ავტორი:

“არ მიყვარდა ის ადამიანი, საკუთარ თავზე გაბრაზებული ვიყავი...“ - როგორ დაიკლო 74 კილო მიშა ავსაჯანაშვილმა: ცნობილი შეფი გამოცდილებას გვიზიარებს

“არ მიყვარდა ის ადამიანი, საკუთარ თავზე გაბრაზებული ვიყავი...“ -  როგორ დაიკლო 74 კილო მიშა ავსაჯანაშვილმა: ცნობილი შეფი გამოცდილებას გვიზიარებს

„არ მიყვარდა ის ადამიანი, საკუთარ თავზე გაბრაზებული ვიყავი... ფეხით სიარული მიჭირდა, მალე ვიღლებოდი,“ - ამ სიტყვების ავტორი ცნობილი შეფი, „სამზარეულოს ომების“ წამყვანი მიშა ავსაჯანიშვილია. ბევრმა შესაძლოა არ იცის, რომ შეფი მიშა წლების წინ საკმაოდ მძიმე წონის მქონე ადამიანი იყო.

რამ გამოიწვია მისი ჭარბი წონა, როგორ იბრძოდა მის დასამარცხებლად და საბოლოოდ როგორ დაამარცხა 74 კილოგრამი, ამაზე თავად გვიამბობს.

მიშა ავსაჯანიშვილი:

- ბიოლოგიას კარგად ვსწავლობდი, მეცხრე კლასში ვიყავი, რომ ამ საგანში გამოცდა მქონდა, რომელშიც რატომღაც დაბალი ქულა მივიღე. ამან ემოციურად ჩემზე ისე იმოქმედა, მახსოვს, გამოცდიდან სკოლის ეზოში რომ გამოვედი, მეგობარმა მითხრა, - მაგას როგორ აკეთებო. რას-მეთქი? - სახეს რატომ უცვლი ასე ფორმასო. ჩავიხედე სარკეში და რას ვხედავ, - ჩამოვარდნილი მაქვს ნახევარი სახე და თვალსაც საერთოდ ვერ ვხუჭავ. წყალსაც ვერ ვსვამდი.

დედამ ექიმთან წამიყვანა. ექიმმა დედაჩემს უთხრა, რაიმე მძაფრი ემოცია ხომ არ ჰქონდაო. სახის ასიმეტრია გამოცდის გამო მიღებულ ემოციებს დავაბრალე. მერე მკურნალობა დამენიშნა, პრედნიზოლონს ვსვამდი (რაც ალბათ არასწორი იყო), რის შემდეგაც წონაში საგრძნობლად მოვიმატე. მოკლედ, ავკრიფე და ავკრიფე. ჯანმრთელობით მდგომარეობა კი გამიუმჯობესდა, მაგრამ წონა მომემატა. მკურნალობამ მიშველა, სახის ასიმეტრია გასწორდა, თუმცა უმნიშვნელოდ ასიმეტრიის კვალი ცოტათი მაინც შემორჩენილია.

- ცხადია, შემდეგ ჭარბმა წონამ შეგაწუხათ...

- მანამდეც არ ვყოფილვარ სუსტი და გამხდარი, მაგრამ სერიოზულად მოვიმატე. სიმაღლეში მეტრი 97 სმ ვარ, მაგრამ რაღაც სხვანაირად გავსუქდი, წელს ზემოთ უზარმაზარი ვიყავი. მეათე კლასში უკვე 129 კილო გავხდი. მერე და მერე სისხლში შაქრის დონემ აიწია და მაღალმა წნევამ (საკმაოდ მაღალი რიცხვები იყო - 220 და ზემოთ) შემაწუხა. ერთხელ ექიმმა რომ გამსინჯა, გაგიჟდა, ასეთ რიცხვებს როგორ უძლებო, მაგრამ როგორც ჩანს, ახალგაზრდა ორგანიზმი იტანდა. ახლა ამხელა წნევა რომ მქონდეს, ორგანიზმი ვერ გადაიტანდა. წნევა და ყველა პრობლემა, რაც ჭარბი წონის გამო მქონდა ჯანმრთელობის კუთხით მქონდა, ბარიატრიის შემდეგ მოიხსნა.

