პენტაგონმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორია ირანში მიწისქვეშა სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებული ჭურვების ზემოქმედება და მისი ძალა.
"ჩვეული ზედაპირული მოქმედების ბომბებისგან განსხვავებით, ისინი ძირითად ნგრევას მიწისქვეშ იწვევენ, ამიტომაც მათი გამოყენების ადგილზე ვერ დაინახავთ საბრძოლო მოქმედებებისთვის დამახასიათებელ დიდი ზომის კრატერებს", - განუმარტა ჟურნალისტებს გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალ-ლეიტენანტმა დენ კეინიმ.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ფართო და სერიოზული ზიანი გამოიწვია, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერებას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს.