ავტორი:

"აზერბაიჯანი აღარ აპირებს რუსეთის კაპრიზების მოთმენას“ - სიკვდილი დაკავებისას და ეფ-ეს-ბეს აგენტები: როგორ უკავშირდება ბაქოსა და მოსკოვს შორის კონფლიქტი გეოპოლიტიკას?

"აზერბაიჯანი აღარ აპირებს რუსეთის კაპრიზების მოთმენას“ - სიკვდილი დაკავებისას და ეფ-ეს-ბეს აგენტები: როგორ უკავშირდება ბაქოსა და მოსკოვს შორის კონფლიქტი გეოპოლიტიკას?

ეკატერინბურგში ორი აზერბაიჯანელის სიკვდილით გამოწვეულმა დიპლომატიურმა დაპირისპირებამ წელს უკვე მეორედ გამოიწვია საჯარო განხეთქილება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის სამართალდამცავების მიერ ორი აზერბაიჯანელი მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აზერბაიჯანული ექსპერტიზის დასკვნით, ძმები ზიადდინ და ჰუსეინ საფაროვები მიღებული სხეულის დაზიანებების შედეგად განვითარებული პოსტტრავმული შოკით დაიღუპნენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით კი, ერთ-ერთი დაკავებული გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

მომხდარის შემდეგ აზერბაიჯანში გაუქმდა რუსული კულტურული ღონისძიებები, ხოლო ბაქოში რუსეთის პროპაგანდისტული სააგენტო "სპუტნიკის“ ოფისში სპეცოპერაციის შედეგად, არსებული ინფორმაციით, ეფ-ეს-ბეს ორი აგენტი დააკავეს.

ხელისუფლებასთან დაახლოებული აზერბაიჯანული მედია ღიად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ბაქოს მხრიდან ასეთი პასუხი რუსეთის სამართალდამცავების ქმედებებზე არ არის გამართლებული.

თუმცა, ბაქოს მკაცრი რეაქცია მხოლოდ კონკრეტულ ფაქტს არ უკავშირდება - ის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგიც არის. რამდენიმე წლის წინ მსგავსი ტრაგედიები აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ასე ძლიერ გავლენას არ ახდენდა.

დღეს კი, ექსპერტების თქმით, აზერბაიჯანი თანდათანობით ყალიბდება რეგიონულ ძალად, რომელიც უკვე ღიად ეჭვქვეშ აყენებს მოსკოვის დომინანტურ როლს სამხრეთ კავკასიაში. ამ კონტექსტში განიხილება ბაქოს პრეტენზიებიც რუსეთის მიმართ.

კრემლში ორშაბათს განაცხადეს, რომ ეკატერინბურგში მომხდარი არ უნდა გახდეს აზერბაიჯანის მხრიდან დემარშის მიზეზი.

აზერბაიჯანის პროკურატურის პრესრელიზის მიხედვით, 27 ივნისის დილით ეკატერინბურგში წარსულ წლებში ჩადენილ დანაშაულებთან კავშირში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანის მოქალაქეები და აზერბაიჯანული ეროვნების პირები დააკავეს.

დაკავებულებს, აზერბაიჯანელი გამომძიებლების თქმით, დაკავების და ტრანსპორტირების დროს სასტიკად სცემეს, ისინი უძლურები იყვნენ, ვერ იცავდნენ თავს და განიცადეს წამება და მძიმე ფიზიკური დაზიანებები - მათ სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდათ, რაც მიყენებული იყო მყარი, ბლაგვი საგნებით სხვადასხვა ადგილას.

რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ეკატერინბურგში იჭერდნენ 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილ მკვლელობებთან დაკავშირებულ ეჭვმიტანილებს. დაკავების დროს დაიღუპნენ აზერბაიჯანელი ძმები ზიადდინ და ჰუსეინ საფაროვები, რამდენიმე ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • რა აჩვენა აზერბაიჯანულმა ექსპერტიზამ?

ორშაბათს საღამოს საფაროვების ცხედრები ბაქოში ჩამოასვენეს, სამშაბათს კი ისინი მშობლების გვერდით დაკრძალეს აგჯაბადინის რაიონის სოფლის სასაფლაოზე, - იუწყება სააგენტო "აზერტაჯი“.

აზერბაიჯანელმა სასამართლო-მედიცინის ექსპერტებმა სიკვდილამდე გამოიკვლიეს საფაროვების ცხედრები და დაადგინეს, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი ტრავმული დაზიანებები იყო.