- სადამდე ავიდა წონა და როგორ მიხვედით ბარიატრიამდე?

- წლების მანძილზე ჩემი წონა 176 კილომდე ავიდა. დავიცავდი დიეტას, მაგრამ დიეტის შემდეგ წონა ზემოთ უცებ გარბოდა. ენდოკრინოლოგებთანაც დავდიოდი, სტრესში იყო ორგანიზმი... დიეტა ისეთი რაღაცით დამირღვევია, გაოცდებით, ვთქვათ, შემწვარი გოჭის ხორცით, ან რაიმე განსაკუთრებულით კი არა მაგალითად, ცხელი პურით. მერე ასეთი დამოკიდებულება მქონდა, - თუ დავარღვიე, მორჩა, მეგონა, ყველაფერი წყალში ჩამეყარა და დიეტას ვწყვეტდი. ამის ფონზე ჩემს თავზე სულ ვბრაზდებოდი - საკუთარი თავი სასტიკად არ მიყვარდა. არადა, ჩემი ფუმფულა გარეგნობის გამო გარშემო ყველა მეუბნებოდა, - რა საყვარელი ხარ, მართლა „ბულკივით“ ვიყავი. არადა, ხომ ვამბობ, ძალიან არ მიყვარდა ის ადამიანი... თან სიმსუქნის გამო კომპლექსი მქონდა. ახლა რომ შემიძლია ჭავჭავაძიდან ავლაბარში ფეხით გავიდე, მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო, სიარული მიჭირდა.

- წონაში რომ დაიკელით, ალბათ ამოისუნთქეთ...

- წონის დაკლების შემდეგ საოცარი სიამოვნება განვიცადე, მოკლედ, თავიდან დავიბადე. ოპერაციიდან 8 თვეში დავიკელი, მაგრამ კლება მერე კიდევ სადღაც 16 თვემდე გრძელდებოდა. მერე ისე დავიკელი, დედაჩემი ტიროდა, რატომ გაიკეთე ოპერაციაო, თუმცა ცოტა მოვიმატე და იმის მერე ერთსა და იმავე წონაზე ვარ გაჩერებული.

- კვებას როგორ აბალანსებთ?

- ოპერაცია შესანიშნავმა ექიმმა დათო აბულაძემ გამიკეთა. მან მითხრა, რომ ეს ოპერაცია არ არის სამუდამო, ეს არის უბრალოდ შანსი - როცა გახდები, ისწავლო ნორმალური, დაბალანსებული კვება და ნორმალურად ცხოვრება. მისივე თქმით, მანამდე დიეტაზე იყავი და არ ვჭამდი. ახლა არ გთხოვს ორგანიზმი, არ გშია, არ ჭამ, მაგრამ არის ხარბი თვალი და მას უნდა ებრძოლოო.

თვითონ ოპერაციის პერიოდი არ იყო რთული, მარტივად და კარგად გადავიტანე, მეორე დღესვე გამოვედი. უკვე მეექვსე წელია.

ახლა დათოსთან რომ მივდივარ, ვეუბნები - ერთ კილოს ვერ ვიმატებ, 5 წლის წინ რომ ვჭამდი, იმდენს ხომ არ ვჭამ-მეთქი?! ის ასე ხსნის - შენს ქვეცნობიერს იმდენად არ მოსწონდა ის ტიპი, რომ ყველანაირად ჩაკეტა, რომ არ მოიმატოს. ამაში მეც ვეთანხმები. მართლაც ვერ ვიმატებ. სადღაც 74 კილო მაქვს სულ დაკლებული. მოგვიანებით პლასტიკა დამჭირდა და გავიკეთე. ფაქტობრივად იმ მიშასგან ახლანდელი მიშა გარეგნულად ბევრად განსხვავდება.