ავტორი:

“პირად ცხოვრებაში თითქოს ჰარმონიული სიტუაცია იყო, მაგრამ უცებ ყველაფერი დაინგრა“ - სოფია ბზეკალავას აქამდე უცნობი მხარე და მომენტი, რის შემდეგაც ის ასტროლოგიით დაინტერესდა

“პირად ცხოვრებაში თითქოს ჰარმონიული სიტუაცია იყო, მაგრამ უცებ ყველაფერი დაინგრა“ - სოფია ბზეკალავას აქამდე უცნობი მხარე და მომენტი, რის შემდეგაც ის ასტროლოგიით დაინტერესდა

„ასტროლოგიაში იმის გამო არ მივსულვარ, რომ ასტროლოგი გავმხდარიყავი, ან პოპულარული ასტროლოგი. ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. ასტროლოგიამდე იმიტომ მივედი, რომ ჩემი პირადი პრობლემები მქონდა, მქონდა განცდა, რომ რაღაცები უსამართლოდ ხდებოდა და პასუხებს ვერ ვპოულობდი. პირად ცხოვრებაში თითქოს ჰარმონიული, პერსპექტიული სიტუაცია იყო, მაგრამ უცებ ყველაფერი დაინგრა“... - გვეუბნება ცნობილი ასტროლოგი სოფია ბზეკალავა, რომელიც ამჯერად არა ასტროლოგიურ პროგნოზებზე გვესაუბრება, არამედ იმაზე, თუ რამ მიიყვანა ამ სფერომდე და რა აღმოჩნდა ეს დარგი მისთვის.

- ასტროლოგიას 2009 წლიდან დავუახლოვდი, თუმცა ასტროლოგია მანამდეც მაინტერესებდა, როცა მის შესახებ ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან შევიტყვე... ვსწავლობდი, რაღაც ლიტერატურაში ვიქექებოდი, თუმცა ახლა რომაა, მაშინ ამდენი ინფორმაცია არ იყო. მოკლედ, როდესაც 2009 წელს გარდამტეხი პერიოდი დადგა, მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი - 2 გზა მქონდა, ან უნდა წავსულიყავი დეგრადაციისკენ, აგრესიისკენ, ან თავი გადამერჩინა.

ვერ ვპოულობდი პასუხებს, ლოგიკურად ახსნა მჭირდებოდა. არადა, ვხდებოდი, რომ რაღაც ლოგიკა არსებობს იმაში, თუ რატომ ემართება ადამიანს ის, რაც ემართება. ამ ლოგიკის ძიებამ ასტროლოგიის სიღრმისეულ შესწავლამდე მიმიყვანა. ლოგიკას რომ ჩავწვდი, ყველაფერი თავის ადგილას დადგა, დალაგდა. შესაბამისად მივხვდი, რომ ულოგიკოდ არაფერი ხდება.

- პირველი პროფესიით ვინ ხარ?

- ხელოვნებათმცოდნე, სამხატვრო აკადემია დავამთავრე, რაღაც პერიოდი ჩემს სფეროში ვმუშაობდი კიდეც და ძალიან მომწონდა... მერე, როცა ასტროლოგიამ ბევრი რამ დამანახა, ინტენსიურად დავიწყე ჩემს თავში ჩაღრმავება, საკუთარი თავის შესწავლა. იმდენად ღრმა სფეროა, რომ ამდენი წელია, შეუჩერებელი პრაქტიკა მაქვს და დღესაც კი მუდმივ კვლევებში ვარ, - ძალიან ცოცხალი ორგანიზმია.

ასტროლოგიის მთავარი პრინციპია ჩასწვდე იმის ლოგიკას, თუ რატომ მოხდა ტრავმა. კი, ეს გამოცდილება უნდა გამევლო, ამან მაჩვენა, რომ ხედვებია შესაცვლელი, ადამიანის ცხოვრებაში სპეციალურად არაფერი ხდება, არსებობს თავისი კანონზომიერება. ყველაფერი რომ კანონზომიერია და ამას ვხედავთ, აღარ ვინგრევით. არადა ამის გამო უამრავი ადამიანი აგრესიაშია გადასული და ფაქტობრივად საკუთარ თავს ინადგურებს. მე უბრალოდ იმ კრიზისულ მომენტში, ჩემი ლოგიკით მივხვდი, რომ ინფორმაცია მეპოვა და იქიდან უკვე საკუთარი თავი. ტკივილს, პროტესტს, შინაგან დისკომფორტს იქამდე მიჰყავხარ, რომ გაიგო, რაშია საქმე.

- ასტროლოგიის კურსი ვისთან გაიარე?

- მყავდა ორი ადამიანი, ვისთანაც მოკლევადიანად, ანა-ბანასავით რაღაც კუთხით ვსწავლობდი. საერთოდ ასტროლოგიაში ისეთი სტრუქტურა არ არსებობს, რომ დიპლომი მოგცენ. ის პარამეცნიერებად ითვლება, მაგრამ ისეთივე მეცნიერებაა, როგორც სხვა დანარჩენი, მაგალითად, მედიცინა, ძალიან ჰგავს მედიცინას. როგორც ვითარდება მედიცინა, ასევე იცვლება ასტროლოგია, ხედვები და პრიორიტეტები...

