ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 17 წლის ვაჟის, ადამ კადიროვის ქორწილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა არა მხოლოდ მისი ახალგაზრდული ასაკის, არამედ დღესასწაულზე გამოჩენილი ფუფუნების გამო. Telegram-არხებში გავრცელებული ინფორმაციით, შაბათ-კვირას გამართულ საქორწინო ცერემონიაზე ადამი ოქროს იარაღითა და მაჯის საათით იყო, რომლის ღირებულებაც მცირე რუსული ქალაქის წლიურ ბიუჯეტს უტოლდება - წერს რუსული მედია.
Telegram-ის არხის "VChK-OGPU" ცნობით, ადამ კადიროვს მაჯაზე ეკეთა Jacob & Co. Billionaire ASHOKA-ს საათი, რომელიც 320 ბრილიანტით არის მოჭედილი. მისი ფასი 27.7 მილიონ დოლარია, რაც აშკარად გაუგონარი თანხაა.
გარდა ამისა, ადამი გადაადგილდებოდა ლიმიტირებული გამოშვების "Mercedes-Benz G-Class Edition STRONGER THAN THE 1980s"-ის მოდელის ავტომობილით. ეს სერია სულ 460 ავტომობილს მოიცავს და ოფიციალურად რუსეთში არასოდეს ჩამოუტანიათ. მანქანა გერმანიაში 2025 წლის 16 აპრილს იქნა წარდგენილი, მისი საწყისი ფასი კი 190 ათასი დოლარია.
ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც Telegram-არხ "ChTD"-ზე გავრცელდა, 17 წლის ადამ კადიროვი ძვირადღირებული ავტომობილის საჭესთან ზის და ხელში ოქროსფერი იარაღი უჭირავს. ცოტა ხნის შემდეგ ის კი იწყებს ცაში სროლას, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს საზოგადოებაში.
ადამის რჩეული, მედნი, კადიროვების საგვარეულო სოფელ ახმატ-იურტიდანაა. ინფორმაცია ქორწილის შესახებ ადამ კადიროვის დამ, აიშათ კადიროვამ გაავრცელა. ადამი ჯერ 18 წლის არ არის - სრულწლოვანი ის მხოლოდ 24 ნოემბერს გახდება.
აიშათ კადიროვას თქმით, ზეიმი სწორედ საგვარეულო სოფელში იყო დაგეგმილი. მან ასევე განმარტა, რომ ქორწილიდან არცერთი კადრი არ გამოქვეყნდებოდა საჯაროდ. "ჩვენ არ ვავრცელებთ საქორწინო ვიდეოებს არსად. ეს მშობლების სურვილია“, - აღნიშნა ოჯახის წარმომადგენელმა. საქორწინო ცერემონია შაბათს, 28 ივნისს გაიმართა.
საქორწინო ცერემონიამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში არაოფიციალურად შეხვდა ადამ კადიროვს. ამის შესახებ ინფორმაცია თავის Telegram-გვერდზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა გაავრცელა.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ "მიუხედავად მისი შედარებით ხანმოკლე ცხოვრებისა, ადამმა უკვე დაამტკიცა, რომ არის პასუხისმგებელი, ინიციატივიანი და სანდო ლიდერი ძლიერი ხასიათით, შინაგანი დისციპლინითა და ხალხისადმი გულწრფელი ერთგულებით“. რუსეთის ლიდერმა პირადად მიულოცა ადამს ქორწილი და ოჯახური ბედნიერება და წარმატებები უსურვა.
მოგვიანებით, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ისაუბრა პუტინის ზარის შესახებ. მან თქვა, რომ ბედნიერი იყო პრეზიდენტის ყურადღებით.
"გილოცავთ თქვენ და თქვენს ახლობლებს, და რაც მთავარია, იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს მილოცვას დღეს - თქვენს ვაჟს! არ აწყენინოთ, თორემ ჩემთან იჩივლებენ“, - გაამხილა ბედნიერმა მამამ საუბრის დეტალები.
ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი მეთაურის ვაჟი, 2007 წელს დაიბადა. ადრეული ბავშვობიდან ის საზოგადოებრივი ღონისძიებების, სხვადასხვა ოფიციალური ცერემონიების და მედიის ყურადღების ცენტრშია. ბოლო წლებში ის აქტიურად მონაწილეობდა მრავალ სახელმწიფო და სოციალურ ღონისძიებაში მამასთან, რამზან კადიროვთან ერთად. ასაკის მიუხედავად მას უკვე 20-ზე მეტი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული.