რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა
რიგ დარღვევაზე მძღოლებისათვის და ასევე, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა.
თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი.
აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს, სატრანსპორტო საშუალება კი სპეციალურ სადგომზე იქნება გადაყვანილი.
კოდექსს ახალი სამართალდარღვევებიც ემატება.
უფრო კონკრეტულად, პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის - აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 15 ქულით შემცირებას.
დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.
ცვლილებების თანახმად, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.
ქვეითად მოსიარულე პირებს საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის 10 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 50 ლარი იქნება. 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.
იგივე ქმედება თუკი ის ჩადენილია ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გამოიწვევს ქვეითის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლი - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში - შეძენა, შენახვა გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.
სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში 10 გრამიდან 150 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უკანონოდ დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.
რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის (155-დან 750 გრამამდე), მარიხუანას - გამომშრალის შემთხვევაში 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლის შემთხვევაში 140-დან 500 გრამამდე, შეძენა-შენახვას გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე.
განსაკუთრებულ დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც გულისხმობ მცენარე კანაფის 750 გრამიდან და მეტს, მარიხუანას - გამომშრალი შემთხვევაში 50 გრამიდან და მეტს, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამიდან და მეტს, შეძენა-შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.