2 ივლისს ისანში მკვლელობა მოხდა. დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პარკინგის ადგილის გამო მოხდა და მკვლელობით დასრულდა. მოკლული 44 წლის მიშიკო მაძღარაშვილია. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
როგორც ცნობილი ხდება, დაპირისპირება მეზობლებს გუშინ საღამოს, დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი პარკირება იყო. ცნობილია, რომ მაძღარაშვილს სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა სავარაუდო დამნაშავესაც. ის თავდაპირველად კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი დააკავეს.
მოკლულის ახლობლები კატეგორიულად უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიშიკო მაძღარაშვილმა ლევან ჩხაიძეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟღერდება არა ერთი ცრუ ინფორმაცია. მომხდარ დანაშაულს შეესწრო გარდაცვლილის ოჯახის წევრი, კერძოდ მისი მეუღლე და ასევე ოჯახთან დაახლოებული ოთხი პირი.
სიტყვიერი შელაპარაკება მიმდინარეობდა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის (კარების) მიმდებარე ტერიტორიაზე. არც გარდაცვლილს და არც მის თანმხლებ პირებს ბრალდებულისთვის არ მიუყენებიათ ფიზიკური ზიანი (გასროლამდე).
მოწმეების თქმით, საუბრის მიწურულს ბრალდებულმა განახორციელა რამდენიმე გასროლა გარდაცვლილის მიმართულებით. ბრალდებულმა გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ ფეხის არეში, ხოლო შემდეგ გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა.
აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა ადგილზე მყოფ პირებს, თუმცა გასროლა ვერ განახორციელა ვინაიდან გარდაცვლილის ახლობლებმა მას ხელიდან იარაღი გააგდებინეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდგომაც ცნობილი გახდება დამატებითი დეტალები" - აღნიშნა ადვოკატმა.
წაიკითხეთ ასევე: