ავტორი:

რუსეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი, ირანი და ა.შ. - პოლიტიკური რეპრესიები, შეზღუდული მედია და სამოქალაქო სექტორი: როგორ ყალიბდებოდნენ ავტორიტარული რეჟიმები?

რუსეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი, ირანი და ა.შ. - პოლიტიკური რეპრესიები, შეზღუდული მედია და სამოქალაქო სექტორი: როგორ ყალიბდებოდნენ ავტორიტარული რეჟიმები?

საქართველოში თვენახევარის განმავლობაში დააკავეს 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი: ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და გივი თარგამაძე. პარალელურად, დატუსაღებულია 50-მდე აქტივისტი, რომელთა დიდი ნაწილი 28 ნოემბრის შემდეგ დააკავეს, ანუ მას მერე, რაც "ქართულმა ოცნებამ“ 4 წლით, 2028 წლამდე შეაჩერა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა. თუ პოლიტიკური ლიდერების დაკავების საქმეებს გადავხედავთ, ისეთ დასკვნას გამოვიტანეთ, რომ თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილ საპარლამენტო კომისიას, ხელისუფლება ოპოზიციონერების დაკავებისთვის იყენებს. მოგეხსენებათ, პოლიტიკოსები გამოკითხვაზე სხვადასხვა დროს დაიბარეს და მისვლაზე უარის გამო ისინი სსკ 349-ე მუხლით გაასამართლეს. კოდექსი ჯარიმასაც ითვალისწინებს, თუმცა სასამართლომ ყველა მათგანის მიმართ თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა.

“როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვთ კითხვები, ყველა ვალდებულია პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას, არ აპირებენ - წავლენ ციხეში... როცა ხარ "დიფ სტეიტის" აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება მოხვდე ამის გამო ციხეში, ეს არის "დიფ სტეიტის" აგენტების ბედი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები მკაცრად გმობენ ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ოპოზიციის ლიდერების დაჭერას "რეპრესიების სისტემურ მაგალითად“ და "ავტორიტარულ ტაქტიკად“ აფასებენ.

ექსპერტთ ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლება საქართველოში რუსეთის მსგავსი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარებას ცდილობს.

"ჩემი აზრით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის დამყარება უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღისთვის. არჩევნების შემდეგ გეგმავენ, რომ უკვე სრულად იყოს ჩაბეტონებული სისტემა, რომელიც არ გულისხმობს რაიმე ტიპის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ თუნდაც სოციალურ-ეკონომიკურ ალტერნატივას. ყველაფერი უნდა იყოს მონოპოლიზებული და კონტროლირებული ხელისუფლების მიერ. ვადა ძალიან შემჭიდროებული აქვთ.

ამ ტიპის რეჟიმების დამკვიდრება სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა, რუსეთში, ბელარუსში და ა.შ., თუმცა ეს პროცესი გარკვეულწილად გაჭიანურებული იყო, ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად მიდიოდნენ და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სეგმენტზე კონტროლს ამყარებდნენ. ჩვენთან ეს პროცესები დააჩქარეს და მოკლე ვადაში უწევთ ამის გაკეთება. ბევრი ამბობს, რომ არ ახსენდება ქვეყანა, სადაც ამდენი პოლიტიკური ლიდერი ერთბაშად დაიჭირეს, მაგრამ ამის ახსნა მარტივია - განსაკუთრებული არაფერი ხდება, იგივეა, რაც სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა, მაგრამ უფრო სწრაფად და უფრო უხეში ფორმებით“, - ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსისა და “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის გიორგი მელაშვილის თქმით კი, "ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ბოლო პერიოდში არის საკუთარი ძალაუფლების ყველანაირად განმტკიცება, ყველანაირი წინააღმდეგობის შემცირება, შეკავება და საბოლოო ჯამში - განადგურება.

