მედიის ხელში აღმოჩნდა.

როგორც იუწყებიან, ანგარიში დარტყმებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში იქნა შედგენილი. იგი ეფუძნებოდა სატელიტურ სურათებზე ჩატარებულ ანალიზს და არა უშუალო ადგილობრივ მოწმეებზე კი. ანგარიშში აღნიშნული იყო ისიც, რომ შეფასებების სანდოობა "დაბალი“ იყო.