ავტორი:

რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები და რას ნიშნავს ორსულობის დაგეგმვა? - ინტერვიუ ექიმ-რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილთან

რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები და რას ნიშნავს ორსულობის დაგეგმვა? - ინტერვიუ ექიმ-რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილთან

ბოლო წლებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სოციალური მედიასა თუ სხვა ინტერნეტ რესურსებზე ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

ინფორმირებულობა კი თავის მხრივ ხელს უწყობს ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ექიმისთვის სკრინინგისა თუ სხვა პროფილაქტიკური პროცედურებისთვის მიმართვას.

ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი დეტალურად განმარტავს, რას ნიშნავს ორსულობის დაგეგმვა, რა პროფილაქტიკური კვლევები უნდა ჩავიტაროთ პერიოდულად და რატომ არის მნიშვნელოვანი, მოზარდებს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით:

ზოგადად, როგორ შეაფასებდით საქართველოში რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურას?

ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების ცოდნა და ინფორმირებულობა ამ საკითხის მიმართ, რეგულარული პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიზნით, ოჯახის დაგეგმვის, ჰიგიენის და სქესობრივად გადამდები ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი პოზიტიური ცვლილება მოხდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა უფასო პროგრამები, რომელიც მათ აძლევთ შესაძლებლობას, ჩაიტარონ სკრინინგი ისეთი გავრცელებული დაავადებების პრევენციისთვის, როგორიცაა ძუძუს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, პროსტატის კიბო მამაკაცებში, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და ა. შ.

ამასთანავე გაიზარდა მოქალაქეების ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ. 30-40 წლის წინ საქართველოში ოჯახის დაგეგმვა ხელოვნური აბორტებით ხდებოდა, არ არსებობდა კონტრაცეპცია, დღეს კი კონტრაცეპტივები ხელმისაწვდომია. სულ უფრო ხშირად მომმართავენ წყვილები, არა იმიტომ რომ რამე აწუხებთ, არამედ სურთ ორსულობის დაგეგმვა და უნდათ ამ საპასუხისმგებლო მნიშვნელოვანი მოვლენისთვის წინასწარ მოემზადონ და მიიღონ სათანადო რეკომენდაციები ან სურთ სკრინინგული კვლევების ჩატარება დაავადებების პრევენციის მიზნით. ამგვარი რამ თუნდაც 5 წლის წინ იშვიათი იყო. ადრე ექიმთან მიმართვიანობა ხდებოდა ძირითადად მაშინ, როცა პაციენტს ჯანმრთელობის მწვავე ჩივილები ჰქონდა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ პრობლემებს უქმნიდა. საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ საზოგადოების ცნობიერების გაზრდაში მეც შემაქვს მოკრძალებული წვლილი, ჩემს შემეცნებით ვიდეოებს სოციალურ ქსელებში ასიათასობით ნახვა აქვს, რაც ვფიქრობ გარკვეულ საქმეს აკეთებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით.

განგვიმარტეთ, რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული უშვილობა და რას გულისხმობს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა?

რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა უშვილობას იწვევს. ერთი შეხედვით უშვილობა არაა დაავადება, მას არ ახასიათებს ტკივილი, არ ქვეითდება შრომის უნარიანობა, უშვილო წყვილების უმრავლესობა პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან და გამომწვევი მიზეზი ხშირად ორგანიზმის ისეთ ცვლილებებშია, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლოა არც იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო. მიზეზები ძირითადად ჰორმონალური სისტემის დისბალანსით, საშვილოსნოს ორგანული ცვლილებებით (პოლიპი, მიომატოზური კვანძი), დახურული ან შევიწროებული საშვილოსნოს მილების და დაბალი ხარისხის სპერმითაა გამოწვეული. თუ პაციენტს საკმარისი ცოდნა აქვს რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რეგულარულად იტარებს პროფილაქტიკურ სამედიცინო კვლევებს. შესაბამისად, უშვილობის რისკები მცირდება.

რა ასაკიდან უნდა დაიწყონ გოგოებმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა? მაგალითად, მოზარდის შემთხვევაში რამდენ ხანში ერთხელ არის გინეკოლოგთან ვიზიტი რეკომენდებული?

ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გარკვეულ ცოდნას მშობლები უნდა ფლობდნენ იმისათვის, რომ დაეხმარონ შვილებს, განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების პერიოდში და მიაწოდონ მათ საჭირო ინფორმაცია იმ ფიზიოლოგიური ცვლილებების შესახებ, რომელთა შესახებ ბავშვებმა არ იციან. მაგალითად, პირველი მენსტრუაცია გოგონასთვის შეიძლება დიდი სტრესის და გაურკვევლობის მიზეზი გახდეს, ისევე როგორც ბიჭებში სქესობრივი მომწიფებისას მიმდინარე სხეულის სპეციფიკური ცვლილებები. მნიშვნელოვანია, მშობელი დეტალურად იყოს ინფორმირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე და მაგალითად, ნაადრევი ან პირიქით გვიანი სქესობრივი მომწიფების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

მოზარდმა მშობლებისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებაში მაინც ისეთ ტაბუდადებულ თემაზე, როგორიცაა პირველი სქესობრივი კონტაქტი, რადგან ხშირად თანატოლები ერთმანეთს არასწორ ინფორმაციას აწვდიან, რაც შემდგომში ბევრ პრობლემას წარმოშობს.

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან გოგონას პირველი ვიზიტი პირველი მენსტრუაციის შემდეგ ხდება. მნიშვნელოვანია, ინფორმირება სქესობრივად გადამდები ინფექციებისა და ჰიგიენის შესახებ, რომელთა შესახებაც პირველ რიგში მშობელმა უნდა იცოდეს იმისათვის, რომ მოზარდს დაეხმაროს.

რა მნიშვნელობა აქვს პერიოდულ ვიზიტებს სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის?

წლების წინ ჩვენთან პროფილაქტიკური მედიცინა არ არსებობდა, დღეს კი ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ პროფილაქტიკური კვლევები გვაძლევს შესაძლებლობას ნებისმიერი დაავადება მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ, როცა მისი მკურნალობა გაცილებით ეფექტურია და ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს. მაგალითად, ქალებში სარძევე ჯირკვლების კიბო ყველაზე გავრცელებულია ონკოლოგიურ დაავადებებს შორის. ამიტომაც მისი სკრინინგისთვის რეგულარულად ტარდება სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია და/ან მამოგრაფია. ონკოლოგიურ დაავადებებს შორის გავრცელების სიხშირით მეორე ადგილზეა საშვილოსნოს ყელის კიბო რისთვისაც ტარდება პაპტესტი, მაღალი რისკის პაპილომავირუსის კვლევა, ვაქცინაცია პაპილომავირუსზე.

რამდენ ხანში ერთხელ არის გინეკოლოგთან გეგმური ვიზიტი საჭირო სხვადასხვა ასაკში?

პროფილაქტიკური გინეკოლოგიური კვლევების სიხშირე დამოკიდებულია ქალის ასაკზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებზე, რაც უმჯობესია ექიმმა ინდივიდუალურად განსაზღვროს. როგორც მოგახსენეთ, გოგონას პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან-რეპროდუქტოლოგთან ხდება პირველი მენსტრუაციის შემდეგ, ხოლო 18 წლის ასაკიდან რეკომენდებულია გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი და რა სიხშირით და კონკრეტულად რომელი კვლევები სჭირდება ქალს, ეს ინდივიდუალურად განისაზღვრება.

პროფილაქტიკური კვლევების პაკეტში მუდმივად შედის ისეთი კვლევები, როგორიცაა, გინეკოლოგიური ექოსკოპია, სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია ან მამოგრაფია, პაპტესტი და/ან ანალიზი მაღალი რისკის პაპილომავირუსზე.

რაც შეეხება ბიჭებს, მათ 11-12 წლის ასაკიდან უტარდებათ პაპილომავირუსზე ვაქცინაცია, მამაკაცები 40 წლამდე ყოველწლიურად უნდა დადიოდნენ ვიზიტზე ექიმ-თერაპევტთან, რომელიც განსაზღვრავს მათთვის საჭირო კვლევებს და მისცემს სათანადო რეკომენდაციებს, ხოლო 40 წლიდან აუცილებელია პროსტატას კიბოს სკრინინგი, რისთვისაც ტარდება ანალიზი PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) .

როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა ცნობიერების ამაღლება საქართველოში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და თუნდაც არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვასთან დაკავშირებით?

მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით საზოგადოება დღეს მეტად არის ინფორმირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, მაინც საჭიროა მეტი მუშაობა ამ მიმართულებით, როგორც ექიმების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, იქნება ეს ტრენინგები სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის, საინფორმაციო ბუკლეტები, შემეცნებითი სიუჟეტები, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, რა მიმართულებითაც სასიკეთო ძვრები უკვე გვაქვს.