"ბოლო პერიოდის მასშტაბური დაკავებები ამ ტენდენციის გაგრძელებაა, მაგრამ თავად კონკრეტული ადამიანების დაკავებაზე არანაკლებ სახიფათოა ის ცვლილებები, რომლებსაც "ოცნება“ იღებს - მათ შორის სიტყვის თავისუფლებასთან, სასამართლოში გადაღებების აკრძალვასთან დაკავშირებით და ა.შ. ყველა ეს ნაბიჯი საბოლოო ჯამში ამცირებს საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას და ზრდის ავტორიტარული წნეხის შესაძლებლობას, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს საქართველოს გადაქცევას ცენტრალური აზიის დესპოტიად. ყველა ავტორიტარულ რეჟიმს ზუსტად ამიტომ ვუძახით ავტორიტარულს, რომ ის ხდება თვითმპყრობელი რეჟიმი, რომელსაც არ აქვს არანაირი შემაკავებელი მექანიზმი, ის საკუთარი ნება-სურვილით მოქმედებს დემოკრატიული სისტემისგან განსხვავებით, სადაც არსებობს დაბალანსების მექანიზმები, შემაკავებელი ბერკეტები. ავტორიტარიზმსა და დესპოტიაში ასეთი ბერკეტები აღარ არსებობს, იქ ბელადი, ავტორიტარი, ხელმძღვანელი, უზენაესი ლიდერი, თუ რაც უნდა დაერქვას კონკრეტულ ავტორიტარს, წყვეტს ყველაფერს საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით და მას არ გააჩნია არანაირი წინააღმდეგობა. ეს არის ის მოდელი, რომელიც გვხვდება ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ დამყარდა ცენტრალურ აზიაში, რუსეთსა და ბელორუსში“, - ამბობს ის.

ანალიტიკოსი პარალელებს ავლებს იმ ქვეყნებთან, სადაც ავტორიტარიზმმა წარმატებით მოიკიდა ფეხი და სადაც ოპონენტების შევიწროება (ხშირ შემთხვევაში - ლიკვიდაციაც) და თავისუფალი სიტყვის დევნა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

  • პუტინის სამიზნეები - "ავტორიტარულ რეჟიმებს ადამიანებით ვაჭრობა, ტყვეთა სყიდვის თანამედროვე ნაირსახეობაც ახასიათებთ“

რუსეთის შემთხვევაში ბევრი გახმაურებული საქმე გვახსოვს მას შემდეგ, რაც რუსეთში დაიწყო არა მარტო ოპონენტების, არამედ ჟურნალისტების დევნა-დაჭერები და პირდაპირ - მკვლელობებიც. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა, რომელიც რუსეთის დიქტატორის - პუტინის დაბადების დღეზე მოკლეს საკუთარ სახლში და ამ მკვლელობას "საჩუქარი პუტინისთვის“ ეწოდა.

ანა პოლიტკოვსკაია

ცნობილია, რომ პუტინი მკაცრად გაუსწორდა "ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებს, რომლებიც ჩეჩნეთის ომს იკვლევდნენ, მათ შორის იყვნენ: სერგეი იუშენკოვი (ჟურნალისტი და პოლიტიკოსი), მოწამლეს იური შჩეკოშჩიხინი, რომელიც კორუფციას იძიებდა, ნატალია ესტემიროვა, რომელიც გროზნოში გაიტაცეს და მოგვიანებით ინგუშეთში იპოვეს მოკლული... გვახსოვს სკრიპალების მოწამლვა და შეუმდგარი მკვლელობა.

ალექსეი ნავალნი

ბოლო ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო ალექსეი ნავალნის საქმე, ის იყო ერთადერთი მაღალი რეიტინგის მქონე რუსი ოპოზიციონერი, რომელიც ჯერ მოწამლეს, შემდეგ დააპატიმრეს და ბოლოს ციხეში სავარაუდოდ, მოკლეს. მანამდე გვქონდა ბორის ნემცოვის მკვლელობა, რომელიც საერთოდ კრემლის კედლებთან, ხიდზე მოკლეს, ანუ რუსეთის ყველაზე დაცულ ადგილას ჩაცხრილეს.

