“მიმაჩნია, რომ ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ? “- ასე უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სასულიერო პირებთან დაკავშირებული მისი პუბლიკაციების შესახებ დასმულ შეკითხვას.
„იმის შესახებ, მაქვს თუ არა პრობლემები სასულიერო პირებთან, ან სასულიერო პირებს აქვთ თუ არა პრობლემები ჩემთან : მიმაჩნია, რომ ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ. როგორ შეიძლება ჩემთან პრობლემები ჰქონდეთ?“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
„ფრაზა „კათოლიკოსის პირადი ცხოვრება“ აბსურდულია. თუ ვინმეს პირადი ცხოვრება აქვს, მაშინ ის კათოლიკოსი არ არის“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
„საეკლესიო პირები, მათი ქმედებების გამო, ოპერატიული ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებული ორგანოა და ყოველდღიურად მაწვდის ინფორმაციას რესპუბლიკაში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, სომხეთის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ პერიოდში ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც ის საპატრიარქოსა და სასულიერო პირებს აკრიტიკებს. სომეხმა სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი და სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.