ოთხშაბათს, თავისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ტიბეტის ბუდისტმა ლიდერმა განაცხადა, რომ მხოლოდ მის მიერ დაარსებულ არასამთავრობო ფონდ Gaden Phodrang Trust-ს ეკუთვნის ექსკლუზიურად უფლება, ბუდისტური ტრადიციების მიმდევარ ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვროს, თუ ვინ იქნება მისი მომავალი რეინკარნაცია. ამით მან უარყო პეკინის განცხადება, თითქოს მომავალ დალაი ლამას პეკინი აირჩევდა.
“ძიების პროცესი უნდა ჩატარდეს პროცედურებთან და ტრადიციებთან სრულ თანხმობაში და არავის აქვს უფლება ჩაერიოს ამ საკითხში", - განაცხადა მან.
ფონდს Gaden Phodrang Trust - ის წარმომადგენელმა სამდონგ რინპოჩემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ დალაი ლამა თავს კარგად გრძნობს და ჯერ არ დაუტოვებია არანაირი წერილობითი მითითება მემკვიდრესთან დაკავშირებით. მისი თქმით, მემკვიდრე შეიძლება იყოს ნებისმიერი სქესის და ამავდროულად აუცილებელი არ არის მაინც და მაინც ტიბეტელი იყოს.
დალაი ლამას ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია: “ამასთან დაკავშირებით მე დავტოვებ მკაფიო წერილობით ინსტრუქციებს. დაიმახსოვრეთ, რომ რეინკარნაციის აღიარება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონიერ ტრადიციულ მეთოდებზე დაყრდნობით. არ უნდა იქნას აღიარებული ან მიღებული არავის, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ, პოლიტიკურად შერჩეული კანდიდატი".
ეს განცხადება შვებაა იმ მილიონობით ბუდისტისთვის, რომლებიც შიშობდნენ, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბუდისტი ლიდერების ხაზი შეიძლება საერთოდ შეწყვეტილიყო.
ცოტა ადრე ტიბეტის სულიერმა ლიდერმა თავის წიგნში დაწერა, რომ მომავალი დალაი ლამა ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაიბადებოდა .
იმავე დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა კვლავ განაცხადა, რომ დალაი ლამას მემკვიდრე ჩინეთში უნდა იყოს დაბადებული და მისი კანდიდატურა პეკინის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.
ამჟამინდელი რიგით 14-ე დალაი ლამა (სრული სახელი ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო) 1935 წელს ცინგჰაის პროვინციაში, გლეხის ოჯახში დაიბადა, ის ორი წლის ასაკში სცნეს 13-ე დალაი ლამას რეინკარნაციად და 1940 წელს ლჰასაში, პოტალას სასახლეში (თანამედროვე ტიბეტის ავტონომიური ოლქის დედაქალაქი - რედ) წაიყვანეს, სადაც ოფიციალურად გამოაცხადეს ტიბეტელების სულიერ ლიდერად. 1959 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ ტიბეტელების წარუმატებელი აჯანყების შემდეგ იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა და პოლიტიკური დევნილის სტატუსით , ინდოეთში ქალაქ, დჰარმსალაში დამკვიდრებულიყო.