ნემცოვის მკვლელობა

ამ ყველაფერს ემატება მასშტაბური რეპრესიები, რომელიც რეჟიმმა წამოიწყო ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების წინააღმდეგ. რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პოლიტიკური საქმეა "ფეიქები ჯარის შესახებ“- ამ სს საქმეებზე ათასობით ადამიანია დაჭერილი, ამას ემატება უცხოური აგენტების რეესტრი, რომლის მეშვეობითაც უამრავი ადამიანი უბრალოდ, ქვეყნიდან განდევნეს. ამ ყველაფერს ემატება ყველანაირი შეზღუდვა - სამოქალაქო საზოგადოების, ნებისმიერი ორგანიზაციის, თავად სისტემური პოლიტიკოსების.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია სერგი ფურგალის საქმე, რომელიც იყო ხაბაროვსკის გუბერნატორი, მან სრულიად მოულოდნელად მოახერხა ამ რეგიონალური ადგილობრივი არჩევნების მოგება და ამის შემდეგ ეს ადამიანი სხვადასხვა ბრალდებებით ჩასვეს ციხეში. უფრო წარსულში რომ წავიდეთ, მეტი ასეთი შემთხვევაა, იქნება ეს მაგნიტსკის, თუ ოლიგარქებთან დაკავშირებული - ბერეზოვსკის, ხადარკოვსკის (რომელიც ციხეში ჩასვეს და მხოლოდ დასავლეთის ჩარევით გაათავისუფლეს), ასევე, სკრიპალების და ბიკოვის საქმეები. ვიცით, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - კარამურზა და იაშინიც პუტინის ტყვეები იყვნენ, რომლებიც ამჟამად თავისუფლები არიან. ავტორიტარულ რეჟიმებს - რუსულ რეჟიმს, მოსკოვსაც და მინსკსაც ახასიათებს ადამიანების დაკავებების შემდეგ დასავლეთთან ვაჭრობის გაჩაღება. ამას უძახიან თანამედროვე ტყვეებით ვაჭრობას, როდესაც პოლიტიკოსებს, ადამიანის უფლებების დამცველებს აკავებენ სრულიად მოგონილი ბრალდებებით და შემდეგ რეჟიმი იწყებს ვაჭრობას. ეს არის თანამედროვე ტყვეებით ვაჭრობის ნაირსახეობა, როდესაც ხდება რეჟიმისთვის საჭირო მიზნების მიღწევა (მაგ. ეკონომიკური სანქციების შემცირება, პოლიტიკური დათმობების შექმნა, ან პირდაპირ გაცვლები). მაგ. როდესაც რუსეთში მოხდა პოლიტპატიმრების მასშტაბური გათავისუფლება, ერთ-ერთი მათგანი გაცვლილი იყო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში, რომელიც გერმანიის ციხეში იჯდა. ასე რომ, ასეთი მაგალითი არაერთია. იყო კიდევ ასეთი შემთხვევა, როდესაც რუსი პატიმრების და ამერიკის მოქალაქეების გაცვლა მოხდა აფრიკაში მოქმედ რუსეთის მოქალაქეზე, რომელიც იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა. ადამიანებით ვაჭრობა ახასიათებთ ავტორიტარულ რეჟიმებს, ესეც ავტორიტარიზმის ტაქტიკაა, რაც შეიძლება მეტი ტყვე აიყვანონ და შემდეგ ამ ტყვეების გათავისუფლებაში მიიღონ გარკვეული დათმობები, ან სარგებელი დასავლეთისგან".

  • "ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი იგონებს კანონებს და შემდეგ ამ გამოგონილი კანონების შეუსრულებლობისთვის სჯის ადამიანებს“

2020 წლის არჩევნებს, რომელიც ბელარუსში უმოწყალოდ, უზარმაზარი მასშტაბით გააყალბეს, მოჰყვა მსხვილი პროტესტები, რა დროსაც ათიათასობით ადამიანი, ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს. ამ ადამიანებს ყოველგვარი სამართლებრივი და იურიდიული საფუძვლების გარეშე აწამებდნენ, იყო არაადამიანური მოპყრობის უამრავი შემთხვევა, ტყვეებიც აიყვანეს, მაგალითისთვის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლე სერგეი ტიხანოვსკი (ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი საპრეზიდენტო არჩევნებში) გამოდგება, რომელსაც 5 წლით პატიმრობა შეუფარდეს. ის იყო საკმაოდ მაღალი რეიტინგის ოპოზიციონერი, ბლოგერი. შემდეგ მისი ცოლი გახდა ოპოზიციის კანდიდატი არჩევნებზე.

