ავტორი:

პრემიერთან შეხვედრა დასრულდა: რას აცხადებენ ბიზნესმენები?

პრემიერთან შეხვედრა დასრულდა: რას აცხადებენ ბიზნესმენები?

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საუბარი ეკონომიკისა და ბიზნეს სფეროს შეეხებოდა.

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თქმით, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა დასაქმების საკითხზეც.

"ძირითადად, ბიზნესზე იყო საუბარი, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა, არც არავის დაუსვია ეს საკითხი.

გამოწვევებს რაც შეეხება, საინტერესო იყო ის, რომ ოპტიმიზაციაზე გამახვილდა ყურადღება, დასაქმებაზე, სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა, ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ახლა ხდება მათი შემცირება, საინტერესო იყო.

მე ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს უნდოდა, რომ ბიზნესმენების წინაშე გამოეხატა (მადლიერება), სხვათა შორის, პირველად, რაც თავი მახსოვს, ბიუჯეტის შევსებისთვის, გადასახადების სწორ გადახდაში, დანარჩენი ისეთი არაფერი", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი?, - ასე უპასუხა "ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ბიზნესმენმა ირაკლი კვერღელიძემ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ იყო თუ არა საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ამ საკითხზე.

მისი თქმით, ეკონომიკური მაჩვენებლებით "საქართველო ევროპაშიც ლიდერია და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს“.

"რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი? ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც იზომება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის ეკონომიკური ზრდის პარამეტრი. ამით საქართველო ევროპაშიც ლიდერია და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რაზეც აზრები გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან. საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა, რაც სასიამოვნოა. მიხარია, ის რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდასა და წახალისებაზე ვისაუბროთ.

რაც შეეხება ინიციატივებს, იყო ძალიან ბევრ სეგმენტში, იყო ჯანდაცვის სექტორში, დეველოპმენტის, ტრანსპორტის სექტორში, მომსახურების სფეროში. საკმაოდ ბევრია და ცალკეულად საუბარი გამიჭირდება. პირველი თემა ეს იყო წახალისების მიზნით გარკვეული სტიმულაციების გაკეთება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეთ ინვესტიციების შემოტანისთვის ქვეყანაში“, - აღნიშნა კვერღელიძემ.