შავი ჭირი. ბაირონი... წყლის დონის ცვლილება. გიგანტური, საკრუიზო ლაინერები და ა.შ. საუკუნეთა განმავლობაში ვენეციამ მრავალი ქარტეხილი გადაიტანა, მაგრამ იშვიათად ყოფილა ასეთი უცნაური, დამაპირისპირებელი და ხმაურიან მოვლენა, როგორიც სიმდიდრით მსოფლიოს მეოთხე ადამიანის სიმბოლური ქორწილი გამოდგა...
ამის თაობაზე სტატიას ბრიტანული the guardian - ი აქვეყნებს, რომელიც კარგად აღწერს იმ ვითარებას, რაც ამ ქორწილმა შექმნა ქალაქში...
პარასკევი - თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე: ირგვლივ ულამაზესი, ლამის სიზმრისეული ატმოსფერო იყო გამეფებული ათასობით ტურისტისთვის, რომლებიც გონდოლებში პოზირებდნენ, შუადღის კოქტეილებს მიირთმევდნენ ანაც უბრალოდ, ნესტიან სიმხურვალეში ნებივრობდნენ..
მარკოზის მოედნის მოპირდაპირე მხარეს კი ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის დიდი დღე იწყებოდა.
ოფიციალური ცერემონიალის დრო უცნობი იყო, მაგრამ მცირე კუნძულ სან ჯორჯო მაჯორეზე დაგეგმილი გასაიდუმლოებული "სპეცოპერაციისთვის" მზადება დიდი ხნის დაწყებულია - სწორედ აქ აპირებდა წყვილი ერთმანეთისადმი სამარადისო ერთგულების აღთქმას, დაახლოებით 200-მდე ცნობილ სტუმართან ერთად.
ჟურნალისტები, რეპორტიორები, ოპერატორები ცდილობდნენ შეეტყოთ ცერემონიალის დეტალები, თუმცა წინა ხაზზე მდგომი ორგანიზატორები თავაზიანად პასუხობდნენ: "არ ვიცით ზუსტად, როდის დაიწყება ცერემონია."
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა აშშ-ში უკვე იქორწინა და ეს ვენეციური ღონისძიება უფრო სიმბოლური და კიდევ უფრო ხარჯიანია - 200-ზე მეტი მოწვეული სტუმარი, მათ შორის კინოსა და პოლიტიკის სამყაროს მეგავარსკვლავები; დახურული წვეულებები, იახტები, კერძო თვითმფრინავები და ბეზოსის მსგავსი მილიარდერები...
საღამოს 5 საათზე, ლორენ სანჩესი გამოჩნდა სასტუმრო "ამანიდან" - კრემისფერი კოსტიუმით, მზის სათვალითა და თავსაფრით.
იგი წყლის ტაქსით გაემგზავრა კუნძულზე. ერთი საათის შემდეგ შავ კოსტიუმში გამოწყობილი ბეზოსიც მიჰყვა...
მაგრამ ამ სამზადისით სან ჯორჯოს კუნძულზე ყველა სულაც არ ჩანდა აღტაცებული. ერთმა ადგილობრივმა, რომელიც საკუთარი ნავის გემბანს რეცხავდა, ჟურნალისტებს მიახალა, - საერთოდ არ მაინტერესებს ეს ამბავიო...
ქორწინების დღესასწაული, რომელიც ხუთშაბათს დაიწყო და შაბათს, არსენალის ისტორიულ გემთსაშენში დაგეგმილი გრანდიოზული მიღებით დასრულდება, საზოგადოებას სამ ნაწილად ყოფს: ერთნი მისდამი სრულიად გულგრილნი არიან, მეორენი აღშფოთებას ღიად გამოხატავენ "ვენეციის მილიარდერების წინაშე დაჩოქებით", მესამენი კი ქალაქის მერის, ლუიჯი ბრუნიაროს ჩათვლით, ამ ქორწილს აფასებენ, როგორც 50-მილიონიან შესაძლებლობას ქალაქის ეკონომიკის გასაძლიერებლად.
მიუხედავად პროტესტისა, წყვილის ცნობილი მეგობრები: ლეონარდო დიკაპრიო, კიმ კარდაშიანი, ოპრა უინფრი, ივანკა ტრამპი, ტომ ბრეიდი და ორლანდო ბლუმი და სხვები ამ წინააღმდეგობებს არ შეუშინებია.
რამდენიმე სიმბოლური პროტესტი პარასკევსაც გაიმართა: მწვანე ლაზერით მარკოზის მოედანზე გამოისახა წარწერა: "არც მეფეები, არც ბეზოსი!", ხოლო დროშაზე ეწერა: "თუ ქორწილისთვის შეგიძლია ვენეციის დაქირავება, მაშინ გადასახადიც გადაიხადე!"
ეს პროტესტები ძირითადად აქტივისტების კოალიციას ეკუთვნის. მათ შორის არიან: საცხოვრებელი სივრცის დამცველები და ანტიკრუიზული მოძრაობის წარმომადგენლები. მათი თქმით, პრესინგის გამო წყვილმა მოგვიანებით შეცვალა მიღების ადგილი - ისინი უძველესი Misericordia-ს სასახლიდან შედარებით დახურულ Arsenale-ზე გადავიდნენ.
ვენეციის მერმა კი მომხდარი "სასირცხვილოდ“ შეაფასა და განაცხადა, რომ ბეზოსისა და სანჩესის ქორწილი ქალაქის ხაზინას შეავსებს. მსგავსი პოზიცია აქვს ტურიზმის მინისტრ დანიელა სანტანკესაც: "ეს ფოტოები მთელ მსოფლიოში გავრცელდება, პატარძლის კაბაზე ისაუბრებენ, ცერემონიაზე... ეს არის უზარმაზარი, უფასო პიარი იტალიისთვის.“
თუმცა სხვებისთვის ეს ფუფუნების ზეიმი თანამედროვე სამყაროში სიღრმისეული უთანასწორობის სიმბოლოდ რჩება.
როგორც ესპანელმა ტურისტმა გულწრფელად თქვა:" ეს ყველაფერი უბრალოდ გროტესკულია. 250 სტუმარი და 50 მილიონი ევრო? აი, ამიტომ არასდროს ვყიდულობ არაფერს ამაზონზე“.
იხილეთ ასევე: