ავტორი:

ცნობილი ვანელები, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს

ცნობილი ვანელები, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს

ვანი ანტიკური ნაქალაქარია, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. სახელწოდება „ვანი“ აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის განმარტებით, ძველ ქართულად ნიშნავდა - „სახლს“, „სადგურს“, „დაბას“, „საცხოვრებელს“.

ვანს, როგორც უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების წყაროს, ყურადღება მიაქციეს XIX საუკუნეში. 1847-1848 წლებში, როდესაც საქართველოსა და კავკასიაში ქართველოლოგი, აკადემიკოსი მარი ბროსე მოგზაურობდა, ქუთაისში, საპატიო სტუმრისთვის მამაკაცის თავის ქანდაკება მიურთმევიათ, რომელიც „საჩინოს“ ერთ-ერთ საფლავში ყოფილა ნაპოვნი. ბროსეს აღწერით, ქანდაკება იყო: „მამაკაცის ბიუსტი მხრების დასაწყისამდე, თმიანი და წვერიანი, არწივისებრი დიდი ცხვირითა და სარდონიკული სიცილით“. 1876 წელს გაზეთი „დროება“ წერდა: „აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთეულობა... დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე“... ექვთიმე თაყაიშვილი ვანით ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდა და 1896 წელს პირველი არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რომელმაც სისტემატური ხასიათი 1947 წლიდან მიიღო.

  • ვანის ტერიტორიაზე შემორჩენილია გვიანი შუასაუკუნეების ციხის ნანგრევები: „საჩინოს ციხე“ (მშვიდობის გორა) და „სებეკას ციხე“. იქვე შეიმჩნევა ჩიჯავაძეების კარის ეკლესიის მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევები...

ვანის მუნიციპალიტეტი რამდენიმე ათეულ სოფელს მოიცავს, რამდენიმე მათგანში კი, სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი და წარმატებული ადამიანი დაიბადა და გაიზარდა. მათ შორის არიან გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, გრიგორ ლორთქიფანიძე, კალისტრატე ცინცაძე, ნიკა აგიაშვილი, კარლო, საკანდელიძე, ჯემალ ქარჩხაძე...

გადავხედოთ რამდენიმე მათგანის ცხოვრების გზას.

კალისტრატე ცინცაძე

  • კალისტრატე ცინცაძე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

კალისტრატე (ბიჭიკო) ცინცაძე 1866 წელს სოფელ ტობანიერში სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა იყო. 1886 წლის 24 მაისს მისმა თანაკურსელმა იოსებ ლაღიაშვილმა რექტორი ჩუდეცკი მოკლა, რაც რუსეთის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისი აღმოჩნდა. კალისტრატე იმ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა...

შემდეგ სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. უკრაინაში ყოფნისას მომავალი მეუღლე - ოტილია ტომასი გაიცნო და სამშობლოში ლუთერანი ქალბატონი ჩამოიყვანა, რომელიც აქ მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს. ექვსი შვილიდან სამი გარდაეცვალათ. კალისტრატე 1893 წელს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად აკურთხეს, მალე - მღვდლად. 1917 წელს დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, შემდეგ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში. 1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად, ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში 3 წელი გამოკეტეს.

1925 წლის 31 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას ლოცვა-კურთხევით, ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს, უწმინდესის გადაწყვეტილებით, 1925 წლის 11 ნოემბრიდან კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, რასაც მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ... კალისტრატე ცინცაძე ქაშვეთის ეკლესიის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის გამოკვლევები და წერილები. 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის VI კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. მისი აღსაყდრება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა. კალისტრატე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად აქტიურად იბრძოდა... სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი კალისტრატე ცინცაძე 1952 წელს გარდაიცვალა. 2016 წელს საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

გალაკტიონ ტაბიძე

  • გალაკტიონ ტაბიძე - დიდი ქართველი პოეტი

გალაკტიონ ტაბიძე 1991 წელს სოფელ ჭყვიშში კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. მუშაობდა სკოლის მასწავლებლად. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები ადრეული წლებიდან ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. თავიდანვე მოიპოვა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. მისმა ლექსებმა იმ პერიოდისთვის სრულიად ახლებური სამყარო წარმოაჩინა. პოეტის ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა ენებზე. მან სიცოცხლე 1959 წლის 17 მარტს თვითმკვლელობით დაასრულა.

