ნიუ-იორკის მერის არჩევნებში, “დემოკრატიული პარტიის“ პაიმერიზში, ყველასთვის მოულოდნელად ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან დიდი სხვაობით გაუსწრო ოპონენტ ენდრიუ კუომოს, რამაც კონსერვატორების დიდი შეშფოთება გამოიწვია.
33 წლის დემოკრატი ზოჰრან მამდანი სწორედ ამის შემდეგ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. აშშ-ის პირველმა პირმა, დონალდ ტრამპმა მასზე Truth Social პლატფორმაზეც კი დაწერა.
“ეს საბოლოოდ მოხდა. დემოკრატებმა ზღვარი გადალახეს. ზოჰრან მამდანიმ, 100%-ით კომუნისტმა შეშლილმა, ახლახან მოიგო დემოკრატიული პრაიმერი და მერის თანამდებობას დაიკავებს. ადრეც გვყოლია რადიკალი მემარცხენეები, მაგრამ ეს ცოტა სასაცილო ხდება. საშინლად გამოიყურება, ხმა ჩახლეჩილი აქვს, არც ისე ჭკვიანია, მას AOC+3 აქვს, მხარს სულელები უჭერენდა ჩვენი დიდი პალესტინელი სენატორი, მტირალა ჩაკ შუმერიც კი, ელოლიავება მას...” - დაწერა ტრამპმა.
გარდა ტრამპისა, მამდანის ასაკი, პალესტინელების მიმართ დამოკიდებულება, მისი პროგრესული პოლიტიკა და მუსლიმური რწმენა, ღიად გააკრიტიკეს მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა.
ოთხშაბათს “დემოკრატებმა“ მამდანს არაერთგვაროვანი მიღება მოუწყვეს. პარტიის ზოგიერთი წევრი მის გარშემო ერთიანდება. თუმცა სხვები, რომლებიც შეშინებულნი არიან მისი წარსული მოწოდებებით - პოლიციის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ან მისი კრიტიკული შეხედულებებით ისრაელთან დაკავშირებით, უკვე ემიჯნებიან ახალგაზრდა პოლიტიკოსს.
უგანდაში, კამპალაში დაბადებული მამდანი 7 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.
ის ჯერ ბრონქსის მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ბოუდოინის კოლეჯში, სადაც პალესტინაში სამართლიანობისთვის მომუშავე სტუდენტების კამპუსის ფილიალის - "სტუდენტები სამართლიანობისთვის პალესტინაში“ თანადამფუძნებელი იყო.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ის ქუინსში, ჩამორთმევის პრევენციის კონსულტანტად მუშაობდა, სადაც მოიჯარეებს გამოსახლების თავიდან აცილებაში ეხმარებოდა. ის ამბობს, რომ სწორედ ამ სამუშაომ შთააგონა საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრა.
კოლეჯის დამთავრებისთანავე, 2018 წელს, აშშ-ის მოქალაქე გახდა.
მისი დედა, მირა ნაირი, ცნობილი კინორეჟისორია. ხოლო მამა, პროფესორი მაჰმუდ მამდანი, კოლუმბიის უნივერსიტეტში ანთროპოლოგიას ასწავლის.
ორივე მშობელი ჰარვარდის კურსდამთავრებულია.
ცნობილია, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსს ერთ დროს რეპერობა სურდა. ის სტუდენტობისას ადგილობრივ ჰიპ-ჰოპ სცენაზე Young Cardamom-ის და მოგვიანებით Mr. Cardamom-ის სახელით გამოდიოდა. შტატის არჩევნებში მონაწილეობისას, პირველივე კენჭისყრის დროს, მამდანიმ მუსიკაში თავისი მოკლევადიანი მოღვაწეობა ამაყად აღნიშნა და საკუთარ თავს "საუკეთესო რეპერი“ უწოდა.
მისმა ერთ-ერთმა სიმღერამ - "ნანი“, რომელიც 2019 წელს, ბებიის პატივსაცემად დაწერა, მოგვიანებით ახალი სიცოცხლე ჰპოვა. მერის არჩევნებში მონაწილეობის კამპანიის დროს, მისმა კრიტიკოსებმა მამდანის ძველი სიმღერის მონაკვეთი გამოიყენეს და ამტკიცებდნენ, რომ 2017 წელს დაწერილი ტექსტი ნიუ-იორკელებისთვის ზედმეტად რადიკალური იყო.
მამდანი წელს 27 წლის სირიელ-ამერიკელ მხატვარზე, რამა დუვაჯიზე დაქორწინდა. წყვილი, რომელიც გაცნობის აპლიკაცია Hinge-ის საშუალებით შეხვდა ერთმანეთს, ქუინსის ასტორიას უბანში ცხოვრობს.
მამდანი პირველად ნიუ-იორკის ასამბლეაში 2020 წელს აირჩიეს. მაშინ მან პოლიტიკური ბრძოლისას ქუინსის ოლქში დიდ ხნის დემოკრატი ჩამოიშორა.
ახალგაზრდა დემოკრატმა ზოგიერთი საქალაქო ავტობუსით მგზავრობა ერთი წლით უფასო გახადა. მან ასევე წარადგინა კანონპროექტი, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციებს “ისრაელის დასახლებების არაავტორიზებულ მხარდაჭერას“ უკრძალავდა .
მამდანი ღიად უჭერდა მხარს პალესტინას. კუომო და სხვა ოპონენტები ცდილობდნენ ისრაელის მიმართ მისი ღია კრიტიკა ანტისემიტურად მოენათლათ.
შიიტმა მუსლიმმა ისრაელის სამხედრო კამპანიას ღაზაში "გენოციდი“ უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა არსებობდეს როგორც "თანაბარი უფლებების მქონე სახელმწიფო“ და არა როგორც "ებრაული სახელმწიფო“. ამ გზავნილმა გამოხმაურება გამოიწვია პროპალესტინელ მაცხოვრებლებში, მათ შორის ქალაქის დაახლოებით 800 000 მუსლიმში.
არჩევნების წინა დღეს CBS-ის გადაცემა "The Late Show“-ში მიცემულ ინტერვიუში, წამყვანმა სტივენ კოლბერტმა მამდანის ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა, რომ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლება ჰქონდა. მან უპასუხა: "დიახ, ყველა ერის მსგავსად, მე მჯერა, რომ მას აქვს არსებობის უფლება - და ასევე ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართალი“.
სამშაბათს, გამარჯვების სიტყვის წარმოთქმისას მან პირობა დადო, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს მათთან, ვინც საკამათო საკითხებზე არ ეთანხმება.
"მიუხედავად იმისა, რომ არ დავთმობ ჩემს რწმენას და ვალდებულებებს თანასწორობის, კაცობრიობის და ამ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის მიმართ, გპირდებით, რომ უფრო შორს წავალ, გავიგებ იმ ადამიანების პერსპექტივებს, ვისაც არ ვეთანხმები“, - თქვა მამდანიმ.