გენერალი ჰ.რ. მაკმასტერი 2017-2018 წლებში დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო. BBC-სთან ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ რა რჩევებს მისცემდა დღეს ტრამპს და როგორ მოქმედებს "პუტინის სახელმძღვანელო" ამერიკის პრეზიდენტზე.
BBC: რა რჩევას მისცემდით დღეს პრეზიდენტ ტრამპს უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკასთან დაკავშირებით?
ჰ. რ. მაკმასტერი: პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება მანამ, სანამ მას არ შეაჩერებენ. ვფიქრობ, ის ამის გაცნობიერებას იწყებს. შესაძლოა, ტრამპს ბოლომდე არ ესმოდეს, რომ პუტინს უკრაინისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევა გადაწყვეტილი აქვს. იგი შეპყრობილია „რუსეთის სიდიადის“ აღდგენით.

ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პუტინს არა ძალა, არამედ სისუსტე აღაგზნებს. ის რუსული ძალის ილუზიას სწორედ მაშინ ქმნის, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაშია. ახლა დროა, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და უზრუნველვყოთ უკრაინისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერა, განსაკუთრებით შეერთებული შტატების მხრიდან, იარაღისა და საბრძოლო მასალის სახით.
BBC: თქვენ გვთავაზობთ სტრატეგიული თანაგრძნობის კონცეფციას, რომელიც უნდა გამოვხატოთ როგორც მტრების, ასევე მეგობრების მიმართ. ტრამპი ხშირად ახსენებს პუტინთან კარგ ურთიერთობებს და რუსეთთან მიმართებაში არ იყენებს სიტყვას "აგრესორი". მისაღებია თუ არა ეს?
ჰერბერტ მაკმასტერი : სტრატეგიული თანაგრძნობა ნიშნავს გაგებას და არა მტრის მიმართ თანაგრძნობას ან მისი პოზიციის დაკავებას. როდესაც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ვიყავი, პუტინმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა შემოგვთავაზა - ეს სასაცილო იყო. მან თქვა: „ჩვენ ერთად შეგვიძლია ტერორიზმთან ბრძოლა“. სინამდვილეში კი ის გულისხმობდა: "დამეხმარეთ სირიაში მასობრივი მკვლელობების გაგრძელებაში“. უნდა გესმოდეთ, რამდენად არაგულწრფელია პუტინი. ის გამოჩენილი მატყუარაა.
ტრამპი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ პუტინთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, თუ რუსეთის ლიდერზე ზეწოლა არ მოხდება. მსგავსი სიტუაცია იყო ირანთან დაკავშირებითაც. ტრამპს ამ ქვეყანასთან „დიდი გარიგების“ დადება სურდა. თუმცა, ირანი, აშშ-ს, ისრაელისა და არაბული ქვეყნების მიმართ მტრულად განწყობილი იდეოლოგიის გამო, დათმობებზე არ წავიდა, შესაბამისად, ტრამპმა სამხედრო ზომები მიიღო.

პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განსხვავდება გამოჩენილი ადამიანისგან. ის მეგობრული და გახსნილია. სიამოვნებს ხალხთან საუბარი. ამიტომ მნიშვნელოვანია მასთან პირადად კომუნიკაცია. მსურს, რომ მან პუტინის ნაცვლად უკრაინელი ჟურნალისტების ან პრეზიდენტ ზელენსკის მოსაზრებები მოისმინოს.
BBC: ტრამპს აჩვენეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის ამსახველი ფოტოები, რომლებიც უკრაინელი დოკუმენტალისტების მიერ იყო გადაღებული. თუმცა, ამან მისი პოლიტიკა არ შეცვალა. უკრაინა ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე დარჩენისთვის ემზადება. როგორ ავხსნათ ეს?
ჰერბერტ მაკმასტერი: ეს რთული კითხვაა. ტრამპის ზოგიერთ მხარდამჭერს შორის ვრცელდება ცრუ ნარატივი, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია და ყოველთვის ასეთი იყო. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
პუტინი ცდილობს საკუთარი თავი „დასავლური ცივილიზაციის მხსნელად“ წარმოაჩინოს, რადგან, სავარაუდოდ, ის ულტრამემარცხენე იდეებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დეზინფორმაციის გამოაშკარავება, ხალხისთვის რუსეთის სისასტიკის შეხსენება და უკრაინის გმირობის ხაზგასმა. ტრამპი პატივს სცემს მათ, ვინც თავს იცავს. ისრაელმა ძალისხმევა გასწია თავის დასაცავად და ტრამპმაც მხარი დაუჭირა ამას.