ალინა კაბაევას სახელი მსოფლიო სპორტის ისტორიაში ოლიმპიური ოქროთი ჩაიწერა, თუმცა, მისი ბიოგრაფია სავსეა სკანდალური ამბებით. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, კაბაევას სახელი სულ უფრო ხშირად უკავშირდება ვლადიმირ პუტინს, რაც მას რუსეთის ყველაზე გავლენიანი და საიდუმლოებით მოცული ფიგურის - "პუტინის ფავორიტის" სტატუსს ანიჭებს. მისი საოცარი აღმასვლა სპორტულ მწვერვალებზე, მკაცრი რეჟიმი და მოულოდნელი პოლიტიკური აქტიურობა კიდევ უფრო ამძაფრებს ინტერესს მისი პიროვნების მიმართ, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, თუ რა როლს ასრულებს ის რუსეთის პრეზიდენტის პირად თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

"ფეხებიანი ტელევიზორი"
ალინა კაბაევა სპორტულ ოჯახში დაიბადა: დედა კალათბურთის ნაკრებში თამაშობდა, მამა საფეხბურთო კლუბ „ფახთაქორის“ საუკეთესო ბომბარდირი იყო, ბაბუა კი სპორტკომიტეტში მსახურობდა. მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ ალინა თავის ცხოვრებას ფიგურულ სრიალს დაუკავშირებდა, თუმცა მათ რაიონში ყინულის მოედანი არ იყო. მაშინ არჩევანი მხატვრულ ტანვარჯიშზე შეჩერდა: ბაბუამ იზრუნა, რომ კაბაევების სახლთან ახლოს სკოლის შენობაში შესაბამისი სექცია გაეხსნათ. ვარჯიში გოგონამ სამი წლის ასაკში დაიწყო.
ის ყველა შეჯიბრებაზე პირველ ადგილს იკავებდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. იქ სპორტული კარიერის ასაშენებლად უფრო მეტი შესაძლებლობა იყო. ალინას მიყვანა ირინა ვინერთან სურდათ, რომელიც იმ დროისთვის უკვე რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იყო. თუმცა, მან უარი თქვა ალინას მიღებაზე: ვინერის თქმით, კაბაევა ძალიან ასაკოვანი (11 წელი კარიერის დასაწყებად ძალიან გვიანია) და ჭარბწონიანი იყო.
ალინას დედამ ძლივს დაითანხმა მწვრთნელი, რომ უბრალოდ ენახა, როგორ ვარჯიშობდა მისი ქალიშვილი. გოგონას ვარჯიშის შემდეგ მიხვდა, რომ ასეთი ჰოლივუდური ღიმილი უბრალოდ ხელიდან არ უნდა გაეშვა. ვინერი დათანხმდა ბავშვის წვრთნას ერთი პირობით: სამ დღეში ალინას სამი კილოგრამი უნდა დაეკლო, რათა დაემტკიცებინა ჩემპიონობის სურვილი.

თერთმეტი წლის ბავშვი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ წყალს სვამდა, რისი წყალობითაც მწვრთნელის მოთხოვნა შეასრულა და მისი მოსწავლე გახდა. უფროსები გოგონას "ფეხებიან ტელევიზორს“ ეძახდნენ, მაგრამ ყველა აღიარებდა მის ბუნებრივ პლასტიკურობასა და არტისტიზმს.
დოპინგი და ოლიმპიური ოქროთ
თხუთმეტი წლის ასაკში ალინა ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ხოლო 1999 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. 2000 წელს ალინა სიდნეის ოლიმპიური თამაშების ფავორიტი იყო: ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა წინასწარ დაკიდეს მას კისერზე ოქროს მედალი, რადგან სხვა მონაწილეებს შორის ღირსეული კონკურენტები ვერ დაინახეს.
თუმცა, იმ წელს კაბაევამ იმედები ვერ გაამართლა. გამოსვლისას სერიოზული შეცდომა დაუშვა, რის გამოც მესამე ადგილზე გავიდა. მარცხმა ისე ძლიერ იმოქმედა ტანმოვარჯიშეზე, რომ სპორტისთვის თავის დანებება გადაწყვიტა. 2001 წელს, დოპინგის სკანდალის გამო, მას მთელი წლის განმავლობაში მოპოვებული ყველა მედალი ჩამოართვეს. სპორტსმენის სისხლში იპოვეს პრეპარატი, რის გამოც ალინა მთელი შემდეგი წლის განმავლობაში შეჯიბრებებიდან მოხსნეს. მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მეორე ანალიზი სუფთა იყო, და სასჯელის თავიდან არიდება შეიძლებოდა.