ტიციან ტაბიძე

  • ტიციან ტაბიძე - ქართველი სიმბოლისტი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი

დაიბადა 1895 წელს სოფელ ჭყვიშში, მღვდლის ოჯახში.

1901 წელს მშობლებმა პატარა ტიციანი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც თავის ბიძაშვილთან, გალაკტიონთან ერთად სწავლობდა. 1906 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში ჩაირიცხა. ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო. მისი ნოველები, მინიატიურები და ლექსები 1911 წლიდან იბეჭდებოდა. 1913 წელს ტიციანმა სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. იმ პერიოდშივე აქტიური მონაწილეობა მიიღო „ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. განსხვავებული ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მოატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს. პოეტი 1920 წელს დაქორწინებული იყო ექიმ ნინა მაყაშვილზე და ჰყავდათ ქალი ნოტა ტაბიძე.

ჯემალ ქარჩხაძე

  • ჯემალ ქარჩხაძე - მწერალი, დრამატურგი და ესეისტი არაერთი ცნობილი მოთხრობისა და რომანის ავტორი.

დაიბადა 1936 წელის 13 მაისს, სოფელი უხუთში. „საცა კი ჩემს ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია, ყველგან ჩემი ბავშვობის გარემოს ასპექტები, რაკურსები და ვარიაციებია, ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს და კალამიც, ასე ვთქვათ, ამ გარემოშია ჩაწებებული“ - წერდა ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი. სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა სამსახურში - კულტურის სამინისტროში, თოჯინების თეატრში, კინოსტუდიაში. მისი პიესა „დევიძეების ოჯახი“ მარჯანიშვილის თეატრში იდგმებოდა. იტაცებდა იოგა. იოგა ჩემი პროფესიისთვის მჭირდებოდა, რათა მომეხდინა საკუთარი ძალების კონცენტრაცია. დიდი ენერგიის პატრონი არასოდეს ვყოფილვარ და რაც ენერგია მაქვს, მსურდა, მიზანმიმართულად გამომეყენებინა“. 1999 წელს რომანისთვის „განზომილება“ საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. გარდაიცვალა 1998 წელს.

კარლო საკანდელიძე
  • კარლო საკანდელიძე - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი

კარლო საკანდელიძე დაიბადა 1928 წელს სოფელ ზედა ბზვანში. დედა 2 წლისას გარდაეცვალა. გაზარდეს დებმა.

სკოლის დამთავრების შემდეგ მსახიობობა რომ გადაწყვიტა, მამისთვის ამის შესახებ უთქვამს, - მამას გაჰკვირვებია, ამას როგორ შეძლებო?! შეძლო. სკოლის და წლების განმავლობაში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში და ქმნიდა საყვარელ გმირთა დიდ გალერეას.

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე აკაკი ხორავამ რუსთაველის თეატრში მიიყვანა. შემდეგ ამ სცენაზე კარლო საკანდელიძემ ერთმანეთისაგან განსხვავებული, სითბოთი და იუმორით გამორჩეული სახეები შექმნა. მისმა გმირებმა მაყურებლის სიმპათია დაიმსახურეს და მსახიობის ცხოვრებაში პოპულარობაც მალე მოვიდა. გამორჩეულია მსახიობის კინოროლები, რომელიც „მაგდანას ლურჯაში“ „მენახშირე ბიჭის“ წარმატებული როლით დაიწყო. სურათმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის კანის ფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ დაიმსახურა. მეორე მნიშვნელოვანი ნამუშევარი „დათა თუთაშხია“ და ნიკანდრო ქილია იყო...

ახალგაზრდები თეატრში სიყვარულით თურმე „პაპა კარლოს“ ეძახდნენ. მისთვის როლის სიდიდეს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი შემოქმედებითი პროცესი და ამიტომაც ამახსოვრდებოდა მისი ყოველი როლი მაყურებელს.

"არასოდეს მდომებია ჰამლეტის ან ოტელოს თამაში, ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი ჩემი პატარა და მხიარული როლებით," - ამბობდა კარლო საკანდელიძე. სცენაზე 61 წელი გაატარა, 50-მდე კინოროლი და 80-მდე სახე შექმნა თეატრში. მსახიობი გარდაიცვალა 2010 წელს 82 წლის ასაკში.