ავტორი:

"ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღამე... ასობით დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა კიევში... მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა" - რა ხდება უკრაინაში

"ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღამე... ასობით დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა კიევში... მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა" - რა ხდება უკრაინაში

რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • მათივე ინფორმაციით, ხანძრები და საცხოვრებელი შენობების დაზიანება ქალაქის ექვს რაიონში დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 21 ადამიანი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელი შენობების ეზოში და საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე დაეცა.

სოლომენსკის რაიონში ნამსხვრევები არასაცხოვრებელ შენობებს დაეცა. გარდა ამისა, ცეცხლი გაუჩნდა საწყობებს და ადმინისტრაციულ შენობას.

სვიატოშინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები საწყობის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ნამსხვრევები ასევე 16-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ეზოში ჩავარდა, რის შედეგადაც ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.

შევჩენკოვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა 8-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დააზიანა. გოლოსეევსკის რაიონში სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა. დარნიცკის რაიონში კი ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები ღია ტერიტორიაზე დაეცა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება:

"აბსოლუტურად საშინელი და უძილო ღამე კიევში. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღამე, რაც კი აქამდე ყოფილა. ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა უკრაინის დედაქალაქში. სწორედ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. ის ამას გამიზნულად აკეთებს. საკმარისია ლოდინი! პუტინი აშკარად აჩვენებს თავის სრულ უგულებელყოფას შეერთებული შტატების და ყველას მიმართ, ვინც ომის დასრულებისკენ მოუწოდებს“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა დაეკისროს სანქციები.

"მოსკოვს დაუყოვნებლივ უნდა დაეკისროს უმკაცრესი სანქციები. უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველა საჭირო საშუალება საკუთარი თავის დასაცავად. არასწორმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მხოლოდ აგრესორი წაახალისოს ტერორის ესკალაციისკენ. მსოფლიოს ყველა კრიმინალური რეჟიმი ახლა ყურადღებით აკვირდება პუტინის ქმედებებს და მათზე რეაქციებს. თუ ის ამ ყველაფერს დაუსჯელად გადაურჩება, ყველა მიიღებს ძალიან მკაფიო გზავნილს. შეწყვიტეთ მშვიდობის ლოდინი. იმოქმედეთ მშვიდობის მისაღწევად. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - აცხადებს სიბიგა.