- კონკრეტულად როგორ მიხვდი, რომ ეს ის სფერო იყო, რაც გჭირდებოდა?

- მალე აღმოვაჩინე და ამ აღმოჩენით, საკუთარი მონაცემებიდან გამომდინარე, აღფრთოვანებული ვიყავი. ეს იყო ჩემი ნაგროვები ცოდნა, უბრალოდ, რაღაც ეტაპზე, ტრავმის აქტივაცია მოხდა, რამაც ამ ცოდნის გახსენება გამოგვივა. მერე კი ძალიან სწრაფად დავიწყე შესწავლა. ასტროლოგისთვის ცოდნის გარდა პრაქტიკაა საჭირო. ინტენსიურად ვმუშაობდი, ვიკვლევდი. მერე უკვე „ფეისბუქზე“ პოსტებს ვწერდი, ჩემს გარემოცვას ამ ყველაფერზე აღფრთოვანებული ვუყვებოდი.

დღეს მათ უკვე იციან, რომ ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე და სადაც მივდივარ, ყველგან მალაპარაკებენ და საუბარი არც მე მწყინდება.

- მოკლედ, აღმოჩენის შემდეგ ამ ყველაფრის სხვებისთვის გაზიარებაც დაიწყე...

- კი, სწავლის პარალელურად პრაქტიკაც მქონდა. ლოგიკამ მიმიყვანა ასტროლოგიამდე, ასტროლოგიამ კი მითხრა, რომ კარმის პრინციპი არსებობს და მოქმედებს. თუ გტკივა, თურმე ეს შენი წინსვლისთვის არის. ამ ყველაფერმა თავისუფლება მომიტანა, საკუთარი თავის რწმენა, სიყვარული - ხედვები საერთოდ შემიცვალა. უბრალოდ სულ მუშაობის პროცესში ვარ. თან ისეთი საქმიანობაა, რომ შენგან მეტსა და მეტს ითხოვს. ეს ყველაფერი ძალიან რომ არ მიყვარდეს, ვერაფერს გავაკეთებ.

მოკლედ, თავი უნდა გადადო. სულ სწავლაში უნდა იყო, პრაქტიკა გქონდეს და აანალიზო. მერე კი უკვე შენს „კოდექსს“ წერ. მუშაობა ყველა პროფესიას სჭირდება, მაგრამ ამას - ბევრი. ეკონტაქტები სხვადასხვა ადამიანს, შესაბამისად არის სხვადასხვა ემოცია.

მართლა არაერთს დავხმარებივარ გადაწყვეტილების მიღებაში, ჯანმრთელობის საკითხების მოგვარებაში, მოტივაციაში და ბევრი უკუკავშირი მაქვს. ყოფილა, რომ პანიკაში მყოფები დამიმშვიდებია. ჩემს პროფესიას თერაპიული დანიშნულებაც აქვს.

- ეს როგორ ხდება?

- პანიკაში მყოფი ადამიანის მონაცემებს როდესაც ვეცნობი და ის არ იძლევა მისი პანიკის საფუძველს, ამას ვუხსნი. ჯანმრთელობის კუთხითაც ჰქონიათ პრობლემები, შემდეგ მათი მონაცემები რომ მინახავს, მითქვამს, რომ ლეტალურ შედეგს ვერ ვხედავდი. მითქვამს, მოდი, ნუ შეგეშინდება... იმ მომენტში მიმართულება მიმიცია, რომ ემოციურად გაწონასწორებულიყო. ასტროლოგებს რჩევების მიცემა შეგვიძლია, მაგრამ აქ იმ ადამიანის ნებაც უნდა იყოს, სხვანაირად ვერაფერს გავხდები. ცუდ პროგნოზებს არ ვაკეთებ, უბრალოდ ცუდის კარგი კუთხით დანახება შემიძლია.

- ასტროლოგი გენეტიკაზეც არის დამოკიდებულიო...

- კი, გენეტიკის ტრავმებზეა, ბევრი რამ არის ისეთი, რაც არ ვიცით, მაგალითად ის, რაც ჩვენს წინა თაობებს, წინაპრებს გადაუტანიათ. თუ წინაპარმა რაიმე მძიმე ემოცია გადაიტანა, არ იკარგება, არსად მიდის. გენეტიკური ფაქტორი ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, - სასწაულები ხდება, რადგან არსებობს ემოციური დნმ, რომელშიც ყველანაირი ინფორმაცია ინახება - ცუდიც, კარგიც, ოღონდ, ხშირად დამალულია.

- ამის პროვოცირებას და წინ ამოწევას რას ახდენს?

- ტრავმა. ისევე როგორც სამედიცინო ტრავმა ახდენს ყველაფრის აქტივაციას. ადამიანს ტრავმის გადატანა ისევე უწევს, ოღონდ, არა იმ დოზით, რაც მისმა სიტყვაზე, ბაბუამ გადაიტანა, მაგრამ უწევს. იმ პროცესებს თუ გააცნობიერებ და სწორად შეხედავ, შეიძლება ჩაწყვიტო, შეცვალო მანამდე არსებული მიმდინარეობა.

- ასტროლოგის გაცნობის, დაუფლების შემდეგ კრიზისული მომენტები თუ დამდგარა შენს ცხოვრებაში?

- როგორ არა, ვიცი ხოლმე როდის და რა ტიპის კრიზისი შეიძლება იყოს და დაახლოებით ისიც ვიცი, რისთვის ხდება. ჩემი ხედვები უკვე შეცვლილია და როცა ხედვები შეცვლილია, არ ისტრესები. კი გადიხარ ემოციურ მომენტებს, მაგრამ იცი, რა მიზეზით არის. ვიცი, როგორ ვმართო კრიზისი.

- წინა თაობებზე ვისაუბრეთ და მითხარი, რომ წინა ცხოვრებაში ექიმი ვიყავიო...

- კი, ჩემი რუკიდან გამომდინარე, ექიმი ვყოფილვარ... გენეტიკაშიც მაქვს სამედიცინო თემა - ბებიაც სამედიცინო სფეროში იყო, დიდი ბებია ძალიან სერიოზული მკურნალი ყოფილა. ასტროლოგები პირდაპირ, წამლით არ ვმკურნალობთ, მაგრამ ენერგეტიკულად, სულიერად - კი. ამასთან, ჩემში გენეტიკურად არის სამედიცინო უნარები გადმოცემული. დიდი ბებია ბალახებით მკურნალობდა, ამასთან - კიბოსაც (თურმე ამ სენს მაშინ მჭამელას ეძახდნენ). ბებიას დედამისისგან ჰქონდა ეს ცოდნა და მეხვეწებოდა, გასწავლიო. თან უნდოდა, რომ ექიმი ვყოფილიყავი. მე არ მინდოდა... არადა, საავადმყოფოში ვარ გაზრდილი, ბავშვობაში სამსახურში დავყავდი.

ერთ ამბავს გავიხსენებ - ესპანეთში, ბარსელონაში ყოფნისას, მეგობართან ერთად ერთ პატარა სასტუმროში ვიყავით. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძველი ჰოსპიტლის შენობა იყო. ავიჩემე, - აქ რაღაც ექიმების ენერგიაა-მეთქი. მეგონა, პალატებში დავდიოდი. ორი დღე ვიზუზუნე, მეგობარი შეწუხდა და იქვე იკითხა. ხომ არ ეტყოდა, სოფოს უცნაური შეგრძნებები აქვსო და ასე იკითხა - მეგობარი სიძველეებს იკვლევს და აინტერესებს, ამ შენობაში ადრე რა იყოო?

იმ ადამიანმა შიდა ეზოში შეგვიყვანა, რომელიც ქუჩაზე გადიოდა. აქ ბარსელონის პირველი ჰოსპიტალი იყოო. გვითხრა, რომ ქუჩასაც ჰოსპიტლის სახელი ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დროს თურმე დაჭრილები მოჰყავდათ...

მოკლედ, ყველაფერს ენერგია აქვს და მეც ვიგრძენი ეს ენერგია. საერთოდ ადამიანიც ენერგიაა. ჩემში ენერგეტიკული არხი გაიხსნა და ასე ვიგრძენი. როგორც ჩანს, წინა ცხოვრებაში იქ ოდესმე ვყოფილვარ, შეიძლება ვცხოვრობდი კიდეც...

- ბავშვობაში გქონდა ასეთ შეგრძნებები?

- უკონტაქტო, შებოჭილი და მორცხვი ვიყავი. ჩემთვის ყოფნა მიყვარდა. ოთახში შევიკეტებოდი და ვხატავდი. სტუდენტობაშიც მორცხვი და არაკომუნიკაბელური გახლდით. თითქოს ადამიანებთან კონტაქტში შესვლის მეშინოდა.

- ადამიანები ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ?

- მატერიალურზე მეტად პირადი ცხოვრება აინტერესებთ. არის მატერიალური, პროფესიული რეალიზაციის პრობლემა, რასაც კომპლექსური მიზეზი აქვს. ამაზე მუშაობას დრო და მოთმინება სჭირდება. მოდიან ჯანმრთელობის პრობლემით. საერთოდ ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემა ასტროლოგიურად ზოდიაქოს ნიშნების და პლანეტების ენერგიებს შეესაბამება და ასტრალურით, სულით დაავადებით იწყება. ადამიანის ამ კუთხით პრობლემა, მიბმულია რაღაც ემოციებზე, რომელსაც ვერ გამოხატავს, იხვევს, რაც მერე ფიზიკურ სხეულს ზემოთ ამოაქვს. თუ ეს პრობლემა არის კომპლექსური, გვარშია, გენეტიკაშია, მაშინ გენეტიკურად ცხოვრების წესზეა მიბმული და დაავადების პროვოცირების საკითხია. საერთოდ, ასტროლოგიას სამედიცინო მხარე აქვს, რაც ჩემი კვლევის საგანია, რაც საოცრად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.