ძმები საფაროვები

გენპროკურატურის ცნობით, 60 წლის ჰუსეინ საფაროვი, რომელიც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული, ეკატერინბურგის შსს-ს განყოფილებაში მოკლეს. მისი 55 წლის ძმა, ტაქსისტი ზიადდინ საფაროვი კი, პროკურატურის მტკიცებით, დილით სასწრაფო-სამსახურებრივ ავტომობილშივე გამოასალმეს სიცოცხლეს.

აზერბაიჯანში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჰუსეინ საფაროვი გარდაიცვალა პოსტტრავმული და პოსტჰემორაგიული შოკით – სხეულის მრავლობითი დაზიანებების, მათ შორის – ნეკნების მოტეხილობის შედეგად. ზიადდინ საფაროვიც გარდაიცვალა პოსტტრავმული შოკით.

ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ხელმძღვანელმა, ადალათ გასანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰუსეინ საფაროვს დეფორმირებული და ასიმეტრიული ჰქონდა გულმკერდი, ხოლო გაკვეთისას დაფიქსირდა სისხლჩაქცევები თავის ტვინის რბილ და მაგარ ქსოვილებში და შვიდი-რვა ნეკნის მოტეხილობა, რომლებიც ფილტვებს დაეჯახა.

გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, წამების გამოყენებისა და უფლებამოსილების გადაჭარბების, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები, მუხლებით, იტყობინება "აზერტაჯი“.

ამასობაში, ეკატერინბურგის სასამართლომ დააკავა კიდევ ერთი აზერბაიჯანელი - ბაქირ საფაროვი, რომელიც იმავე საქმეზე გახდა ბრალდებული, რომელშიც ძმები საფაროვები ფიგურირებდნენ.

ბაქირ საფაროვი მეოთხე ეჭვმიტანილია, რომელიც წარსულ წლებში განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობების საქმეზე პატიმრობაში აიყვანეს, - იტყობინება TASS. მისი ადვოკატის თქმით, საფაროვი არ აღიარებს დანაშაულს.

29 ივნისს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ასევე აიაზ, აკიფ და მაზაჰირ საფაროვებს.

  • რას ამბობენ რუსეთში?

აზერბაიჯანული წყაროები ადრეც აცხადებდნენ, რომ ჰუსეინ და ზიადდინ საფაროვები სამართალდამცავებმა სასტიკად მოკლეს დაკავებისას.

თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებდა, რომ ისინი გარდაიცვალნენ და არ მოუკლავთ.

"წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი ფიგურანტი გარდაიცვალა გულის უკმარისობის შედეგად, ხოლო მეორე პირის გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ დგინდება. საბოლოო დასკვნა გაკეთდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე", – განაცხადა ორშაბათს კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაგმო რუსული კულტურული ღონისძიებების გაუქმება აზერბაიჯანში და ასევე აზერბაიჯანული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის გაუქმება მოსკოვში.

"ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ ამ გადაწყვეტილებების გამო. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას და არ უნდა გახდეს მსგავსი რეაქციის საფუძველი", - – განაცხადა პესკოვმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ ბაქოს მიეწოდა საჭირო განმარტებები ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების დაკავების შესახებ.

სამშაბათს, რუსეთის საგარეო უწყებამ ბაქოს მოსთხოვა გაათავისუფლოს საინფორმაციო სააგენტო "Sputnik აზერბაიჯანის“ დაკავებული თანამშრომლები - იგორ კარტავიხი და ევგენი ბელოუსოვი.

ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში რუსეთის ელჩს, რაჰმან მუსტაფაევს გადაეცა ვერბალური ნოტა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა ასევე გამოხატა პროტესტი ელჩისადმი ბაქოს ბოლო არამეგობრული ქმედებების და ორმხრივი ურთიერთობების დემონტაჟისკენ მიმართული მიზანმიმართული ნაბიჯების გამო.

მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკატერინბურგში დაკავებისას რუსმა სამართალდამცავებმა უფლებამოსილებები არ გადააჭარბეს.

მიმდინარე მოვლენები მოგვაგონებს კრიზისს, რომელიც გასული წლის ბოლოს განვითარდა, როდესაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი. დაიღუპა მგზავრთა ნახევარზე მეტი, მათ შორის პილოტები, რომლებმაც მოახერხეს დაზიანებული თვითმფრინავის ყაზახეთში დაშვება.

იმჟამად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთისგან მოითხოვა დანაშაულის აღიარება და დეტალური გამოძიება. პუტინმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დაიწყო პროპაგანდისტული ომი - ბაქოში დაიხურა "როსსოტრუდნიჩესტვოს“ სტრუქტურა "რუსული სახლი“, რომელსაც ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და ასევე მოითხოვეს რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება Sputnik-ის ოფისის დახურვაც.

