ავტორი:

არეულობა კარიკატურის გამო - თურქეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, მხატვარი კი დაკავებულია

არეულობა კარიკატურის გამო - თურქეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, მხატვარი კი დაკავებულია

სტამბოლში პროტესტის ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ჟურნალ LeMan -მა თავის გვერდზე ის კარიკატურა გამოაქვეყნა, რომელიც, სავარაუდოდ, წინასწარმეტყველ მუჰამედს ასახავდა.

ცნობისთვის:

  • LEMAN - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სატირული ჟურნალია თურქეთში. ის გამოირჩევა მძაფრი, პირდაპირი და ხშირად უკომპრომისო იუმორით, რომელიც მიმართულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პოლიტიკის, საზოგადოებრივი ტენდენციების და კულტურული ფენომენების კრიტიკისკენ.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რამდენიმე ათეულმა აღშფოთებულმა დემონსტრანტმა სტამბოლის ცენტრში იმ ბარს შეუტია, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ LeMan-ის თანამშრომლები. შედეგად, პოლიციასთან შეტაკებები მოხდა, რომელიც სწრაფად გადაიზარდა მასობრივ არეულობაში, სადაც დაახლოებით 250-300 ადამიანი მონაწილეობდა. სამართალდამცველებს მომიტინგეების დასაშლელად რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოიყენება დასჭირდათ.

სტამბოლის მთავარი პროკურორის განკარგულებით, ჟურნალ LeMan-ის თანამშრომლები დააპატიმრეს, დაკავების საფუძველი “რელიგიური ღირებულებების საჯარო შეურაცხყოფაა", თუმცა რედაქტორი თუნჯაი აქგუნი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გამოსახულება შეგნებულად არასწორად იქნა გაგებული.

“ეს კარიკატურა არ ასახავს წინასწარმეტყველ მუჰამედს, ამ გამოსახულებით ჩვენ გვინდოდა იმ ჩაგრულ მუსლიმთა სახე წარმოგვეჩინა, ვინც ისრაელმა დახოცა თავისი დაბომბვებით, ისლამურ სამყაროში 200 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქვია მუჰამედი და ამ სახით ნახატის ინტერპრეტირება, წინასწარ განზრახული, ძალიან ბოროტი ჩანაფიქრია... ბოდიშს ვიხდით ჩვენი კეთილსინდისიერი მკითხველების წინაშე, რომლებიც, ჩვენი აზრით, პროვოკაციის მსხვერპლნი გახდნენ", - განუცხადა მან მედიის წარმომადგენლებს".

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჩმა, განაცხადა, რომ გამოძიება “რელიგიური ღირებულებების საჯარო შეურაცხყოფის“ მუხლით დაიწყო.

„ ჩვენი რწმენის მიმართ უპატივცემლობა მიუღებელია... არცერთი თავისუფლება არ იძლევა უფლებას, წმინდა ღირებულებები დასაცინად აქციო. წინასწარმეტყველის კარიკატურა ან ნებისმიერი სახის ვიზუალური გამოსახვა არა მხოლოდ აზიანებს ჩვენს რელიგიურ ღირებულებებს, არამედ აზიანებს საზოგადოებრივ მშვიდობასაც", - დაწერა მან X-ზე.

მომხდარ X-ზე გამოეხმაურა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიქაილიც: "პირი, რომელმაც შექმნა ეს საზიზღარი ნახატი, დაკავებულია... ეს უსირცხვილო ადამიანები კანონის წინაშე აგებენ პასუხს".

ჟურნალი LeMan, რომელიც 1991 წელს დაფუძნდა, ხშირად გამხდარა კონსერვატორების გაღიზიანების მიზეზი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2015 წელს მხარი დაუჭირა ფრანგულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს, როდესაც ისლამისტმა შეიარაღებულებმა ჟურნალის მიერ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების შემდეგ პარიზში მისი ოფისი გაანადგურეს და 12 ადამიანი მოკლეს.