გარშემო თითქმის ვერ ნახავთ ადამიანს, ვისაც ავტომობილთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული - ზოგი პირველად იძენს, ზოგს შეცვლა სურს, ზოგი კი მართვის მოწმობის გამოცდისთვის ემზადება და სამომავლოდ არჩევს მანქანას.
აღნიშნულზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემებიც: 2024 წლის ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 1 814.3-ს შეადგენს, რაც 1000 კაცზე 490-ია, მაშინ როცა 2023 წელს ავტომობილების რაოდენობა სულ 1 680.4 იყო, რაც 1000 კაცზე 455-ს შეადგენდა. საქსტატის მონაცემები მოწმობს, რომ ავტომობილის შეძენისა და მართვის მიმართ ინტერესი მზარდია.
ჩვენს ქვეყანაში შემოსული ავტომობილების ძირითადი ნაწილი აშშ-ზე მოდის, მათი უმეტესობა კი შეძენილია აუქციონებზე, სადაც სასურველი მოდელის შერჩევისა და შეძენის შესაძლებლობა ყველას აქვს, თუმცა პროფესიონალების დახმარების გარეშე შეიძლება დავუშვათ ისეთი შეცდომები, რაც მოგვაყენებს დიდ ფინანსურ ზარალს, გაგვირთულებს ლოგისტიკას და საბოლოო ჯამში შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ჩამოსული ავტომობილი ვებგვერდზე წარმოდგენილისგან ტექნიკური გამართულობით რედიკალურად განსხვავდება.
თუ ავტომობილს პირველად ვყიდულობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისეთი ნიუანსები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურადაც გამართლებული იქნება და მაქსიმალურად აგვარიდებს თავიდან სერვისთან თუ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. როგორი მანქანის შეძენა სჯობს პირველად, რა დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოპულარულ ამერიკულ აუქციონებზე - Copart-ზე ან IAAI-ზე ვგეგმავთ სასურველი მოდელის შერჩევას, ამის შესახებ ავტომობილების იმპორტიორი კომპანია Carmall-ის გაყიდვების დირექტორი გიორგი სოზაშვილი გვიამბობს:
დამწყებ მძღოლებს ავტომობილის შერჩევისას რამდენიმე რეკომენდაციას გავუზიარებდი: თავდაპირველად, აქცენტი გააკეთონ გამძლეობასა და ხარჯთეფექტურობაზე. ეს ნიშნავს ერთი მხრივ ავტომობილის ეკონომიურობას წვის კუთხით და მეორე მხრივ, ხელმისაწვდომ ფასს გარე დეტალებსა და სერვისზე. ვურჩევდი, შეარჩიონ ავტომობილი, რომელსაც მაგალითად: ფარი, ცხაურა, ბამპერი და სხვა დეტალები არ აქვს ძვირადღირებული (მაგალითად 1000-1500$-ის ღირებულების), რადგან მეტი შანსია, დამწყებმა მძღოლმა გადაადგილებისას შეცდომა დაუშვას, რამაც შეიძლება, დიდი ფინანსური ზარალი მოუტანოს მას.
რაც შეეხება გამძლეობას, ვურჩევდი, ავტომობილის მოძიებისას აქცენტი გააკეთოს ისეთ ბრენდებზე, რომლის სერვისიც დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. შეიძლება, თავდაპირველად ვერ შეძლოთ სერვის ცენტრის სწორად შერჩევა და შესაბამისად, მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება, რამაც კიდევ უფრო დააზიანოს ავტომობილი. ამიტომაც გირჩევთ, აღნიშნული საკითხიც გაითვალისწინოთ.
ასევე, დამწყებ მძღოლებს ვურჩევდი შეარჩიონ შედარებით კომპაქტური ზომის ავტომობილი, რომელიც ერთდროულად იქნება გამძლე, ეკონომიური, პარკირებისთვის მოსახერხებელი და თბილისის ქუჩებში ადვილად სამართავი.
თუ საჭესთან პირველად ვჯდებით და გამოუცდელები ვართ, სჯობს თავი შევიკავოთ ელექტრომობილის შეძენისგან, რადგან მის ძრავს არ აქვს ხმა და შეიძლება მისი აჩქარება სწორად ვერ განვსაზღვროთ და შეცდომა დავუშვათ. დამწყები მძღოლისთვის რთულია მისი მართვა, რადგან აბსოლუტურად განსხვავდება შიდაწვის ძრავიანი ავტომობილისგან, თუმცა ცხადია, როგორც ეკონომიურობის, ისე ეკოლოგიურობის თვალსაზრისით ელექტრომობილი საუკეთესო არჩევანია.
