საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზე დგას - ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის არ დანახვაც შეუძლებელია.მიუხედავად მცირედი მატებისა ცალკეულ წლებში, მოსახლეობის რაოდენობის საერთო ტენდენცია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კლებისკენაა მიმართული. თუ გავითვალისწინებთ დაბადება-გარდაცვალების ნეგატიურ სალდოს და თანმდევად მაღალი მასშტაბის მიგრაციულ პროცესებს, ქვეყნის დემოგრაფიული რუკა თანდათანობით მცირდება, რაც არა მხოლოდ სოციალურ, არამედ ეკონომიკურ და სტრატეგიულ საფრთხეებსაც ქმნის.
ოფიციალური სტატისტიკა ცხადად აჩვენებს, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია ჩამოშორდა იმ ეპოქას, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა 5 მილიონს აჭარბებდა.
დაბადებულთა რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა, სიკვდილიანობა - პანდემიური წლებისა და ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების ფონზე - კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, ხოლო ემიგრაციაში წასული ათასობით ადამიანი თანდათან წყვეტს კავშირს საკუთარ ფესვებთან...
საქსტატის მიერ მოწოდებულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, 1989 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1992 წელს იყო, რა დროსაც ქვეყანაში 5.467 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. ხოლო ყველაზე მცირე - 2022 წელს – 3.688 მლნ ადამიანი.ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა 5-მილიონიან ნიშნულს 1994 წელს ჩამოსცდა, ხოლო 4-მილიონიანს - 2002 წელს.