ავტორი:

"ჩუმი მკვლელი" - რა უნდა იცოდეთ სითბური ტალღების შესახებ და ვინ არის ყველაზე დაუცველი მის მიმართ?

"ჩუმი მკვლელი" - რა უნდა იცოდეთ სითბური ტალღების შესახებ და ვინ არის ყველაზე დაუცველი მის მიმართ?

პლანეტის დათბობის ფონზე სითბური ტალღები სულ უფრო ცხელი და ინტენსიური ხდება. მედიკოსები სითბურ ტალღებს "ჩუმ მკვლელს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მართალია, საქართველოში გრილი ზაფხულია და ამ ეტაპზე მისი გავლენა არ იგრძნობა, თუმცა ევროპაში აქტუალური პრობლემაა.

  • ვისთვის არის ყველაზე სახიფათო ჰაერის მაღალი ტემპერატურა?

ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი კვდება. ეს ციფრი მეტია, ვიდრე ომებისა და ტერორიზმის შედეგად დაღუპულთა საშუალო წლიური მაჩვენებელი.

ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში ორგანიზმს სტრესულ გარემოში უწევს ფუნქციონირება, გული, თირკმელები და ფილტვები მეტი დატვირთვით მუშაობენ, რაც პირველ რიგში, საფრთხეს უქნის იმ ადამიანებს .ვისაც აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, თუმცა, ყველაზე მეტი სიკვდილიანობა მაინც ხანდაზმულ ადამიანებში ფიქსირდება,

გარდა ამისა სტატისტიკურად, სიცხის გამო უფრო მეტი ქალი კვდება, ვიდრე მამაკაცი.

მაღალ რისკ ჯგუფში შედის ღარიბი მოსახლეობა - მათ ხშირად არ აქვთ კონდიციონერი, კარგად იზოლირებული სახლი, ან მწვანე სივრცეებთან წვდომის საშუალება.

  • როგორ დავიცვათ თავი სითბური ტალღებისგან?

ყველაზე მარტივი რჩევაა - თავი მოარიდეთ სიცხეს. არ გახვიდეთ გარეთ დღის ყველაზე ცხელ საათებში და თუ აუცილებელია, იყავით ჩრდილში. სახლის გასაგრილებლად ფანჯრები დღისით დახურეთ და ღამით გააღეთ, როცა გარეთ ტემპერატურა სახლის ტემპერატურაზე დაბალია. იმისთვის რომ მზის პირდაპირმა სხივებმა არ შემოაღწიონ, ფანჯრებზე ჩამოაფარეთ ჟალუზები, ან ფარდები.

ასევე, ხშირად სვით წყალი, ჩაიცვით მსუბუქად და ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარშემო მყოფ მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებს.

  • რატომ იმატებს სითბური ტალღების ინტენსივობა?

მთავარი მიზეზი დედამიწის დაბინძურებული ატმოსფეროა, რომელიც მზის სხივებით გამთბარ პლანეტას გაგრილებაში ხელს უშლის. შედეგად, ინდუსტრიამდელ ეპოქასთან შედარებით, ტემპერატურა საშუალოდ 1.3°C ით არის მომატებული - ხმელეთის ცალკეულ უბნებზე გაცილებით მეტად.

გლობალური დათბობის ეფექტის შესამცირებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი - გამოყენებული საწვავის რაოდენობის შემცირებაა,

ნაკლები გამონაბოლქვი ნაკლებად დაბინძურებულ ატმოსფეროს ნიშნავს, გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს ტყეების და ჭაობების განადგურებისგან დაცვა, “მწვანე“ ქალაქების დაგეგმარება.

ავტორი: ლაშა ლაშქარაშვილი

წყარო