ეგზოტიკური სასმელები, გოგონები, ექსტრავაგანტური დეკორაციები და სხვა - დეტალები მილიარდერების სუპერ-იახტებიდან

ეგზოტიკური სასმელები, გოგონები, ექსტრავაგანტური დეკორაციები და სხვა - დეტალები მილიარდერების სუპერ-იახტებიდან

პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შეუძლიათ სახლები შეიძინონ სხვადასხვა ქვეყნებში, იყოლიონ კერძო თვითმფრინავები, თუმცა მათი ფუფუნების უსაყვარლეს საგნად იახტები რჩება. ბევრი მდიდარი ადამიანისთვის იახტა ქაოსისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა.

უცნაურია, თუმცა მსოფლიო კრიზისების დროს, მდიდრული იახტების გაყიდვები იზრდება, ამის მაგალითია პანდემიის პერიოდში მათი გაყიდვის სიხშირეც. იახტების გაყიდვების ზრდა რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად მაინც მოხდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე იახტების ბაზრის 25%-ს სწორედ რუსი ბიზნესმენები შეადგენდნენ.

"გაყიდვების რაოდენობა ამერიკელების ხარჯზე გაიზარდა, რომლებსაც, როგორც ჩანს, უშველებელი იახტები წყალივით სწყურიათ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამერიკელები ასეთი ზომის გემებს იყიდდნენ ან ააშენებდნენ, მაგრამ ასე მოხდა", - აცხადებს ჯონათან ბეკეტი, იახტების საბროკერო კომპანია Burgess-ის აღმასრულებელი დირექტორი.

  • სუპერ, მეგა და გიგა - იახტები ხშირად ნახევარი მილიარდი დოლარი ჯდება. ასეთია, მაგალითად, ჯეფ ბეზოსის 500 მლნ დოლარის ღირებულების იახტა, სახელად Kuro, რომელიც მსოფლიოს 10 უდიდესი იახტების სიაშიც კი ვერ მოხვდა.

"ამგვარ მდიდრულ იახტაზე თქვენ გეყოლებათ სრული სპა-გუნდი თავისი სილამაზისა და თავის მოვლის სპეციალისტით, ბოტოქსის სპეციალისტთან ერთად. შეგიძლიათ გყავდეთ პროფესიონალი იაპონელი სუშის შეფ-მზარეული, სომელიე, ფლორისტი, დიჯეი, დრონის სპეციალისტი, სრული დაცვა და უამრავი ძიძა ბავშვებსთვის, აგრეთვე ბავშვებს ეყოლებათ სპეციალიზებული პედაგოგი და აღმზრდელიც კი",- აცხადებს ფილიპა სმიტი, Silver Swan Recruitment-ის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც უმდიდრეს ადამიანებს იახტებითა და სახლებით ლონდონში, მაიამისა და დუბაიში მდებარე ოფისებიდან ამარაგებს.

სმიტმა გაიხსენა შემთხვევაც, როცა მისი კლიენტის 7 წლის შვილს იახტაზე არსებული იოგურტის ბრენდი არ მოეწონა. თითის ერთი გატკაცუნებით, რუსეთიდან კერძო თვითმფრინავით გამოგზავნეს მისი საყვარელი იოგურტი, რომელიც იახტის ვერტმფრენს კორსიკაში შეხვდა და პრეტენზიული ბავშვის საუზმემაც წარმატებულად ჩაიარა.

"ვერტმფრენებს იმისთვის იყენებენ, რომ დღეს საღამოს რომელიმე მათგანს კონკრეტული შამპანურის მირთმევა სურს",- დასძენს ფილიპა.

მილიარდერები არა მხოლოდ ეგზოტიკური სასმელების მირთმევით ტკბებიან, მათ იახტებს ხშირად ამარაგებენ სექს მუშაკებითა და ექსტრავაგანტური დეკორაციებით. სფეროში მომუშავე სპეციალისტების თქმით, მათი კლიენტები ითხოვენ ჰოკაიდოს კუნძულის ნესვის იშვიათ სახეობას, გველთევზას ტყავის სავარძლებს, პირად წყალქვეშა ნავებს, მინი სათხილამურო ტრასას და გართობის სხვა უამრავ საშუალებას.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა