„საქართველო დადექი“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, - ამ ლოზუნგით შეუერთდნენ კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.
მათ მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყეს, პროტესტის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერები და პლაკატები და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ის სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოშტარიას.
„ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა ჩვენთვის პერსონალურად, მათ შორის, თუმცა, მგონია, რომ უნდა შევარჩიოთ ყველამ ისეთი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც არათუ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ივანიშვილს დავაზიანებთ“,- აღნიშნა კუპრაძემ.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის, გადაკეტილია. ადგილზე დამონტაჟდა სცენაც.
მისი თქმით, ის და ელენე ხოშტარია შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ამას ერთიანი ძალით უნდა დაუპირისპირდნენ.
„ქვეყანაში ძალიან დიდი ბოროტება ხდება. ხელისუფლებამ პირდაპირ მოკიდა ხელი [ქვეყანას] და მიაქანებს რუსეთისკენ და აქ პუტინისტურ რეჟიმს ქმნის. ამ ვითარებაში, როცა ამდენი პოლიტპატიმარია, სასამართლოში საშინელება ხდება, სახელმწიფო ინსტიტუტებს ლეგიტიმაცია აღარ აქვს - ამ დროს ჩვენ შექმნილ ვითარებას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ამას ერთიანი ძალით უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არის მთავარი კონტექსტი და არა ის, თვითმმართველობაზე ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი