"ლივერპულისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, დიოგო ჟოტას დაკრძალვას ათასობით ადამიანი ესწრება. ოჯახის წევრები, მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები შეიკრიბნენ, რათა პატივი მიაგონ ფეხბურთელს. დაკრძალვის ცერემონია ჟოტას მშობლიურ ქალაქში გონდომარში მიმდინარეობს.
ეკლესიაში შესვლის უფლება მხოლოდ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აქვთ, თუმცა, პორტოს ეპისკოპოსის მიერ ჩატარებული წირვის აუდიოჩანაწერის პირდაპირი ტრანსლაცია გადაიცემა ქუჩაში გამოსული ათასობით მგლოვიარისთვის.
„ლივერპულის“ ფეხბურთელები, რომლებიც ქალაქში გუშინ ღამით ჩავიდნენ, დღეს დაკრძალვას პორტუგალიელ ვარსკვლავებთან ერთად დაესწრნენ.
Record-ის ცნობით, პრემიერ ლიგის კლუბი, სავარაუდოდ, ჟოტას კონტრაქტის დარჩენილ თანხას მის ოჯახს გადაუხდის. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2022 წელს გააფორმა და ორი წელი ჰქონდა დარჩენილი.
დაკრძალვის ცერემონია ლოცვით დაიწყო, რასაც მოჰყვა საგალობელი. წირვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. დაკრძალვის ცერემონიას პორტოს ეპისკოპოსი, დ. მანუელ ლინდა უძღვებოდა, რომელმაც ქადაგებისას ჟოტას შვილებს მიმართა:
„ძვირფასო დინის, მაფალდა და დუარტე... ბავშვებო, ამ მომენტში თქვენ ძლიერ იტანჯებით, ან იქნებ არა, რადგან ამას ვერ აცნობიერებთ. ბევრს ვილოცებ თქვენთვის“, - თქვა მან.
ჟოტა და მისი ძმა ხუთშაბათს, გამთენიისას, ესპანეთის პროვინცია სამორასთან ახლოს მომხდარ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:30 საათზე მოხდა.