სერგეი ტიხანოვსკი

სერგეი ტიხანოვსკი ახლახან გაათავისუფლეს, ბელარუსში კიტ კელოგის ვიზიტის დროს და ჩვენ თუ ვნახავთ სერგეი ტიხანოვსკის დაკავებამდე და ციხის შემდგომ ფოტოებს, ერთადერთი, ოსვენციმის და სხვა საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებს შეიძლება შევადართ. ამ დაკავებებს მოჰყვა ბელარუსში სასამართლოს სრული პოლიტიზება, ის ისედაც არ იყო თავისუფალი, მაგრამ ამ მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა. შემდეგ მიიღეს ინტერნეტის შემზღუდველი კანონები, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დრაკონული კანონები, მიიღეს გადაწყვეტილებები მოქალაქეობის გაუქმების შესახებ მათ მიმართ, ვინც საზღვარგარეთ გადადიოდა საცხოვრებლად და საბოლოოდ, მიიღეს ბელარუსის ძველი დროშის კრიმინალიზება (წითელი-თეთრი-წითელი) - ამ დროშის ნებისმიერი გამოჩენისთვის ადამიანებს სისიხლის სამართლის მუხლით სჯიდნენ. შეგვიძლია გავიხსენოთ მარია კალესნიკოვა, რომელსაც 2021 წელს 11 წელი მიუსაჯეს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის ბრალდებით.

მარია კალესნიკოვა

ასევე, ვიქტორ ბაბარიკა - ყოფილი ბანკირი, მეცენატი და ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, რომელსაც 14 წელი მიუსაჯეს, ალეს ბელიაცკი, ადამიანის უფლებათა ჯგუფის - "ვიასნას“ ერთ-ერთი დამაარსებელი, 2022 წელს იყო ნობელის პრემიის ლაურეატი. მას 10 წელი მიუსაჯეს სრულიად გამოგონილი ბრალდებებით - პროტესტის დაფინანსებას, ასევე საზღვრიდან უკანონო კონტრაბანდის შემოტანას ედავებოდნენ. ბელარუსში ასევე, რიგით მოქალაქეებზეც განხორციელდა ტერორის ტალღა.

იმ დროს, როდესაც საქართველოში პოლიტიკოსებს იჭერენ და მივიღეთ პოლიტპატიმრები, ბელარუსში ჩავიდა ტრამპის წარმომადგენელი კიტ კელოგი და ლუკაშენკომ პირიქით, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლა.

ნებისმიერი ავტორიტარული, ან ტოტალიტარული რეჟიმი იგონებს კანონებს და შემდეგ ამ გამოგონილი კანონების შეუსრულებლობისთვის სჯის ადამიანებს - ნაცისტური გერმანიიდან მოყოლებული, თანამედროვე ავტორიტარებამდე მისული, მუდმივად ვხედავთ ერთსა და იმავე ტენდენციას - ხდება ადამიანების კონკრეტული ჯგუფების დემონიზება, მათ წინააღმდეგ კანონების მიღება და შემდეგ ამ ადამიანების გასამართლება სრულიად გამოგონილი არაადეკვატური კანონების მეშვეობით.

  • "ტერორიზმის, ექსტრემიზმის, რადიკალიზმის მუხლები, რომელსაც ხშირად იყენებენ ოპონენტების წინააღმდეგ"

თურქეთში ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც მასშტაბურად დაჭერები გამოიყენეს, იყო ფეთჰულაჰ გიულენის (მქადაგებელი, ყოფილი იმამი, მწერალი და პოლიტიკური ფიგურა; გიულენის მოძრაობის დამფუძნებელი და საკუთარი უმსხივლესი ორგანიზაცია "საერთო ღირებულებების ალიანსის“ მთავარი მამოძრავებელი ფიგურა. ის იძულებით დევნილობაში ცხოვრობდა აშშ-ში, გარდაიცვალა 2024 წელს - რედ.) მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული დევნა.

ფეთჰულაჰ გიულენი

ამის შემდეგ დაახლოებით 150 ათასი საჯარო მოხელე, ოფიცერი, მოსამართლე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები სამსახურებიდან გააგდეს. ე.წ. წმენდის პერიოდში საკმაოდ მკაცრად შეიზღუდა თავისუფალი პრესა, ბევრი პრობლემა შეექმნა სახალხო-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც დაკავშირებული იყო ქურთებთან და აქტიურად დაიწყო მოქალაქეების მიმართ ტერორიზმის წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის გამოყენება. სხვათა შორის, ტერორიზმის, ექსტრემიზმის, რადიკალიზმის მუხლები, რომელსაც ხშირად იყენებენ ოპონენტების წინააღმდეგ, ესეც არის ერთგვარი ტენდენცია ავტორიტარულ რეჟიმებში. ანუ ხდება ოპონენტების გაშავება, მათთვის იარლიყების მიწებება - მაგ. რადიკალების, ტერორისტების, ექსტრემისტების და ა.შ. ამის შემდეგ ხდება შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და საბოლოოდ, ადამიანებს იჭერენ ამ გამოგონილი კანონებისა და გამოგონილი დარღვევების გამო. მაგ. იყო ასეთი, დემირთაშის შემთხვევა, როდესაც 2016 წ. დაიჭირეს ყოფილი სახალხო პარტიის თავმჯდომარე და საკმაოდ დიდი სასჯელი მიუსაჯეს. ასევე, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის უმით ოზდაგის საქმე - "გამარჯვების პარტიის“ ლიდერი დააკავეს და მას 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ექრემ იმამოღლუ

ბოლო პერიოდის ყველაზე ცნობილი შემთხვევაა სტამბოლის მერის - ექრემ იმამოღლუს დაპატიმრება, რომელიც პრაიმერიზამდე რამდენიმე დღით ადრე კორუფციის ბრალდებით დააკავეს. თურქეთში პანტაპუნტით აკავებდნენ ჟურნალისტებსაც (ერთბაშად 13 ჟურნალისტი დააკავეს), მაგ. ოპოზიციური გამოცემა Cumhurriet- ის თანამშრომლები მთავარ რედაქტორ მურათ საბუნჯუს მეთაურობით, რომელთაც გიულენის მოძრაობასთან კავშირში დასდეს ბრალი.

ესეც შეიძლება ერთგვარ გაკვეთილად განვიხილოთ საქართველოსთვის - როდესაც ოპოზიციამ მოახერხა კონსოლიდაცია, მან საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა - თურქეთის ყველაზე მსხვილ ქალაქებში გაიმარჯვეს. ექრემ იმამოღლუ გახდა სტამბოლის მერი, მაგრამ შემდეგ, როცა რეჟიმს დასჭირდა, ეს ადამიანი დააკავეს კორუფციის ბრალდებით (რეჟიმები ოპონენტების წინააღმდეგ ამ მეთოდსაც საკმაოდ აქტიურად იყენებენ ). იმამოღლუ ერდოგანის საკმაოდ სერიოზული კონკურენტი იყო".

  • "ირანის ისლამურ რესპუბლიკას ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების რეპრესიების ძალიან გრძელი ისტორია აქვს"

ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, პირველი, რაც გააკეთა ახალმა ხელისუფლებამ, სხვა მისი მოკავშირეების (ძირითადად მემარცხენე ჯგუფებიდან) სრული რეპრესირება და ძალაუფლებისგან მათი ჩამოშორება იყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ირანში პოლიტიკური რეპრესიები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, რომელიც ყველაზე გახმაურებული გახდა, იყო 2022 წელს, როდესაც ირანის მორალის პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა ქალი - მაჰსა ამინი, რომელიც შემოაკვდათ და ამას მოჰყვა მასშტაბური გამოსვლები, რომლებიც ირანმა სისხლში ჩაახშო. კიდევ ერთი შემთხვევა - ნარგეს მოჰამადი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ გამოსვლისთვის დააკავეს და რამდენიმე მუხლით გაასამართლეს. ის თეირანის პოლიტიკურ ციხეში, ევინის ციხეში გაამწესეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ციხეა (რომელიც ისრაელმა ახლახან დაბომბა). გარდა ამისა, ირანში აქტიურად იყენებენ სიკვდილით დასჯას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პროტესტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა მოჰსენ შეკარიზე, მაჯიდ რეზა რაჰნავარდი და სხვები. ირანი ასევე ცდილობს, რომ შეზღუდოს დიასპორაში მცხოვრები ირანელების სიტყვის გამოხატვა და ყველანაირად ცდილობს დააშინოს საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეები.