სკანდალის შემდეგ კაბაევას სრულიად გაუქრა ვარჯიშის სურვილი. სპორტული ბაზიდან საკუთარი მანქანით იპარებოდა და საღამოობით კლუბებსა და წვეულებებზე დადიოდა. ჩემპიონის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება ვინერმა მხოლოდ დედის დახმარებით შეძლო. ქალმა ნაცნობები დაითანხმა, რომ ქალიშვილის მანქანა გაეტაცათ, რათა მას ბაზიდან წასვლის საშუალება აღარ ჰქონოდა.

2004 წელს ალინამ დიდი ხნის ნანატრი ოლიმპიური ოქრო ჩამოიტანა, რომელიც ათენში მოიპოვა. ტანმოვარჯიშე გადაწყვიტა რომ ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა და სპორტული კარიერა დაასრულა. თუმცა, მედიიდან არასოდეს გამქრალა, რადგან მალე მოდელად მუშაობა დაიწყო, მონაწილეობდა ფილმებში და ბედი პოლიტიკაშიც სცადა. მაგრამ ვინ უჭერდა მხარს მას ახალ წამოწყებებში, მწვრთნელისა და მშობლების გარდა?
წარუმატებელი ქორწინება და პირადი ცხოვრების საიდუმლო
ორიათასიანი წლების დასაწყისში უკვე ცნობილი ტანმოვარჯიშე პირველ სიყვარულს შეხვდა. მისი რჩეული გახდა მილიციის კაპიტანი დავით მუსელიანი, რომელიც კაბაევამ ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო. თავიდან ორივეს ეგონა, რომ მხოლოდ ერთ საღამოს გაატარებდნენ ერთად, თუმცა გართობა სერიოზულ ურთიერთობაში და ქორწილის დაგეგმვაში გადაიზარდა. ალინა სიამაყით საუბრობდა თავის ქართველ შეყვარებულზე, არ ერიდებოდა თხუთმეტწლიან ასაკობრივ სხვაობას, მამაკაციც ყველგან თან დაჰყვებოდა ქალს.

რუსეთი ჩემპიონის ქორწილისთვის ემზადებოდა, როდესაც კაბაევამ მოულოდნელად განაცხადა, რომ აღარ ქორწინდებოდა. მუსელიანთან დაშორების მიზეზად ოლიმპიურმა ჩემპიონმა ხასიათების სხვაობა დაასახელა, თუმცა დეტალების გამჟღავნება არ მოინდომა. ამის შემდეგ ალინამ პირადი ცხოვრების დამალვა დაიწყო, მაგრამ მის ოჯახურ მდგომარეობაზე ლეგენდები დადის. ზოგი ამტკიცებს, რომ მისი ქმარი არასაჯარო პირია, თავად სპორტსმენი კი უკვე სამ შვილს ზრდის. უცხოური მედია ხშირად წერს, რომ მისი შვილების მამა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.
უკვე წლებია კაბაევა ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს, მაგრამ ის მუდმივად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. ღონისძიებებზე იშვიათი გამოჩენის გამო თაყვანისმცემლები მაშინვე ამჩნევენ ნებისმიერ ცვლილებას. მაგალითად, ჩემპიონმა ვერ მოახერხა წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის დამალვა, რის გამოც ალინას მიმიკა ჯერ კიდევ დარღვეულია.
