იაპონიის სამხრეთით მდებარე დასახლებულ კუნძულებზე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 900-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა, რაც ადგილობრივის შეშფოთებას იწვევს.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ოთხშაბათს მომხდარი 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ტოკარას კუნძულების მიმდებარედ, ზღვაში "ძალიან მაღალი“ სეისმური აქტივობები დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, არც ცუნამის შესახებ გაცემულა გაფრთხილება, თუმცა ხელისუფლებამ მოსახლეობას ურჩია, საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციისთვის მოემზადონ.
“დაძინებაც კი გვეშინია, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მუდმივად გაქანავებს,“ - განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა რეგიონულ მაუწყებელ MBC-ს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტოკარას რაიონი მიწისძვრების სერიები წარსულშიც მომხდარა, თუმცა ბოლო ბიძგების სიხშირე უჩვეულო იყო.
ტოკარას 12 კუნძულიდან შვიდზე დაახლოებით 700 ადამიანი ცხოვრობს. ამ შორეულ კუნძულებს შორის ზოგიერთს საავადმყოფო არ აქვს - უახლოესი კუნძულიდან კაგოშიმას პრეფექტურის დედაქალაქამდე კი ბორნით ექვსსაათიანი მგზავრობაა საჭირო.
"მიწისძვრებამდე, განსაკუთრებით ღამით, ოკეანიდან უცნაური “ღრიალი“ ისმის. ეს საშინელებაა“, - განუცხადა აკუსეკიჯიმას წარმომადგენელმა ჩიზუკო არიკავამ The Asahi Shimbun-ს.
"ამდენი მიწისძვრის შემდეგ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მიწა ირყევა, მაშინაც კი, როცა არ ირყევა“, - აცხადებს 60 წლის ისამუ საკამოტო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომხდარის გამო, ტოშიმას სოფლის ზოგიერთ მაცხოვრებელს ძილის უკმარისობა და დაღლილობა აწუხებს. ტოშიმას სოფლის ვებსაიტის ცნობით, ტოკარას კუნძულებზე ზოგიერთმა სასტუმრომ ტურისტების მიღება შეწყვიტა.
ამ კვირის დასაწყისში, მოსალოდნელი მიწისძვრის გამო, მთავრობამ ახალი ზომების მიღება დაგეგმა - ისინი ევაკუაციის შენობების აგებას და საზოგადოების დატრენინგებას განიხილავენ.