ავტორი:

უკრაინული მედია SBU-ს ოპერაცია "მაქციაზე" წერს, რომლის ფარგლებშიც მამუკა მამულაშვილის ლიკვიდაციის რუსული გეგმა აღკვეთეს - რას დეტალებს ჰყვება "ქართული ლეგიონის" მეთაური?

უკრაინული მედია SBU-ს ოპერაცია "მაქციაზე" წერს, რომლის ფარგლებშიც მამუკა მამულაშვილის ლიკვიდაციის რუსული გეგმა აღკვეთეს - რას დეტალებს ჰყვება "ქართული ლეგიონის" მეთაური?

როგორც "ქართული ლეგიონის" წარმომადგენლები გვეუბნებიან, რუსული სპეცსამსახურების მიერ ერთი წლის განმავლობაში მკვლელობის 7 მცდელობა, ერთ კვირაში კი ორი დივერსიული აქტი განხორციელდა უკრაინაში მებრძოლი, ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ. უახლოეს დღეებში ან შესაძლოა, რამდენიმე საათშიც კი ახალი, სკანდალური დეტალები გახდეს ცნობილი იმ ღონისძიების თაობაზე, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა - როგორც ამ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, SBU-მ კრემლის მიერ ორგანიზებული ლიკვიდაციის მორიგი გეგმა ჩაშლა. უკრაინული მედიის ცნობით, სამიზნე იყო "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.

უკრაინის საგამოძიებო სტრუქტურების ცნობით, ლიკვიდაციის გეგმა კოორდინირებული იყო პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მიერ. ოპერაცია მიზნად ისახავდა სამხედრო ლიდერის საჯარო მკვლელობას კიევის ცენტრში - დღისით, რაც უნდა გამხდარიყო ფსიქოლოგიური დარტყმა როგორც უკრაინის საზოგადოებისთვის, ასევე უცხოელი მოხალისეებისთვის, რომლებიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვიან.

ოპერაციის ბიუჯეტი შეადგენდა, სულ ცოტა, 100 000 აშშ დოლარს. რუსეთის მხარე ფიქრობდა, რომ რიგით დაქირავებულ მკვლელ დაუკავშირდნენ, თუმცა ეს პირი აღმოჩნდა SBU-ს აგენტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობდა კონტროპერაციაში. სწორედ ასე დაიწყო მასშტაბური სპეცოპერაცია "მაქცია“ - რომლის მიზანი მხოლოდ მკვლელობის აღკვეთა კი არა, რუსული სადაზვერვო სტრუქტურების გაშიფვრაც იყო.

ოპერაციის მეორე ფაზა მიზნად ისახავდა რუსეთის ქსელების სრულად აღმოჩენას უკრაინის ტერიტორიაზე. ოპერაციის ფარგლებში SBU-მ მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერები, ფარული კამერით გადაღებული შეხვედრების ვიდეოები და გადარიცხვების კვალი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს. საგულისხმოა, რომ ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი. რუსეთის სპეცსამსახურები წლების განმავლობაში ახორციელებენ კოორდინირებულ თავდასხმებს უკრაინელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

რამდენიმე მაგალითი:

  • გენერალ კირილო ბუდანოვი (HUR-ის უფროსი) - არაერთი ლიკვიდაციის მცდელობა, მათ შორის აფეთქება და მოწამვლის სქემა. ოპერაციები ჩაიშალა SBU-ს ჩარევით;
  • პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი - 2022–2024 წლებში რამდენჯერმე იყო მიზანში, მათ შორის შიდა გადაბირებული პოლკოვნიკების მონაწილეობით;
  • პოლკოვნიკ იაროსლავ გოჟია (SBU) - ნიკოლაევში დაგეგმილი აფეთქება;
  • გენერალ სერგეი შაპტალა - გენშტაბის უფროსი, რომლის გადაადგილებას რუსული დაზვერვა აკვირდებოდა მიზანმიმართული დარტყმისთვის;
  • რუსლან ლუშჩენკო (ხარკოვის ადმინისტრაცია) - მოწამვლის მცდელობა საკვების მეშვეობით.

როგორც უკრაინულ მედიაში აღნიშნავენ, მამუკა მამულაშვილი ამ კონტექსტში არ წარმოადგენს, უბრალოდ, კიდევ ერთ სამიზნეს - ის არის სიმბოლო საერთაშორისო მხარდაჭერისა და გაერთიანებული წინააღმდეგობისა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. მისი ლიკვიდაცია კრემლისთვის იქნებოდა ერთდროულად სამხედრო, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური გამარჯვება, რაც ჩაიშალა უკრაინის კონტრდაზვერვის ეფექტური მოქმედების შედეგად.

Ambebi.ge არსებული მოვლენების შეფასებისთვის თავად მამუკა მამულაშვილს დაუკავშირდა.

- მამუკა, როგორ შეიტყვეთ, რომ თქვენს წინააღმდეგ ლიკვიდაციის გეგმა არსებობდა?

- ჩემი ლიკვიდაციის მცდელობა რამდენჯერმე იყო. სამჯერ ჩემი ავტომობილის ქვეშ იპოვეს ასაფეთქებელი საშუალება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მაღალი პროფესიონალური სამუშაო ჩაატარა. შეიძლება ითქვას, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ძალიან მაგრად "ეთამაშნენ". ჩემი ლიკვიდაციის მცდელობის გარდა, არაერთი წინასწარ განსაზღვრული დანაშაულის ფაქტი გამოავლინეს. SBU-ს თანამშრომელმა, რომელიც FSB-ს თანამშრომლობს "ქილერი“ ეგონათ, რუსების ისეთი ნდობა მოიპოვა, რომ თათბირებზე განხილული თემების შესახებაც აყენებდა საქმის კურსში.

წლებია, ჩვენ მუდმივად ვართ სამიზნე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს წინააღმდეგ ორი მიმართულებით დაგეგმეს ოპერაცია - ჩემი დისკრედიტაცია და პარალელურად ლიკვიდაცია. არ ვიცი, რამდენად გახსოვთ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ რუსული პროპაგანდის სამსახურში მყოფი ინტერნეტგამოცემის საშუალებით გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მე ჩემი მოწამვლის ფაქტი გამოვიგონე. საბოლოოდ გაირკვა, რომ ცილისმწამებლური წერილის ავტორი ჯეი ბიჩერი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. FSB-ეს მიზანი იყო, ჩემი მორალური და ფიზიკური განადგურება ნებისმიერი მეთოდით.

- "ქართული ლეგიონის“ ბაზაზე განხორციელდა ტერორისტული აქტებზე რას იტყვით?

- პირველად 12 ივნისს, ზუსტად რუსეთის დღეს "ქართული ლეგიონის“ ბაზაზე მოხდა დივერსიული აქტი, რის შედეგადაც დეტონაციაში მოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შემოტანილი იყო გაურკვეველი პირის მიერ. ამ შემთხვევამ გამოიწვია ჩვენი მებრძოლის, დემეტრე დარჩიას დაღუპვა. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს. მეორედ 21 ივნისს, ისიც ჩვენი ლეგიონის ბაზაზე, ისევ ასაფეთქებელი მოწყობილობა მოვიდა დეტონაციაში. სულ სამჯერ იყო ასეთი მცდელობა...

- როგორ ფიქრობთ, საფრთხე ისევ გემუქრებათ?

- რა თქმა უნდა, საფრთხე ისევ არსებობს.თუმცა ფრთხილად ვართ.