თუ ეკონომიურობა ჩვენთვის პრიორიტეტია, ალბათ უმჯობესი იქნებოდა აგვერჩია ჰიბრიდული ან დაბალძრავიანი ავტომობილი, რომლის სერვისი და ნაწილებიც მარტივად ხელმისაწვდომია, აქვს მისაღები ფასი და არც დიდი ზომისაა.
არის რამდენიმე მოდელი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს. მაგალითად „ტოიოტას“ ავტომობილები ძირითადად, 100%-ით გამძლეობაზეა გათვლილი და იდეალურად ერგება ჩვენს რეალობას, რადგან ნაწილებიც და კარგი სერვისიც მარტივად არის ხელმისაწვდომი. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია Prius C და Aqua მოდელები, რომლებიც ვფიქრობ, იდეალურად შეესაბამება დამწყები მძღოლის მოთხოვნებს, რადგან არის გამძლეც, დაბალბიუჯეტიანიც, ეკონომიურიც და სერვისიც მარტივად ხელმისაწვდომია.
ასევე ჩვენს პირობებზე ადაპტირებული ავტომობილი არის Ford Fusion-ი, რომელიც დამწყები მძღოლისთვის გაბარიტებით შედარებით დიდია, თუმცა საკმაოდ კარგი მახასიათებლები აქვს: არის გამძლე, ეკონომიური და მოსახერხებელი. ამასთან, „ტოიოტას“ ზემოთ აღნიშნულ მოდელებთან შედარებით უფრო კომფორტულია.
დამწყებ მძღოლებს ასევე ვურჩევდი იაპონურ და კორეულ ავტომობილებსაც. მაგალითად, „კიას“ და „ჰიუნდაის“ მოდელებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს.
რაც შეეხება გამოშვების წელს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მარკის ავტომობილს ვყიდულობთ. თუ არჩევანს გავაკეთებთ ისეთ წარმომადგენლობით ბრენდებზე, როგორიც არის მაგალითად Mercedes, BMW, Audi - ამ შემთხვევაში სასურველია, რაც შეიძლება ახალი და დაბალი გარბენის მქონე ავტომობილი შევიძინოთ.
იაპონური მანქანის შემთხვევაში კი შეგვიძლია, გარბენსა და გამოშვების წელზე არ გავაკეთოთ მთავარი აქცენტი, რადგან თუნდაც 10 წლის ავტომობილს, რომელსაც 100-იანი გარბენი აქვს, გამძლეობის თვალსაზრისით არ ექნება ისეთი პრობლემები, როგორიც გერმანულს.
რომ შევაჯამო, ჩვენი ბაზარი „ტოიოტაზე“ და სხვა მსგავს გამძლეობაზე გათვლილ ბრენდებზეა მორგებული. შეიძლება, გერმანულ ავტომობილებთან შედარებით დეტალების ხარისხი ისეთი მაღალი არ იყოს, მაგრამ უძლებს ქართულ პირობებს, ჩვენს გზებს და რაც მთავარია, მოვლის თვალსაზრისით დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილის შერჩევისას დაგეხმაროს ამ სფეროში კარგად ჩახედული ადამიანი, რომელსაც თუნდაც ფოტოების ან ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით ზუსტად შეუძლია განსაზღვრა, რა მდგომარეობაშია მანქანა და რა ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს მას. ზოგიერთი დეტალის გარჩევა გამოცდილი ადამიანისთვისაც რთულია, სწორედ ამიტომ გვჭირდება ისეთი სპეციალისტის ჩართულობა, რომლის საქმიანობის სფეროც სწორედ აუქციონებთან და ავტობაზრობებთან არის დაკავშირებული.
სპეციალისტი დაგვეხმარება როგორც ავტომობილის ვიზუალური მდგომარეობის შემოწმებაში, ასევე იმის დადგენაში, როგორ მდგომარეობაშია აშშ-ის აუქციონზე ან როგორი ჩამოვიდა საქართველოში, რა დაზიანება ჰქონდა, რა ხარისხის დეტალებით არის აღდგენილი და სხვა. ავტომობილის აწყობისას თითოეული დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, ელემენტარული შეცდომაც კი ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. ერთი შეხედვით გამოუცდელი თვალისთვის ავტომობილს შეიძლება მისაღები ვიზუალი ჰქონდეს და ტექნიკურადაც გამართულად მოგვეჩვენოს, თუმცა როდესაც პროფესიონალი აფასებს, გამოცდილებიდან გამომდინარე მას მცირე ხარვეზების აღმოჩენაც შეუძლია.
