ავტორი:

განგაშის წითელი დონე და საგანგებო მდგომარეობა: ევროპის დიდ ნაწილში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა -  ესპანეთში ერთ-ერთ ქალაქში +46°C დაფიქსირდა

განგაშის წითელი დონე და საგანგებო მდგომარეობა: ევროპის დიდ ნაწილში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა -  ესპანეთში ერთ-ერთ ქალაქში +46°C დაფიქსირდა

ევროპაში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურაა. რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო გაფრთხილებებიც კი გამოსცა. ევროპის წამყვანი მეტეოროლოგიური სააგენტოების პროგნოზით, 2025 წლის ივნისის ბოლო და ივლისის დასაწყისი რეგიონისთვის შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე ცხელი პერიოდი აღმოჩნდეს.

წითელი განგაშის დონე მოქმედებს პორტუგალიის, იტალიისა და ხორვატიის ზოგიერთ ნაწილში, ასევე გაფრთხილება გამოცხადდა საფრანგეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, უნგრეთში, სერბეთში, სლოვენიასა და შვეიცარიაში.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს (AEMET) ცნობით, შაბათს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ელ გრანადოში ტემპერატურამ 46°C-ს მიაღწია. ასეთი მაღალი ტემპერატურა ბოლოს სევილიაში, 1965 წელს დაფიქსირდა.

ბარსელონაში, ქუჩების დამლაგებელი ქალი შაბათს, ძლიერი სიცხის მიზეზით გარდაიცვალა.

ექსპერტების გაფრთხილებით, პლანეტაზე კლიმატის ცვლილების გამო ამინდის ექსტრემალური ცვლილება სულ უფრო ხშირი ხდება.

იტალიაში, შაბათ-კვირას უკიდურესი სიცხის გამო, 21 ქალაქში, მათ შორის მილანში, ნეაპოლში, ვენეციაში, ფლორენციაში, რომსა და კატანიაში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. განსაკუთრებით ცხელი დღეებია მოსალოდნელი სამხრეთ რეგიონებში, ასევე, კუნძულებზე, როგორიცაა სარდინია და სიცილია.

"კოლიზეუმის მონახულება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ დედამ სიცხის გამო გონება დაკარგა“, - თქვა ბრიტანელმა ტურისტმა ანა ბეკერმა.

იტალიის საგანგებო და კატასტროფების მედიცინის საზოგადოების (SIMEU) ვიცე-პრეზიდენტის, მარიო გუარინოს განცხადებით, საავადმყოფოებში სითბური დარტყმის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა.

სამოქალაქო დაცვის სამსახური (Il Dipartimento della Protezione Civile) იუწყება, რომ ტემპერატურამ შესაძლოა 43-45°C-ს მიაღწიოს.

ცხელი ამინდი ზოგიერთ ქვეყანაში კვირის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, ხოლო ტემპერატურა მომდევნო დღეებში მოიმატებს საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

წყარო