NASA-ს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ფოტოს დანახვისას, შესაძლოა, გამოუცდელ თვალს მარსის პლანეტა ხეებით მოფენილი ეგონოს. თუმცა აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ამ უცნაური ფენომენის ახსნა-განმარტება არ დააყოვნა და ინტერნეტმომხმარებლებს ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილა.
"ეს ხეები მარსზე იზრდება? არა",- უპასუხა ნასამ კითხვაზე, რომელიც მათ მიერ 2008 წელს გადაღებულ და ხელახლა გაზიარებულ ფოტოს ახლდა.
"ის, რაც Mars Reconnaissance Orbiter-მა (MRO არის NASA-ს მრავალფუნქციური ავტომატური პლანეტათშორისი სადგური (AMS), რომელიც მარსის შესასწავლადაა შექმნილი) გადაიღო არის მუქი ყავისფერი ზოლები, რომლებიც მსუბუქად მოყინული ვარდისფერი ქვიშის დიუნებზე მოჩანს",- ახსნა NASA-მ.
Mars Reconnaissance Orbiter-მა, რომელიც ფოტოს გადაღებამდე სულ რაღაც ორი წლით ადრე იმყოფებოდა კოსმოსში, მარსის ქვიშის დიუნების შიდა ნაწილში მუქი ქვიშის გადაღება შეძლო, რაც ხეების ილუზიას ქმნის. ქვიშის ეს ხის მსგავსი მუქი ზოლები მარსის ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარეობს, რომლებიც ზამთარში, როგორც წესი, ნახშირორჟანგის ყინულის ფენით არის დაფარული. მუქი ქვიშა უფრო თვალსაჩინო მარსის გაზაფხულზე გახდა, როდესაც მზემ ქვიშის ზედაპირზე უფრო ღია ფერის ნახშირორჟანგის ყინული გაადნო.
"როდესაც დიუნის გასწვრივ მუქი ქვიშა ჩამოიშლება, ზედაპირზე შესაძლოა მუქი ზოლები დატოვოს - ზოლები, რომლებიც თავიდან შესაძლოა უფრო ღია ფერის რეგიონების წინ მდგარ ხეებად მოგეჩვენოთ, მაგრამ მათ ჩრდილი არ აქვთ",- განმარტა NASA-მ.
წყარო: thesun
მოამზადა: ანა სიბოშვილმა