რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის მეგობრული ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია და ისინი, ვისაც მათი გაფუჭება სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში ადგილობრივი პოლიციის სპეცრაზმმა აზერბაიჯანული წარმოშობის ათობით ადამიანი დააკავა. დაკავებისას ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. 30 ივნისს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სააგენტო „სპუტნიკ-აზერბაიჯანიდან“ შვიდი ადამიანი დააკავა, მათ შორის რედაქტორი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი.