რუსეთთან სამხედრო ხელშეკრულების წლისთავისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე აჩვენეს კადრები, სადაც ჩანდა, თუ როგორ მიაგებდა პატივს კიმ ჩენ ინი უკრაინაში დაღუპულ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს.
კადრებზე ჩანდა თვალცრემლიანი კიმ ჩენ ინი ექვსი კუბოს წინ.


ცერემონიის თარიღი უცნობია. კიმი და სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის მისი და, კიმ იო ჩენგი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი, ზამთრის ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯარისკაცების ნეშტი ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე თვის წინ დააბრუნეს.

გალა კონცერტს კიმ ჩენ ინი თვითონაც ესწრებოდა.

ფხენიანი თვეების განმავლობაში უარყოფდა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების საბრძოლველად გაგზავნას, ახლა კი რეჟიმი ცდილობს უკრაინის კონფლიქტში თავის ჩართულობას დადებითი ელფერი შესძინოს.

სამხრეთ კორეელმა ოფიციალურმა პირებმა გასულ აპრილში განაცხადეს, რომ უკრაინაში ომში დაახლოებით 4 700 ჯარისკაცი დაშავდა, 600 კი დაიღუპა.