პაციენტმა ნებისმიერი პროფილის ექიმთან ვიზიტისას უნდა მიიღოს არა მხოლოდ დანიშნულება მისი კონკრეტული პრობლემის დასაძლევად, არამედ საჭიროებისამებრ რეკომენდაციები და რჩევები ჯანსაღი ცხოვრების წესთან და/ან კვებასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ,, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა შობადობის შემცირებაა, რაც ძალიან ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული, ამ მიმართულებით ეფექტური იქნება წყვილების ფინანსური ხელშეწყობა იმისათვის, რომ მათ უფრო ახალგაზრდა ასაკში შეძლონ ორსულობის დაგეგმვა. მოგეხსენებათ, რომ ათწლეულების წინ ქალების უმრავლესობა ძირითადად საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული, მათმა ეკონომიკურმა გაძლიერებამ, განათლების ხელმისაწვდომობამ და კარიერაზე ზრუნვის შესაძლებლობამ გაართულა ორსულობის დაგეგმვა, რადგან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან, სათანადოდ ვერ ხდება მათი ხელშეწყობა, სრულფასოვნად შეძლონ დეკრეტული შვებულებით სარგებლობა ან მისგან ისე დაბრუნება, რომ პროფესიულად გარკვეული სირთულეები არ შეექმნათ.

აღნიშნული ფაქტორების გამო წყვილები უმეტესად ცდილობენ ორსულობის გადავადებას ან ერთი მშობიარობის შემდეგ მომდევნო ორსულობამდე ხანგრძლივ ინტერვალს აკეთებენ.

სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს ხელშეწყობა განსაკუთრებით ახალგაზრდა წყვილებისთვის, რომ მათ თამამად შეძლონ ორსულობის დაგეგმვა.

და ბოლოს, რა ზოგად რეკომენდაციებს მოგვცემდით რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებით?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს რეპროდუქციული ფუნქციის შესახებ სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ. აუცილებელია რეგულარული პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევების ჩატარება, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. გინეკოლოგიური სკრინინგი არა მხოლოდ გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციაა, არამედ ის პირდაპირ კავშირშია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან.

ვიზიტისას ექიმი ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს ყველა პაციენტს მის ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, ცხოვრების წესიდან და ასაკიდან გამომდინარე.

მართალია, სოციალური ქსელებით საზოგადოების ინფორმირებულობა მაღალია, თუმცა რთულია ზღვა ინფორმაციაში ნამდვილის და „ფეიკის“ გარჩევა, ამავე დროს, ხშირად აუდიტორიას ინფორმაცია არასწორად მიეწოდება, რაც ამა თუ იმ საკითხის მიმართ მცდარ შეხედულებებს აჩენს. მაგალითად, ერთის მხრივ პოზიტიური ამბავი, როცა 50 ან 60 წლის ქალი დაორსულდა და იმშობიარა, იმედს აძლევს ადამიანებს, რომ თანამედროვე მედიცინის განვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ასაკში შეუძლია დაგეგმოს ორსულობა. თუმცა ეს ცალკეული და იშვიათი შემთხვევებია და ამასთანავე 50-60 წლის ასაკში ორსულობის მიღწევა დიდ შრომასა და დანახარჯებს მოითხოვს. მოგეხსენებათ, რომ კვერცხუჯრედების მარაგი ასაკთან ერთად მცირდება, ეს პროცესი 25 წლის ასაკიდან იწყება, ცვლილებები დაახლოებით 35 წლამდე თითქმის შეუმჩნეველია, ხოლო შემდეგ ერთიორად ჩქარდება კვერცხუჯრედების განლევის პროცესი. ის, რომ მენსტრუალური ციკლი რეგულარულია, არ ნიშნავს რომ შვილოსნობის უნარი მაღალია. მართალია, თანამედროვე მედიცინა გვაძლევს საშუალებას შევინახოთ კვერცხუჯრედები ახალგაზრდა ასაკში იმისათვის, რომ შემდგომში საჭიროებისამებრ გამოიყენოს ქალმა, თუმცა ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ყველას ხელი ვერ მიუწვდება და ამავე დროს ეს არაა გარანტია, რომ ხანდაზმულ ასაკშიც შეძლებ ჯანმრთელ ორსულობას და მშობიარობას, ასაკთან ერთად იზრდება რისკები, ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის და მშობიარობის გართულებების სიხშირე. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს რეალობა გაცნობიერებული ჰქონდეს წყვილს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება როდის და რანაირად დაგეგმოს ორსულობა.