  • "მათ ჯერ რუსული კანონით დაიწყეს... და ეს ქვეყანაც ავტორიტარული ტალღის მსხვერპლი“

ყირგიზეთი წლების განმავლობაში იყო ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რესპუბლიკა, მათი ბუნებრივი რესურსები შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი მეზობლის და ამის გამო ვნახეთ დემოკრატიულობის გარკვეული მცდელობები.

პუტინი აჯილდოებს სადირ ჟაპაროვს

მართლაც, 2023-2024 წლამდე ის ყველა მეზობელთან შედარებით გაცილებით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო იყო, მაგრამ 2025 წლიდან ზუსტად ისე, როგორც საქართველოში, პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ჯერ რუსული ტიპის კანონი მიიღო და შემდეგ მოხდა თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე, დააკავეს 11 ჟურნალისტი და მასობრივი არეულობის მოწოდების ბრალდებით მათ 6 და 5 წელი მიუსაჯეს. შემდეგ მოხდა სასამართლო ხელისუფლების სრულად პოლიტიზება და მან დაიწყო ოპონენტების წინააღმდეგ მასობრივი არეულობის და ცრუ ინფორმაციის გავრცელების კანონების აღსრულება. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ყირგიზეთისა და რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობა ყირგიზი და რუსი დისიდენტების დაჭერასთან და ერთმანეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ანუ მათ ჯერ რუსული კანონით დაიწყეს, მერე მეტი რეპრესიული კანონები მიიღეს და საბოლოო ჯამში, ყირგიზეთიც ავტორიტარული ტალღის მსხვერპლი შეიქნა.

  • როგორ ამთავრებენ ავტორიტარული რეჟიმები?

ავტორიტარიზმის ერთგვარი ტენდენციაა - ჯერ საზოგადოებას აჩვევენ იმას, ვიღაცას შეიძლება დაუძახო რადიკალი, ექსტრემისტი, აგენტი, უცხოური ძალა და ა.შ. შემდეგ ხდება ამ გამოგონილ მტრებთან ბრძოლისთვის კანონების მიღება და უკვე ამ ახლადმიღებულ კანონებს მთლიანად საზოგადოება ეწირება, ეს კანონები ხდება ჩვეულებრივი ავტორიტარული ძალაუფლების შენარჩუნების იარაღი.

ავტორიტარული რეჟიმები, როგორც წესი, კარგად არ ამთავრებენ, არც ის ადამიანები, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების გამყარებაში მონაწილეობენ, რადგან ასეთი რეჟიმი ოპონენტების განადგურების შემდეგ იწყებს ბრძოლას თავად რეჟიმის შიგნით. რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, რაც უფრო ნაკლები რესურსი გააჩნია მას, მით უფრო მალე ხდება ელიტებს შორის დაპირისპირება. იმ შემთხვევაში, თუ საგარეო წნეხი იზრდება, სანქციები წესდება, შიდა ელიტური დაპირისპირების მისაღებად კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს. ავტორიტარიზმი ჭამს თავის შვილებს, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს როგორც საქართველოს ისტორიაში, ასევე ჩრდილოეთ კორეის, ცენტრალური აზიის ისტორიაში - როგორც კი ხდება ავტორიტარიზმის დამყარება, იმწუთასვე იწყება ბრძოლა რესურსების მისაღებად და გადასანაწილებლად. ამ ბრძოლას ყოველთვის ეწირება ჯერ ავტორიტარის უახლოესი გარემოცვის პირველი თაობა და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ხდება თავად ამ სისტემის შიგნით შემდეგი თაობების განადგურებაც. მიუხედავად გარეგანი სტაბილურობისა, ავტორიტარული სისტემა, სინამდვილეში, ძალიან არასტაბილურია, აგებულია კონკრეტული ადამიანების კეთილ ნებასა თუ პარანოიაზე და იმ შემთხვევაში, თუ პარანოია იზრდება, ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტად რთულდება.