იტალიელმა სამართალდამცველებმა ბავშვთა უფლებების შელახვის შემაშფოთებელი შემთხვევა გამოავლინეს. იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ფერმაში იპოვეს 6 და 9 წლის გოგონა და ბიჭი, რომლებიც აქ მამამ გადამალა. ისინი სამი წლის განმავლობაში დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ.
სამართალდამცველებმა ისინი აპრილში იპოვეს, მედიისთვის კი ახლა გახდა ცნობილი. მოზარდები მას შემდეგ იპოვეს, რაც წყალდიდობის გამო პოლიცია ფერმაში შევიდა ევაკუაციის მიზნით.
პოლიციელების ცნობით, ბავშვები ცხოვრობდნენ ურთულეს პირობებში, ისეთ ადგილას, სადაც არც ელექტროენერგია იყო და არც წყალმომარაგება.
მამამ იტალიურ მედიასთან თქვა, რომ ბავშვების იზოლირება გადაწყვიტა, რათა ისინი თანამედროვე საზოგადოებისგან და ვირუსებისგან, მათ შორის, COVID-19-ისგან დაეცვა.
იტალიურმა მედიამ და The Brussels Times-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მამას ძალიან აწუხებდა ვირუსების საკითხი და სჯეროდა შეთქმულების თეორიების, რამაც გავლენა მოახდინა მის გადაწყვეტილებაზე, კონტაქტი გაეწყვიტა გარე სამყაროსთან.
ტურინის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ გადაიყვანეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ადგილას ბავშვები არასდროს შეუნიშნავთ,
არსებული ინფორმაციით, ბავშვების დედა 38 წლის ქალია, რომლის შესახებაც დამატებით ინფორმაცია არ გავრცელებულა.