ბაქოში Sputnik-ის თანამშრომლების დაკავების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა ბაქოში მდებარე რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც ორი პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან "რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ფარულად მუშაობაში“.
Sputnik-ის ცნობით, დღეს ბაქოში ჩატარებული ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა "Sputnik აზერბაიჯანის“ რედაქციის ხელმძღვანელი, იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელუსოვი დააკავეს.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში რუსმა სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული რეიდების დროს აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.
გუშინ, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ ქვეყანაში დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გააუქმა.