ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები სპეცოპერაციას ატარებენ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაარსებული პროპაგანდისტული მედიასაშუალების, "სპუტნიკის“ აზერბაიჯანული სამსახურის ოფისში.
ამის შესახებ აზერბაიჯანის შსს-ზე დაყრდნობით იუწყებიან ადგილობრივი მედიასაშუალებები APA და Report-ი. შსს-ს თანახმად, ოფისში საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
დამატებითი დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.
ა.წ. თებერვალში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აიჰან ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ "სპუტნიკ აზერბაიჯანი“ ლიკვიდირებული იყო და მხოლოდ ერთი კორესპონდენტისთვის შეეძლო აკრედიტაციის მიღება. ამის მიუხედავად, სააგენტო კვლავ აგრძელებდა ფუნქციონირებას.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში აზერბაიჯანული წარმოშობის 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. რეიდის დროს ორი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა. ბაქო მოითხოვს, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ.
ამის შემდეგ აზერბაიჯანში გაუქმდა ყველა ერთობლივი კულტურული ღონისძიება, რომელიც რუსეთის სახელმწიფო და კერძო უწყებების მონაწილეობით იყო დაგეგმილი. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ. ოფიციალურად ითქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა "რუსეთის სამართალდამცავების მიერ ეთნიკური ნიშნით აზერბაიჯანელების მიმართ განხორციელებული მიზანმიმართული ქმედებები“ ეკატერინბურგში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებები სერიოზული დანაშაულების გამოძიების ნაწილი იყო და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განმარტა, რომ საქმეები 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილ მკვლელობებს შეეხება.
როგორც პორტალი E1.ru იტყობინება, 2001 წელს ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი იუნის ფაშაევი მოკლეს - მთავარი ეჭვმიტანილები იმ დროს "კასპიის“ კაფეს მფლობელები, ძმები გუსეინ და ზიადინ საფაროვები იყვნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, 27 ივნისს დაკავების დროს გარდაიცვალნენ.
საქმის გამოძიების ფარგლებში, ეკატერინბურგის სასამართლომ დღეს 19 ივლისამდე სამი პირი დააკავა: მაზაჰირ, აკიფ და აიაზ საფაროვები. მათ ბრალი წაუყენეს მკვლელობაში. სასამართლო დარბაზიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ერთ-ერთ დაკავებულს სახეზე სილურჯეები აქვს.
დანარჩენი სამი ეჭვმიტანილის - ახლიმან განჯიევის, შაჰინ ლალაევის და ბაკირ საფაროვის - აღმკვეთი ღონისძიება მოგვიანებით შეირჩევა.