ავტომობილის ტექნიკური გამართულობა უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. საქართველოში არსებული მანქანების უმეტესობა აშშ-დან ხარვეზებით არის ჩამოყვანილი და აღდგენა ესაჭიროება. თუ მას სერვისი მაღალი ხარისხის დეტალებით და რაც მთავარია, სწორად არ ჩაუტარდა, შეიძლება ერთი პატარა დეტალის გამოც კი მაგალითად, მაგისტრალზე გაგვიჩერდეს მანქანა, რაც დამეთანხმებით, უდიდესი დისკომფორტია.
სწორედ ამიტომ არ ვუწევ რეკომენდაციას ავტომობილის სპეციალისტის გარეშე შერჩევას. მისი დახმარებით შევძლებთ ოპტიმალური ვარიანტი შევარჩიოთ აუქციონზე და აღარ გვქონდეს კითხვის ნიშნები, თუ რა მდგომარეობაში ჩამოვა ის საქართველოში.
რაც შეეხება ჩამოყვანის საკითხს, საერთოდ გამოვრიცხავ, რომ ეს კომპანიის ჩართულობის გარეშე მოხდეს და აგიხსნით, რატომ: აშშ-ის აუქციონებზე, მაგალითად, Copart-ზე დარეგისტრირება და ვაჭრობა ნებისმიერ პირს შეუძლია, თუ წინასწარ დეპოზიტს გააკეთებს, თუმცაღა ფიზიკურ პირს უკვე შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ექმნება სირთულეები. კერძოდ, შენაძენის გაკეთებისთანავე აუქციონი ავტომობილს აკუთვნებს მეპატრონეს, რომელმაც თავად უნდა უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება, ეს არ არის Amazon-ის ფორმატის ონლაინ მაღაზია, რომ შენაძენი ადრესატთან თავად გაგზავნონ. თუ მანქანის შეძენის შემდეგ მალევე არ დავიწყებთ მისი ტრანსპორტირების პროცედურებს, ეს დაკავშირებული იქნება დამატებით ხარჯებთან. საბოლოო ჯამში კი მაინც კომპანიისთვის მოგვიწევს მიმართვა, თუმცა უკვე გაზრდილი ხარჯებით და ამასთან დიდია შანსი იმისა, რომ თავად ვერ შეგვერჩია ისეთი ავტომობილი, რომელსაც იმავე ფასში სპეციალისტი მოიძიებდა.
თუ აშშ-ში ან ნებისმიერ ქვეყანაში გადავწყვეტთ ავტომობილის შეძენას, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოცდილი ავტომენეჯერი გვყავდეს, რათა მან ვებგვერდზე წარმოდგენილი ისტორიიდან და ჩანაწერებიდან გამოუცდელი თვალისთვის შეუმჩნეველი რისკები შეაფასოს და წინასწარ გაგვაფრთხილოს მათ შესახებ. პროფესიონალი ფოტოებითაც დააიდენტიფიცირებს, ავტომობილის რომელი დეტალი შეიძლება იყოს შესაცვლელი, თუნდაც ეს ჩანაწერში არ ჩანდეს.
შესაბამისად, ყველას ვურჩევ, კომპანიის ჩართულობის გარეშე ნუ გააკეთებს აუქციონზე შენაძენს. რა თქმა უნდა, შეუძლია, დარეგისტრირდეს, მოიძიოს ავტომობილები, თვალი მიადევნოს ვაჭრობის პროცესს, თუმცა შეძენისა და ლოგისტიკის საკითხები უკვე სპეციალისტებს უნდა მიანდოს. ჩვენს შემთხვევაში, ავტომობილების შერჩევიდან ტრანსპორტირებამდე ყველა პროცედურას უზრუნველვყოფთ, მათ შორის ავტომობილის ფოთის პორტიდან ჩამოყვანას და მის სერვისსაც კი, თუ ეს მომხმარებლის სურვილი იქნება და როგორც წესი, დამწყები მძღოლებისთვის ეს დიდი კომფორტია ხოლმე.