  • როგორ იბრძვიან რუსეთი და აზერბაიჯანი პროპაგანდის მეშვეობით და რა შეიძლება მოჰყვეს ამას

Sputnik-ის ბაქოს ბიურო მუშაობას განაგრძობდა, მაგრამ ამ ორშაბათს მის ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. შედეგად, რუსული სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავეს - აზერბაიჯანული პოლიცია მათ ეფ-ეს-ბეს ოფიცრებად მოიხსენიებს. სააგენტოს ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და თანამშრომელი ევგენი ბელოუსოვი შენობიდან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა გამოიყვანეს.

"ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენს წარმომადგენლობაზე ბაქოში მიმდინარე თავდასხმა უსამართლოა,“ - განაცხადა მედაჰოლდინგ "Россия Сегодня“-ს ხელმძღვანელმა დმიტრი კისელიოვმა. მისივე თქმით, ბაქოს ქმედებები "შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მიზანმიმართული ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებისთვის“

  • "არც მეგობრები, არც მტრები“

ექსპერტები ამბობენ, რომ ამგვარი მკვეთრი რეაქციები ორ ქვეყანას შორის ძალთა ბალანსის შეცვლის შედეგია. 2020 წელს აზერბაიჯანი გამარჯვებული გამოვიდა სომხეთთან ომში და თავი რეგიონულ ლიდერად წარმოაჩინა. ეკონომიკურად აზერბაიჯანი ისედაც რეგიონში ყველაზე ძლიერი იყო - მისი მოსახლეობა აჭარბებს სომხეთისა და საქართველოს ერთად აღებულ მოსახლეობას, მაგრამ ომში გამარჯვებით მან სამხედრო უპირატესობაც დაამტკიცა.

2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში მნიშვნელოვნად შეამცირა მოსკოვის გავლენა სამხრეთ კავკასიაში. შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, პუტინმა და ალიევმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. თუმცა რეალურად ქვეყნები მოკავშირეებად არ ჩამოყალიბდნენ - აზერბაიჯანი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებს ოკუპირებულად აღიარებს და კიევს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდა.

მიუხედავად ამისა, მოსკოვი ბაქოს ბევრ რამეს პატიობს, რადგან აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროექტებში, რომლებიც რუსეთის გარე სამყაროსთან დაკავშირების იშვიათ არხებად დარჩა მკაცრი სანქციების ფონზე. აზერბაიჯანის გავლით გადის არა მხოლოდ სტრატეგიული გაზსადენები, არამედ სატრანსპორტო დერეფანი "ჩრდილოეთი-სამხრეთი“, რომელიც რუსეთს აზიის ბაზრებზე გასვლის შესაძლებელს აწვდის.

"რუსეთს აღარ შეუძლია დაიკავოს მყარ ძალაზე დამყარებული პოზიცია სამხრეთ კავკასიაში,“ - წერს რეგიონის ბრიტანელი მკვლევარი ტომ დე ვაალი.

  • "აზერბაიჯანი აღარ აპირებს რუსეთის კაპრიზების მოთმენას“

ამ პირობებში აზერბაიჯანი რუსეთის კონკურენტად პირდაპირ არ გვევლინება, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს მოსკოვის დომინანტურ როლს სამხრეთ კავკასიაში, ამბობს ბერლინის კარნეგის ცენტრის მკვლევარი ზაურ შირიევი.

შირიევის შეფასებით, ბაქო არ ისურვებს რუსეთის გავლენის აღდგენას საქართველოში - განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნები. ამასთანავე, აზერბაიჯანი არ დაუშვებს სომხეთში პრორუსული ძალების დაბრუნებას, რომლებიც მეზობლებთან შერიგების წინააღმდეგ გამოდიან და კვლავ ითხოვენ მყარ პოზიციებს ყარაბაღის საკითხში.

მაგრამ ბაქოსა და მოსკოვს შორის საჯარო კრიზისის კიდევ ერთი ადრესატია - დასავლეთი.

"რუსეთისგან დისტანცირება აზერბაიჯანს აძლევს შანსს, რომ დასავლეთისთვის საკუთარი შიდა პრობლემები გადაფაროს", - ამბობს სამხრეთ კავკასიის მკვლევარი კირილ კრივოშეევი და მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის ციხეებში ათეულობით ჟურნალისტი და ოპოზიციონერია.

ზაურ შირიევი ამბობს, რომ რეალურად აზერბაიჯანი და რუსეთი არც ახლო მოკავშირეები არიან და არც აშკარა მტრები - არამედ გარკვეული შუალედური პოზიცია უკავიათ.

"აზერბაიჯანი აშკარად მიანიშნებს, რომ აღარ აპირებს რუსული ქმედებების ჩუმად მოთმინებას - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მის ეროვნულ ინტერესებს", - ასკვნის ექსპერტი.