მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ გასახსენებელი ამბავია. უბედურმა შემთხვევამ, რომელიც თბილისში,1990 წლის 1-ელ ივნისს მოხდა, მთელი ქვეყანა შეძრა.
ფოტოგრაფი და გიდი პაატა ვარდანაშვილი, ერთ-ერთი მათგანია, რომლის ოჯახი ამ ყველაფერს ბეწვზე გადაურჩა. პაატა მაშინ 16 წლის იყო და იმ ტრაგიკულ ამბავს 35 წლის შემდეგ ასე იხსენებს:
პაატა ვარდანაშვილი:
- საბაგიროს პირველივე ანძა სადგურიდან ჩვენი უბნის თავზე გადადის. დაახლოებით იმის ძირში (სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩაზე) ვცხოვრობთ. მე და მამაჩემი სახლთან მანქანას ვაკეთებდით, უეცრად დავინახეთ, რომ მანქანის გვერდით "ტროსი“ დაეცა. საბაგიროს ორი "ტროსი“ აქვს, ერთი - სქელი, რომელიც უძრავია და მეორე - წვრილი, რომელსაც გონდოლები აჰყავს და ჩამოჰყავს. იმ დროს ერთი გონდოლა ზედა სადგურთან მოდიოდა და მეორე - ქვედა სადგურთან. "ტროსი“, ზედა ვაგონის ზევით გაწყდა და ყველაფერი შედარებით თხელ, პატარა „ტროსზე'' დაეკიდა. შემდეგ კი საბაგირო შუაზე გაიჭრა.
ზედა საბაგიროდან ხალხი ეკატერინე გაბაშვილის ქუჩაზე, ეზოში ჩამოცვივდა. როგორც ვიცით, ყველაზე მეტი მსხვერპლი იყო ზედა საბაგიროდან. "ტროსი“ რომ გაწყდა, ორივე გონდოლა დაეშვა, უბრალოდ ერთი ქვედა სადგურთან ახლოს იყო, იქ მსხვერპლი ან არ იყო, ან ერთი-ორი ადამიანი დაიღუპა. ძირითადად ჭყლეტა მოხდა. მეორე გონდოლა კი ძალიან სწრაფი ტემპით მოდიოდა, როგორც ჩანს, მუხრუჭმა რომ არ დაიჭირა, გაბაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი ეზოს თავზე, როგორც ვთქვი, ხალხი შუა ეზოში ჩამოცვივდა. იქ ერთ-ერთი სახლის სახურავის რაღაც ნაწილიც ჩამოინგრა და ზოგი სახლის სახურავზე დაეცა.
- ამ ყველაფერს რომ უყურებდით, რას ფიქრობდით, როგორი იყო თქვენი რეაქცია?
- მამაჩემი მიხვდა, რაც მოხდა და გაიქეციო მითხრა. მე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მით უფრო, რომ ზემოთ ვიხედებოდი და ამ ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი - გონდოლა როგორ მოგორავდა, როგორ გაიჭრა შუაზე და ხალხი როგორ ცვიოდა...მერე დაჭრილებს, დასახიჩრებულებს რუსთაველზე მოქალაქეების მანქანებში ვსვამდით, სანამ სასწრაფო მოვიდოდა, რომ საავადმყოფოებში დროულად გადაგვეყვანა. მათ შორის ბავშვებიც იყვნენ და ზრდასრულებიც.
არადა, ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე საბაგიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. შედარებით დიდი ვაგონები დააყენეს. ახალგახსნილი რომ იყო, მთაწმინდის პარკში საბაგიროთი ასვლა პოპულარული იყო. ყველა დადიოდა და იქ ასასვლელად სულ დიდი რიგი იდგა ხოლმე. მამაჩემიც აპირებდა, რომ წავეყვანეთ, მანქანას რაღაც გავუკეთოთ და საღამოს ავიდეთო. მოკლედ, იმ ყველაფერს რომ ვუყურებდი, ვერც ვხვდებოდი, რეალურად რა ხდებოდა, უბრალოდ ვცდილობდი, ხალხს დავხმარებოდი. მერე და მერე აღვიქვით ყველამ ერთად რა საშინელება დატრიალდა.
- ოფიციალურად ცნობილია, რომ დაიღუპა 19 ადამიანი...
- კი, 19 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ იქ გაცილებით მეტი ადამიანი იყო, რომლებიც დაზიანდნენ, სერიოზული ტრავმები მიიღეს, მაგრამ გადარჩნენ. შემდეგ გადარჩენილებთან, რაღაც პერიოდში, ურთიერთობაც გვქონდა. ხალხი ჩვენს უბანში მოდიოდა და მადლობას იხდიდა.
ასეთ დროს მოგეხსენებათ, ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება ხოლმე. იყო ასეთიც - თითქოს ბებიამ პატარა ბავშვი - 4-5 წლის საბაგიროდან მთაწმინდის ტყეში გადმოაგდო, ბავშვი მაინც გადაერჩესო. მერე მთელი უბანი იყო ასული, ეძებდნენ. თითქოს ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს და ბებია ცოცხალი იყოო... მართალი გითხრათ, ეს რეალური ამბავი იყო თუ არა, არ ვიცი, თუმცა ვრცელდებოდა.
