ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის კიდეზე იდუმალი და იშვიათი პლანეტა აღმოაჩინეს. პლანეტა სახელად AT2021uey b იუპიტერის ზომის გაზის გიგანტია, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 3200 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს.
კვლევის მიხედვით, AT2021uey b-ს თავისი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნვისთვის 4170 დღე სჭირდება.
Live Scene-ის ცნობით, ამ უშველებელი პლანეტის ჩრდილი პირველად 2021 წელს ევროპის კოსმოსური სააგენტოს Gaia ტელესკოპის მიერ შეგროვებულ მონაცემებში შენიშნეს. თუმცა ასტრონომებს პლანეტის შესახებ დეტალების დასადასტურებლად არაერთი შემოწმება დასჭირდათ.
კვლევის თანახმად, ასტრონომებმა პლანეტა მიკროლინზირების მეშვეობით აღმოაჩინეს. ეს მეთოდი აქამდე მხოლოდ სამჯერ თუ ყოფილა გამოყენებული.
მიკროლინზირება აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზეა დაფუძნებული. ვილნიუსის უნივერსიტეტის ასტრონომმა და კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა მარიუს მასკოლიუნასმა, Phys.org-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განიხილა, თუ რამდენად შრომატევადია ამ მეთოდის გამოყენება:
"ამ ტიპის სამუშაო დიდ ცოდნას, მოთმინებას და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა იღბალსაც მოითხოვს. დიდი ხნის განმავლობაში უნდა ელოდოთ წყარო ვარსკვლავისა და ლინზირების ობიექტის ერთმანეთთან გათანაბრებას, შემდეგ კი აურაცხელი ოდენობის მონაცემების შემოწმება გიწევთ. დასაკვირვებელი ვარსკვლავების 90% სხვადასხვა მიზეზის გამო პულსირებს და მხოლოდ შემთხვევების უმცირესობაში ვლინდება მიკროლინზირების ეფექტი",- თქვა მასკოლიუნასმა განცხადებაში.
კვლევის თანახმად, მიკროლინზირება ხდება მაშინ, როდესაც მასიური ციური სხეული მცირე დროის განმავლობაში დგება კიდევ უფრო შორეული ვარსკვლავის წინ. როდესაც პლანეტა მოგზაურობის დროს ვარსკვლავის წინ ჩერდება, სინათლე იწყებს პლანეტის გარშემო მოხვევას, რაც აძლიერებს ვარსკვლავის სინათლეს. კვლევის თანახმად, ასტრონომები სწორედ ამ დროებით აკაშკაშებულ სინათლეს ეძებენ.
მასკოლიუნასმა მიკროლინზირების მუშაობის წარმოდგენისთვის მაგალითი მოიყვანა:
"ამ მეთოდში ის მაოცებს, რომ მას უხილავი სხეულების აღმოჩენა შეუძლია. წარმოიდგინეთ ჩიტი, რომელიც თქვენს გვერდით დაფრინავს, თქვენ თავად ჩიტს ვერ ხედავთ და არ იცით რა ფერისაა - მხოლოდ მის ჩრდილს ხედავთ, - თქვა მასკოლიუნასმა განცხადებაში. "მაგრამ მისგან (ჩრდილისგან), გარკვეული ალბათობით, შეგიძლიათ განსაზღვროთ, ბეღურა იყო თუ გედი და რა მანძილზე იყო ჩვენგან. ეს წარმოუდგენლად საინტერესო პროცესია", - დასძინა მეცნიერმა.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა