ავტორი:

შეუძლოდ გახდა შიმშილობაზე მყოფი კიდევ ერთი მაღაროელი, მირზა ლოლაძე - კადრები ადგილიდან და მიმართვა ირაკლი კობახიძეს

შეუძლოდ გახდა შიმშილობაზე მყოფი კიდევ ერთი მაღაროელი, მირზა ლოლაძე - კადრები ადგილიდან და მიმართვა ირაკლი კობახიძეს

ცოტა ხნის წინ, შეუძლოდ გახდა შიმშილობაზე მყოფი კიდევ ერთი მაღაროელი, მირზა ლოლაძე.

მაღაროელს, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი, მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. როგორც “მაღაროელი“ ადგილიდან ავრცელებს, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

“უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე. მშრალ შიმშილობაზეა. სულ რომ საკაცით გამიყვანონ, აქედან არსად წავალო...“ - ამბობს ვიდეოში პირი, რომელიც მირზა ლოლაძის მდგომარეობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

მირზას გარდა, გუშინ შეუძლოდ გახდა მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს. ტარიელ მიქაცაძე სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარს აცხადებდა.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მისი მძიმე მდგომარეობის გამო, მირზა ლოლაძე გადაიყვანა.

  • მაღაროელებმა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართეს, რომ მათი პრობლემით პირადად დაინტერესდეს. მაღაროელების Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში, ისინი კობახიძე ისინი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

“მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს უწყვეტი საპროტესტო აქციის 127-ე და შიმშილობის 16-ე დღეა. შიმშილობის მთავარი მიზეზი და მოთხოვნაა უკანონოდ დაკავებული ჩვენი ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.

  • მინდა, ამ პოსტის მეშვეობით, საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრს მივმართო: ბატონო პრემიერო, ჭიათურაში მდგომარეობა კრიტიკულია. შიმშილობს შვიდი ადამიანი, სამ პირს პირი აქვს ამოკერილი, ორი მათგანი უწყლოდ შიმშილობს. ტარილ მიქაცაძის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ადამიანები, რომლებიც თქვენ რადიკალებად წარმოგიდგინეს, სინამდვილეში საკუთარი მეგობრების დასახმარებლად საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ. ამას დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება. პრემიერო, თქვენ ხშირად იწონებთ თავს ოჯახური ღირებულებებითა და პატრიოტიზმით, მაგრამ განა არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე მეგობრისთვის თავის გაწირვაა? მაშინ, როდესაც მთელი საქართველო აგიმხედრდათ, ჩვენ არასდროს გვიწოდებია არალეგიტიმურები – ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. ვითხოვთ ღირსეულ შრომის პირობებს ღირსეულ ანაზღაურებას და დაფასებას.

კომისიის მიერ წარმოდგენილმა მმართველმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

შთაბეჭდილება რჩება თითქოს, მიზანმიმართულად ცდილობენ ხელისუფლება კიდევ უფრო შესძულდეს ხალხს ამ ყველაფერში თანაბრად მონაწილეობს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ასევე კომპანია, პრემიერო.

თუ გსურთ, პრობლემის სათავეებში გაერკვეთ, მობრძანდით, ან გაგვიღეთ თქვენი კაბინეტის კარი – ბევრ რამეს გიამბობთ. ყველაფერი არ არის ისე, როგორც ეს საზოგადოებაში წარმოჩენილია. თუ ადამიანებს შეუძლია, მეგობრები გამო თავი გასწიროს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანებს რადიკალური ვუწოდოთ? ამას დიდი ვაჟკაცობა და ღირსება სჭირდება.

ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და არ ვიმსახურებთ უსამართლობაში ყოფნას. დაინტერესდით პირადად ამ საკითხით. ჩემი ხელით არაერთი წერილი დამიწერია და გამომიგზავნია თქვენთვის – ნეტავ, რომელიმე მიაღწია თქვენამდე?

ჭიათურელებს მანგანუმი წყევლად გვექცა. ეს არის გულწრფელი წერილი, რომელსაც მთელი საქართველო იხილავს. თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ იმ ხალხზე, ვინც აგირჩიათ და ვისი ინტერესებიც უნდა დაიცვათ. იმედი მაქვს, ამ წერილს შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვება,“ - ავრცელებს მაღაროელების მიმართვას გვერდი “მაღაროელი.

იხილეთ ასევე: