პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 30 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე გივი მიქანაძის კანდიდატურა წარადგინა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა იმავე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრე წულაძემ, მანამდე მოქმედმა განათლების მინისტრმა, თანამდებობა დატოვა.
მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები კვლავაც დღის წესრიგში იქნება. მისი თქმით, მისთვის პასუხისმგებლობა და პატივია სარგებლობდეს მაღალი ნდობით და ხელმძღვანელობდეს სამინისტროს, რომელიც თითოეულ "ჩვენგანთან და მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული“.
მიქანაძე პროფესიით იურისტია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში.
ის წლების განმავლობაში იყო შსს-ის აკადემიის ლექტორი, პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
მიქანაძე ბოლო დროს საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
"აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური კანდიდატი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა ბატონ გივის ვუსურვო წარმატებები ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა ბრიფინგზე კობახიძემ.
47 წლის მიქანაძეს 2006 წელს მიღებული აქვს იუსტიციის პოლკოვნიკის, 2017 წელს კი პოლიციის პოლკოვნიკის წოდებები.
2005 - 2008 წლებში ეკავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში.
2016 - 2018 წლებში იყო პოლიციის აკადემიის რექტორი.
ქონებრივი დეკლარაცია
გივი მიქანაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ფინანსური მდგომარეობა და აქტივები შემდეგნაირად გამოიყურება:
მიწის ნაკვეთი: დმანისი, სოფელი ბოსლები, 1000 კვ.მ. (100% მფლობელობა). შეძენილია ნასყიდობით 16.04.2021, ღირებულება 1500 USD.
მიწის ნაკვეთი: ლანჩხუთი, სოფელი არჩეული, თამაზ ტყეშელაშვილის ქუჩა N22, 613 კვ.მ. (100% მფლობელობა). შეძენილია ნასყიდობით 30.07.2024, ღირებულება 8400 GEL.
აგარაკი: დმანისი, სოფელი ბოსლები, 1221 კვ.მ. (100% მფლობელობა). შეძენილია მიწის ნასყიდობით და სახლისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობით 16.04.2021, ღირებულება 70000 GEL.
მსუბუქი ავტომანქანა: ტოიოტა ჰაილენდერი (100% მფლობელობა). შეძენილია ნასყიდობით 22.04.2023, ღირებულება 24500 USD.
დეკლარაციის შევსებისას მიქანაძეს "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა - 900 ლარი; საკრედიტო ანგარიშზე - 10006,36 ლარი; პრემიუმ ანაბარი - 10002,04 დოლარი.
"თი–ბი–სი ბანკი": მიმდინარე (სახელფასო) - 1929,5 ლარი.
დავით მიქანაძე (შვილი):
"საქართველოს ბანკი": ანაბარი - 1069,95 დოლარი; საბავშვო ანაბარი - 650 ევრო.
ლუკა მიქანაძე (შვილი):
"საქართველოს ბანკი": ანაბარი - 1600 დოლარი.
ნიკოლას მიქანაძე (შვილი):
"საქართველოს ბანკი": ანაბარი - 1200 დოლარი.
ნინო მიქანაძე (მეუღლე):
"საქართველოს ბანკი": სახელფასო - 800 ლარი; მოთხოვნამდე ანაბარი - 1615,8 ლარი; მოთხოვნამდე ანაბარი - 1000 დოლარი.
მეუღლის ქონება:
ბინა (ნინო მიქანაძე): თბილისი, პეტრე იბერის შესახვევი, N13, 55,6 კვ.მ. (100% მფლობელობა). შეძენილია ნასყიდობით 22.01.2025, ღირებულება 44480 დოლარი. აღსანიშნავია, რომ ეს არის მშენებარე ბინა, რომლის დასრულება და ჩაბარება იგეგმება 2026 წლის ბოლომდე.
შემოსავლები (2024 წლის მონაცემებით):
ნინო მიქანაძე: საქართველოს პარლამენტის აპარატი, წამყვანი სპეციალისტი (01.01.2024 - 31.12.2024): 30583 ლარი.
გივი მიქანაძე: ხელფასი (ჰონორარი სახელმძღვანელოს თანაავტორობისთვის): 5150 ლარი; ხელფასი (ჰონორარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის): 6800 ლარი.
გასავალი: უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხა: 8400 ლარი.
გივი მიქანაძე დაიბადა 1977 წლის 20 მაისს. მისი მეუღლეა ნინო მიქანაძე 1993 წლის 10 იანვარს. აღსანიშნავია, რომ წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელია წელია. ნინო მიქანაძე დასაქმებულია საქართველოს პარლამენტის აპარატში წამყვან სპეციალისტად.
წყვილს სამი შვილი ჰყავს:
დავით მიქანაძე: დაბადებული 2014 წლის 6 ნოემბერს.
ლუკა მიქანაძე: დაბადებული 2020 წლის 7 ნოემბერს.
ნიკოლას მიქანაძე: დაბადებული 2022 წლის 7 ივლისს.
შეგახსენებთ, ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დღეს, 30 ივნისს დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება თავად წულაძე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. წულაძე მანამდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძემ გიორგი ამილახვარი შეცვალა.