- მერე, როდესაც გააცნობიერეთ, რამხელა ტრაგედია დატრიალდა, შესაძლებელია, თქვენც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყავით, ალბათ შოკი მეტად გაგიძლიერდათ. ფაქტობრივად, გადარჩით.
- ჩემი დები და ძმა სახლის წინ თამაშობდნენ, ვაგონს რაღაც დეტალი რომ მოსძვრა, რაზეც სავარაუდოდ "ტროსი“ იყო დამაგრებული, ბავშვების წინ დაეცა. ქვაფენილი ამის გამო დამტვრეული იყო და კარგა ხანს ასევე დარჩა, ქვაფენილები მხოლოდ ბოლო პერიოდში შეცვალეს. ის რაღაც ნაწილი, რომელიც სულაც არ იყო პატარა, სახლსაც რომ დასცემოდა, დააზიანებდა. ანდაც ის "ტროსი“ ჩვენ გვერდით რომ ჩამოვარდა, თავზე რომ დაგვცემოდა, ჩვეულებრივად გავიჭყლიტებოდით... მერე კარგა ხანს ეკიდა ზემოთ იმ გაჭრილი საბაგიროს ვაგონის ნახევარი, ყველა ახედვაზე შეიძლებოდა მისი დანახვა.
- ტრაგედია საბაგიროს რეკონსტრუქციის შემდეგ მოხდა. როგორ შეფასდა - რას ამბობდნენ?
- თავიდან სხვადასხვა მოსაზრება იყო, დივერსიაზეც ლაპარაკობდნენ. ისიც თქვეს, რომ ოსები და რუსები იყვნენო - უნდოდათ, ჭორები გაევრცელებინათ, მაგრამ ადგილობრივებმა მაშინვე უარვყავით, რადგან სროლა საერთოდ არც გაგვიგია. ექსპერტი არ ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს უფრო გაუმართაობის შედეგი იყო. კი, ყველას ასეთი შთაბეჭდილება გვქონდა, რომ გაუმართაობამ გამოიწვია. უბრალოდ თავის დროზე არასწორად გაკეთდა... ის ნაწილი, რომელიც ჩემი დების წინ ჩამოვარდა, მერე სახლში შევიტანეთ, რამდენიმე დღეში ვიღაცები მოვიდნენ და წაიღეს.
ეს უბედური შემთხვევა რეალურად და ოფიციალურად საფუძვლიანად აღარ შეფასდა. მძიმე დრო იყო - 90-იანი წლები იწყებოდა, ქვეყანაში რთული პერიოდი დადგა, ამისთვის არავის ეცალა. თუმცა ამ საშინელი ამბით მთელი უბანი კი არა, მთელი ქვეყანა და ქალაქი დასტრესილები ვიყავით.
- დღეს როდესაც ეს მძიმე ფაქტი გახსენდებათ, როგორია თქვენი ემოციები?
- პრაქტიკულად სახლიდან ყოველ გამოსვლა-შესვლაზე მახსოვს. მით უმეტეს, ახლა საბაგირო რომ აღდგა, თუმცა მანამდეც მუდმივად მახსენდებოდა... იმ ტრაგიკული ფაქტიდან საბაგიროზე 25 წლის მერე დავჯექი. სულ შიში მქონდა, ვერ ვჯდებოდი.
***
"უბედური შემთხვევა ორი კაბინის მონაწილეობით მოხდა, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგიროზე მოძრაობდნენ. წითელი კაბინა, ნომერი 2, მთაწმინდის პარკისკენ მიემართებოდა და სულ რამდენიმე მეტრი აშორებდა ზედა ანძას, ასევე წითელი კაბინა ნომერი 1, რუსთაველისკენ ეშვებოდა და ქვედა სადგურს უახლოვდებოდა, როდესაც საწევი ბაგირი გაწყდა ზემოთ მიმავალი კაბინის ქუროში. ორივე კაბინა პარალელურად დაგორდა (არ იმოქმედა საავარიო სამუხრუჭე სისტემამ). ქვემოთა კაბინა ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც დაიღუპა 4 და ბევრი ადამიანი დაშავდა. ზევითა კაბინამ მაღალი სისწრაფის აკრეფა დაიწყო (საავარიო სამუხრუჭე სისტემამ არც აქ იმუშავა). მერე კი ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა - შეჯახება, კაბინების გადაჭრა... 15 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 - მოგვიანებით, საავადმყოფოში. 42 ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
მგზავრების ნაწილი ახალციხის №5 სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც მთაწმინდის პარკის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ და "ბავშვთა დღეს“ აღნიშნავდნენ. მცირე ნაწილი ჯარისკაცები, დანარჩენი კი უბრალო მოქალაქეები იყვნენ. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ კაბინაში 46 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ზემოთ მიმავალში - 47.
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა. ტრაგედიიდან 3 წელიწადში დეფორმირებული კაბინები და გამწევი ბაგირი ჩამოხსნეს. მზიდი ბაგირის დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდა 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში“.