ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი ამჟამად დაგეგმილი არ არის , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის საუბარი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მალე გაიმართოს“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრემლი სწუხს და სამართალდამცავების მუშაობა დემარშების მიზეზი არ უნდა იყოს.
ცნობისთვის, ეკატერნიბურგში მომხდარი მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ რუსეთს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდა.
ამასთან, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ აზერბაიჯანში დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეს ბაქოში მდებარე რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ოფისში ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ორი პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან "რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ფარულად მუშაობაში“.